„ქართულმა ოცნებამ“ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატათ გოდერძი ბუკია დაასახელა

23 ივლისს  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. დეპუტატობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

ხობის მაჟორიტარობის კანდიდატათ მრავალი გზის დეპუტატი გოდერძი ბუკია დასახელდა.

კანდიდატების წარდგენა ქალაქ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს, გაუმკლავდეს სირთულეებს, გააუმჯობესოს ცხოვრების დონე, რომ ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ ყველა სიკეთე.
"ჩვენ ყველა წამოწყებას და პროგრამას გავაგრძელებთ და დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ზუგდიდში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი - მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.
ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ედიშერ თოლორაიას. იგი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია, ახალგაზრდა და ენერგიული კაცია. დარწმუნებული ვარ, ასევე ენერგიულად გააგრძელებს ზუგდიდელების ინტერესის დაცვას პარლამენტში.
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს გოგა გულორდავას. გოგა გახლავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით ისიც იურისტია. მჯერა, რომ გოგა ძალ-ღონეს არ დაიშურებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტამდე მიიტანოს წალენჯიხელების და ჩხოროწყუელების სათქმელი, პრობლემები და აუცილებლად გადაწყვეტს ყველა ამ პრობლემას.
ხობს მაჟორიტარობის კანდიდატად ეყოლება გოდერძი ბუკია. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, იგი გახლავთ გამოცდილი პარლამენტარი და რა თქმა უნდა, ბატონი გოდერძი არის თავისი კუთხის ნამდვილი პატრიოტი და დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ხობელებს.
სენაკის მაჟორიტარად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს ირაკლი ბერაიას. ირაკლი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი, განათლება მიღებული აქვს ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის წოდებით. იგი მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების დეპარტამენტის დირექტორად. ირაკლი დღეს უძღვება გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფს ცენტრალური ხელისუფლებიდან, იგი ამ კუთხითაც ცნობილია. ის საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი ადამიანია.
მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ოთარ დანელია. ოთარსაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. იგი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, განახორციელა არაერთი წარმატებული რეფორმა. ოთარი წარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს როგორც მარტვილელების, ისე აბაშელების ინტერესების დასაცავად. ძნელია, შეელიო ასეთ მინისტრს.
ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ირაკლი ხახუბია. ბატონი ირაკლი ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. ის არის წარმატებული ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.
გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" კანდიდატებს გამარჯვება უსურვა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულად მიიტანენ ჩვენი პარტიის, ,,ქართული ოცნების“ სათქმელს თითოეულ ამომრჩევლამდე, ისინი იქნებიან შეუპოვარნი, საარჩევნო ბრძოლაში და აუცილებლად გაიმარჯვებენ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ამით ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.