დეკანოზ ილია ლომაიას მიმართვა ხობის მონასტრის სიწმინდეებთან დაკავშირებით

ძვირფასო საზოგადოებავ,
სულიერო ძმებო და დებო!

წლებია ამ პროცესებს ვაკვირდები, მაგრამ პირველად ვწერ კომენტარს. არ მეგულება მსოფლიოში მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელსაც არ უნდოდეს, რომ ეს სიწმინდეები მასთან იყოს. ამ მხრივ მესმის ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირების და მრევლის; მაგრამ სიწმინდისადმი სიყვარულის გამოხატვის ის ფორმები, რასაც ვხედავ ვერ გამიგია. საინტერესოა, მხოლოდ ხობის მონასტრიდან გატანილი სიწმინდეების მიმართ აქვთ ასეთი დაინტერესება, რომ ზუგდიდში უნდა იყოს, თუ ყველა იმ სიწმინდის მიმართ რაც კომუნისტების დროს ეკლესი-მონასტრებიდან იქნა გატანილი და ზუგდიდის მუზეუმში განთავსებული? ორი მიზეზი რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენ, თუ რატომაც უნდა დარჩეს სიწმინდეები ზუგდიდში, არის დიდი სურვილი სიწმინდეების ფლობისა და რომ მუზეუმი ტერიტორიულად ზუგდიდში მდებარეობს.

ვფიქრობ, ამ პროცეში ისტორიკოსებმა, სამართალმცოდნეებმა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებმა უნდა თქვან თავისი სიტყვა.
ხშირად ამბობენ, რომ „ასეთია ღთისმშობლის ნება“.
ხვალ ეკლესია ტოტალიტარული რეჟიმის დროს აღსრულებულთ მოიხსენიებს. ძნელად დასაჯერებელია, რომ მათი ტაჯვა-წამება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა-აოხრება და მართლმადიდებელთა ამოჟლეტა ღვთისმშობლის ნება იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესიის გაძარცული განძი და სიწმინდეები ზუგდიდის მუზეუმში აღმოჩენილიყო და დღეს ის დავის საგანი გამხდარიყო.
2006 წელს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარმა კულტურის სამინისტროსთან მიაღწია შეთანხმებას, რომ მუზეუმში დაცული ხობის მონასტრიდან წაღებული წმინდა ნაწილები ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკუთრებაში გადასულიყო, მაგრამ როცა სამინისტროსთვის გახდა ცნობილი, რომ ეს ხობის მონასტრის სიწმინდეები იყო მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.
ეს არ არის ღვთისმშობლის ნება?
რამდენჯერაც დადგებოდა საკითხი, სიწმინდეები მუზეუმიდან ხობის მონასტერში ერთი დღით გადაებრძანებინათ, მეზობელი ეპარქიის სასულიერო დასის ცალკეული წარმომადგენლები კატეგორიულად უპირისპირდებოდნენ ამ აზრს. გვახსენდება თუნდაც გასული წლის ამბები, როცა სასულიერო პირებმა საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდეს ხალს და პატრიარქს კურთხევა შეაცვლევინეს. პირიქით კი ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, ფოთისა და ხობის ეპარქიაში ვინმეს გამოეთქვას საწინააღმდეგო აზრი და დაპირისპირებოდა მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის თუ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სიწმინდეების გადაბრძანებას. საუბარი ხომ სიწმინდეების ერთი დღით ხობის მონასტერში გადაბრძანებას ეხება, მონასტრის რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ზრუნავდა მასზე და საიდანაც კომუნისტებმა 1923 წელს გადაიტანეს მუზეუმში.
გასული წლის სექტემბერში საპატრიარქოში მოხდა შეხვედრა სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა შორის, სადაც შეთანხმდნენ, რომ კულტურის სამინისტრო სიწმინდეებს მხოლოდ საპატრიარქოს თანხმობის შემთხვევაში გადასცემდა დაინტერესებულ მხარეს.
მიმდინარე წელს სიწმინდეების ერთ დღით გადმობრძანების თხოვნით ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიამ მიმართა სამინისტროს, სამინისტრომ საპატრიარქოს, საიდანაც დადებით პასუხი ოთხ დღეში მოვიდა (ისე, რომ კომისიის შექმნა არავის გახსენებია). ამ ყველაფერს ერთ კვირა დასჭირდა.
როგორც კი ეს საკითხი ფოთისა და ხობის ეპარქიამ დააყენა, კვლავ განმეორდა იგივე პროცედურა, რაც ზუგდიდის შემთხვევაში, მხოლოდ ამჯერად კულტურის სამინისტროს წერილზე პასუხის გასაცემად საპატრიარქოს ორ კვირაზე მეტი დასჭირდა და (ვგულისხმობ გუშინდელ განცხადებას), სადაც კულტურის სამინისტროსთან წინა წელს მიღწეულ შეთანხმებაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად გავიგეთ, რომ ხობის მონასტერში სიწმინდეების გადაბრძანების საკითხის გადასაწყვეტად კომისიაა შესაქმნელი საპატრიარქოს, სახელმწიფოს სხვადასხვა სამინისტროების და ინტელიგენციის წარმომადგენელთა შემადგენლობით; და რომ მიკერძოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ვის მიმართ მიკერძოება იგულისხმება, ვერ გავიგე. ნუთუ ერთი დღით სიწმინდეების გადმობრძანებას ამხელა კომისიის შექმნა სჭირდება? უფრო მარტივად არ შეიძლება ამის გადაწყვეტა? როგორც ეს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის შემთხვევაში მოხდა.
საუბარია მხოლოდ ერთ დღეზე. კონკორდატითაც ხომ ეს სიწმინდეები მხოლოდ ეკლესიის საკუთრებად აქვს აღიარებული სახელმწიფოს სხვა საეკლესიო საგანძურისგან განსხვავებით. მუზეუმებში და საცავებში ხობის მონასტრის გარდა მრავალი ეკლესია-მონასტრის საგანძურია გადატანილი კომუნისტების დროს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში კომისია უნდა შეიქმნას? თუ ხობის მონასტერს არ აქვს უფლება ითხოვოს და მიეცეს კურთხევა სიწმინდეების გადმობრძანებაზე, მაშინ ითქვას ეს ღიად და გარკვევით; და თუ აქვს - ამ შემთხვევაშიც პირდაპირი და ღია პასუხია საჭირო. რატომ ხდება ხალხის გაურკვევლობაში დატოვება?
არ ვიცი, საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, კულტურის სამინისტრო რა პასუხს მისწერს ფოთისა და ხობის ეპარქიას, მაგრამ მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დღემდე მათი პასუხი ყოველთვის გარკვეული და ნათელი იყო. მათ არ გაურჩევიათ ეპარქიები ერთმანეთისგან და ორივე შემთხვევაში მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის.
სამწუხარო ფაქტია, რომ სიწმინდებთად დაკავშირებით ადამიანებს უჭირთ თავიანთი ემოციების მოთოკვა და ხშირად ინტერნეტ სივრცეში პირად შეურაცხყოფებს და დამცირებასაც არ ერიდებიან და ასე ცდილობენ სიწმინდეების პატივისცემა გამოხატონ.
ვფიქრობ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა ნათლად და მკაფიოდ განცხადება და დოკუმენტურად უზრუნველყოფა გადაწყვეტილებისა, სადაც ნათქვამი იქნება, რომ მუზეუმიდან სიწმინდეების გამოსვენება მოხდება წელიწადში მხოლოდ ორჯერ: 15 ივლისს ზუგდიდში და 28 აგვისტოს ხობის მონასტერში; და ბარ იქნება საჭირო წლიდან წლამდე წერილების წერა და ამგვარ გაუგებრობაში ყოფნა. უკანასკნეი 20 წლის განმავლობაში კვართის ზუგდიდის ტაძარში გადაბრძანების ტრადიციას თუ პატივს მიაგებენ, 470 წლოვანი ტრადიციაა, რომლის განმავლობაშიც სიწმიდეები ხობის მონასტერში მსვენარებდა არ იმსახურებს პატივისცემას? ...და კიდევ ერთი რამ: ალბათ იცით, რომ წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე) ეპისკოპოსმა ხობის მონასტერში ყოფნისას კვართის და წმინდა ნაწილების წინაშე დაადგინა ჩაუქრობელი კანდელი. მოდით, ის რაც კომუნისტებმა ჩააქრეს ჩვენ ისევ ავანთოთ.

პატივისცემით,
დეკანოზი ილია ლომაია (ხობის მონასტერი)
26 აგვისტო, 2016 წელი.