ხობში ორი დიდი ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს

ქ. ხობში ორი დიდი ქარხნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სიმინდის ზეთის და სიმინდის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნები ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს. დაგეგმილია ადგილობრივი მუშახელის სათანადო გადამზადება. მსგავსი ქარხნები პირველია საქართველოში და ევროპის ბევრ ქვეყანაშიც ანალოგი არ აქვს. თანამედროვე მსოფლიოში სიმინდის გადამუშავება ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა, რადგან მისი გადამუშავებით იქმნება პროდუქციის დიდი სპექტრი: უმაღლესი ხარისხის ზეთი, კომბინირებული საკვები, სახამებელი, გლუკოზა, სხვადასხვა საკვები ინგრედიენტები, ბიოეფექტური საწვავი და სხვა. ზემოთხსენებული დარგისგან მიიღება მაქსიმალური სარგებელი, რაც თავისთავად ზრდის წარმოების ეფექტურობას, დასაქმებას და პროდუქციის ასორტიმენტს. სიმინდის მარცვლისგან მიღებული პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხობრივი მაჩვენებლებით. დასავლეთ საქართველოში ამ ქარხნების არსებობა გლეხებისა და ფერმერებისათვის იქნება ერთგვარი სტიმული მუშაობისთვის. მათ თამამად შეეძლებათ მოახდინონ მოსავლის რეალიზაცია. პროექტის ავტორია „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“. ხობში მას განახორციელებს კომპანიები „კოლხა“ და „კოლხური“. კომპანია „ქარვა“ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც წარმოების სრული ციკლი და საკუთარი სადისტრიბუციო სამსახური აქვს. მზესუმზირის ზეთი სავაჭრო ნიშნით „ქარვა“ 2005 წლიდან არსებობს და დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ნდობას. ხობში წარმოებული სიმინდის ზეთი და სხვა პროდუქციაც ბაზარზე „ქარვას“ სახელით გავა.