“ინგლისურის მასწავლებელი” – დოკუმენტური ფილმი საკუთარი თავის შეცნობისთვის


ბათუმის საავტორო კინოს მერვე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე დოკუმენტური ფილმი “ინგლისურის მასწავლებელი” 19 და 21 სექტემბერს ჯერ ღია ცის ქვეშ მოწყობილ კინოთეატრში და შემდეგ კინოთეატრ აპოლოში აჩვენეს. ფილმის გმირი სამხრეთ აფრიკელი ბრედლი ნელსონი, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლად ჩამოვიდა. მას ცვლილებების შეტანა სურდა სამეგრელოს სოფელ საჯიჯაოს სკოლის ცხოვრებაში. ფილმში, რომელიც ბრედლის “დღიურებს” წარმოადგენს,  საჯიჯაოს სკოლაში მის მიერ განცდილზე მოგვითხრობს. “ნეტგაზეთი” ფილმის თანარეჟისორ ნინო ორჯონიკიძეს ესაუბრა. 
ფილმის გმირს, ინგლისურის მასწავლებელ ბრედლის როგორ მიაგენით?
რესპოდენტს ვარჩევდით დაახლოებით 6 თვე. ვიღებდით სხვა გმირებსაც. დავყვებოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საბოლოო ჯამში, გადაღებული გვყავს 4 რესპონდენტი. ყველაზე მეტად ის სოფელი მოგვეწონა და ის გმირები, რომლებიც საჯიჯაოში დაგვხვდა. ამიტომ ფილმის სახე მიიღო მარტო ბრედლის ფილმმა, თუმცა სხვა გმირებით გადაღებულმა მასალამ მიიღო ვებ-ეპიზოდების სახე, რომელიც გაერთიანებულია ვებ-პორტალში “ინგლისურის მასწავლებელი.” რამდენიმე კვირაში ითარგმნება და გავხსნით.
სხვა გმირებიც ბრედლის მსგავსად იყვნენ გულგატეხილი იმით, რომ ვერაფერი შეცვალეს?
მეტნაკლებად. განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონდა. მგონი, ბრედლის მიზეზით არა. იმ სოფლებში განსაკუთრებული ცვლილებებისთვის მზაობა არ არის, რადგან მათ გაცილებით უფრო დიდი გამოწვევები აქვთ. დიდი პრობლემების წინაშე დგანან, ვიდრე ინგლისურის სწავლაა.
რას გულისმხობთ?
ბრედლის შემთხვევაში და არა მხოლოდ ბრედლის შემთხვევაში, მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებს, სადაც ასწავლიდა ბრედლი, არათუ სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ, ბავშვებს რომ ეყიდათ, არამედ ხშირად არ ჰქონდათ კალამი და რვეული. ისინი [ინგლისურის მასწავლებლები] თვითონ ფიქრობდნენ, რომ იქნებ პრიორიტეტები არის არასწორად. ფინანსებით, რომლითაც ინგლისურენოვანი მასწავლებლები ჩამოდიან სკოლებში, იქნებ პრიორიტეტულია, რომ ჯერ წიგნი ჰქონოდა მოსწავლეს, ან საპირფარეშო არსებობდეს სკოლაში ისეთი, რომელშიც შეიძლებოდეს შესვლა. ხშირად ყოფითი მომენტები იყო მათი გულის გატეხის მიზეზი, თორემ, არა მგონია, რომ თვითონ ჰქონოდათ ილუზია, რომ დიდ გადატრიალებას მოახდენდნენ.
რატომ შეარჩიეთ სკოლაზე არჩევანი?
იმ პერიოდში პროპაგანდისტული მანქანა ძალიან სერიოზულად მუშაობდა და სახელმწიფოს მხრიდან ძალინ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ამ პროგრამას. ძალიან გვაინტერესებდა, რა იყო ამის უკან. გარდა ამისა, გვაინტერესებდა ჩვენივე სოციუმზე დაკვირვება. რა რის ეს „სტუმარმასპინძლობის ტრადიცია,“ როგორ ვიღებთ უცხოს. ერთი მხრივ, ძალიან სტუმართმოყვარე ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ჩაკეტილები სიახლის მისაღებად.
ეს ფილმი ტელევიზიის მიერ იყო დაკვეთილი. დავიწყეთ კიდეც ფილმი, როგორც ლოკალური აუდიტორიისთვის. თავის დროზე დაგვიკვეთა PIK-მა, სანამ ჰყავდა ბრიტანელი პროდუსერები, მაგრამ ფილმის გადაღების დამთავრებამდე შეიცავალნენ ისინი. ქართველებმა აღარ მოინდომეს ეს ფილმი და მერე დამოუკიდებლად ქართული კინოცენტრის დახმარებით გავაგრძელეთ გადაღება.

ბრედლი ერთგან ამბობს, რომ მასწავლებლები და სკოლის პერსონალი სერიოზულად არ აღიქვამდნენ?
მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამდნენ. იმიტომ, რომ ადგილობრივი მასწავლებლების პრობლემა სხვა იყო. როცა 23 წლის ბიჭი ჩამოდის სკოლაში, სადაც ასწავლიან მასწავლებელები, რომლებსაც 20-30- წლიანი გამოცდილება, თავისი სწავლების მეთოდიკა და დაბალი ხელფასები აქვთ, რომელიც ჭკუას ასწავლის, მაინცდამაინც მისაღები არც ერთ სიტუაციაში არ არის. რაღაც თვალსაზრისით საშიშ მდგომარეობაში აყენებდა ადგილობრივ ინგლისურის მასწავლებელს, რომელიც წლების მანძილზე ერთადერთი ინგლისურენოვანი მასწავლებელი იყო.
რამდენი ხანი გრძელდებოდა გადაღებები და როგორ მიგიღეს საჯიჯაოელებმა. თქვენც გრძნობდით გაუცხოებას?
გადაღებები გრძელდებოდა 6 თვის მანძილზე. პერიოდულად ჩავდიოდით. თავიდან ჩვენც უცხო ვიყავით, რა თქმა უნდა. შეიძლება არ იცოდეთ, რას ნიშნავდა 2011 წელს სკოლაში შეღწევა, იმდენად დახურული იყო სკოლა. მანამდე 6 თვე მოვანდომეთ, რომ სკოლაში შეღწევის უფლება მიგვეღო.
პრინციპში კეთილგანწყობილი იყვნენ ჩვენ მიმართ და აგვიტანეს 6 თვის მანძილზე, თუმცა ყოველ ჩასვლაზე უკვირდათ: „სერიალს იღებთო?“- გვეკითხებოდნენ. შეჩვეული არიან, რომ კამერა ორი წუთით გადაიღებს და გაიქცევიან. მთლად ასეთ პერმანენტულ დაკვირვებას შეჩვეული არ იყვნენ. გადაღება 2011 წელს მიმდინარეობდა.
მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ,შევსულიყავით სკოლაში და გვენახა ეს განუწყვეტელი საგანმანათლებლო ექსპერიმენტები. ცენტრის მასშტაბური ამბიციური გეგმები როგორ აირეკლება ლოკალურად.
ბრედლი ან ნებისმიერი ინგლისურის მასწავლებელი საშუალება იყო გარკვეულად ჩვენსავე თავზე დაკვირვების, იმიტომ, რომ ეს ჩვენ ვართ. კონკრეტულ მომენტში ელშუქი (საჯიჯაოს სკოლის დირექტორი), ან ციალა (საჯიჯაოს ინგლისურის მასწავლებელი), ეს უფრო კრებითი სახეა ქართული სკოლის დირექტორის ან მასწავლებლის. ეს ერთი კონკრეტული სკოლა არ არის.
როგორ შეაფასებთ თქვენი ფილმის შანსებს საავტორო კინოს ბათუმის მერვე საერთაშორისო ფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსში?
გამარჯვების იმედი არ გვაქვს. ფილმები, რომელიც მონაწილეობს ამ კონკურსში, ოსკარზე წარდგენილი და ათობით ფესტივალზე გამარჯვებული ფილმებია. მართლა უნიკალური ფილმები მონაწილეობს ფესტივალში. ასეთ ფილმებთან მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მაინც მგონია, რომ ჩვენი ფილმის აუდიტორია ქართული აუდიტორიაა და არა – საერთაშორისო, ხოლო ჟიური საერთაშორისოა. უკუკავშირის მიხედვით ქართველები უფრო რეაგირებენ ამ ფილმზე, უფრო ტკივათ, უფრო გებულობენ, ვიდრე საერთაშორისო აუდიტორია. 


ნინო ორჯონიკიძე


ნინო ორჯონიკიძე