ხობის საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა კვართთან დაკავშირებით


დანო და ძმანო! გილოცავთ ღვთისმშობლობას, შეგეწიოთ ხობის მონასტრის სიწმინდეები!
ახლა, როცა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა და12:00 საათზე ერთობლივად ვილოცეთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ჩვენ, ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, თავს მოვალედ ვთვლით, საზოგადოებას გავაცნოთ პატრიარქთან და მეუფე გერასიმესთან შეხვედრების და მათთან დაკავშირებული დეტალები. 
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ხობის საზოგადოების წარმომადგენლებმა წერილობით მივმართეთ კულტურის სამინისტროს მოეცა თანხმობა მასზედ, რომ 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ერთი დღით მომხდარიყო ზუგდიდის მუზეუმში დაცული ხობის მონასტრის სიწმინდეების გადაბრძანება ხობის მონასტერში. 31 აგვისტოს კულტურის სამინისტრომ გასცა ოფიციალური თანხმობა. 7 სექტემბერს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში გაიმართა მაღალყოვლადუსამღვდელოესი გერასიმეს შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც ეპარქიის სამღვდელოებისა და საზოგადოების მხრიდან გამოითქვა აზრი ხობის მონასტერში სიწმინდეთა თუნდაც ერთი დღით გადაბრძანების დაუშვებლობის შესახებ. თუმცა მათი წინააღმდეგობის არანაირი სამართლებრივი (სახელმწიფოებრივი ან კანონიკური) საფუძველი არ არსებობს. ერთადერთ არგუმენტად ამ შემთხვევაში გააჩნიათ ის, რომ სიწმინდეები საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ინახება მუზეუმში, რომელიც ტერიტორიულად ზუგდიდშია.
ზემოხსენებული შეხვედრის დასასრულს მეუფე გერასიმემ შეკრებილთ განუცხადა, რომ იგი გაემგზავრებოდა ბობოყვათის რეზიდენციაში პატრიარქთან შესახვედრად და გააცნობდა ზუგდიდის საზოგადოებასთან შეხვედრის შინაარსს. 
იმავე საღამოს და მეორე დილითაც სამადლობელი პარაკლისის დასასრულს, ქადაგებისას მეუფე გერასიმემ მრევლს აუწყა პატრიარქის სიტყვები: ,,...გადაეცით მრევლს, გადაეცით თქვენს სამწყსოს, რომ ეს სიწმინდე დარჩება ზუგდიდში...“ და მიტროპოლიტმა ამ სიტყვების ისეთი ინტერპრეტაცია მოახდინა, თითქოს უწმინდესი ხობის მონასტერში ერთი დღით სიწმინდეთა გადაბრძანების წინააღმდეგი ბრძანდებოდა. 
იმისათვის, რომ უწმინდესის აზრი პირადად მისგან მოგვესმინა, 8 სექტემბერს ხობიდან გაემგზავრა დელეგაცია ბობოყვათის რეზიდენციაში, მაგრამ იმავე საღამოს შეხვედრა ვერ შედგა და რადგან მეორე დღეს მისი უწმინდესობა თბილისში მიემგზავრებოდა, გადავწყვიტეთ ვწვეოდით თბილისში. 
14 სექტემბერს ხობის დელეგაცია გაემგზავრა უწმინდესთან შესახვედრად. შეხვედრა შედგა სტეფანწმინდაში, სოფ. სნოში პატრიარქის რეზიდენციაში. პატრიარქს წერილობით გადავეცით ხობის საზოგადოების თხოვნა, რომ შექმნილ ვითარებაში მისი მეშვეობით მომხდარიყო ერთი დღით ხობის მონასტერში სიწმინდეების გადმობრძანება. ასევე მოვახსენეთ, რომ ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები ხელოვნურად ამძაფრებდნენ მდგომარეობას, რაც აბრკოლებდა სიწმინდეების გადმობრძანებას, საუბრისას გავაცანით ხობის საზოგადოების განწყობაც: ,,...დღემდე ვერ გაგვირკვევია, რატომ ხდება, რომ ზუგდიდის საზოგადოების სურვილი სიწმინდეების გადაბრძანებაზე ყოველთვის პოულობს მხარდაჭერას, ხოლო ხობის მორწმუნე საზოგადოების სურვილი და სამართლიანი მოთხოვნა, თუნდაც ერთი დღით სიწმინდეების გადმობრძანებაზე ყოველთვის უგულვებელყოფილია. 
ისმის კითხვა-რატომ? ჩვენ არ ვართ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სულიერი შვილები? არ გვაქვს უფლება ხობის მონასტრის ბერების სიცოცხლის ფასად და დიდი სასოებით დღემდე შენარჩუნებული სიწმინდეები, თუნდაც ერთი დღით, იყოს დედა ტაძარში დაბრძანებული? “
პატრიარქმა ბრძანა: ,, ...მე არასდროს არ ვყოფილვარ სიწმინდეების ერთი დღით ხობის მონასტერში გადაბრძანების წინააღმდეგი, ... ოცდაერთში შეგიძლიათ მხოლოდ კვართის გადაბრძანება სხვა სიწმინდეების გარეშე (ეს სიტყვები უწმინდესმა იმავე მიღებაზე მეორეჯერაც გაიმეორა)“. მას შემდეგ, რაც უწმინდესმა ჩვენგან მოისმინა, რომ წმინდა მღვდელმთავარმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) 1898 წელს ხობის მონასტერში ყოფნისას კვართის წინაშე დააწესა ჩაუქრობელი ლამპარი, ბრძანა: ,, ჰოდა, ნუ ჩააქრობთ მას!“. ამ კურთხევით დავემშვიდობეთ პატრიარქს.
ჩვენთვის ეს იყო პატრიარქის კურთხევა, დალოცვა, ან სხვა რა ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს ამას?!
16 სექტემბერს, სნოდან დაბრუნების შემდეგ, დელეგაციის წევრები ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძართან მდებარე რეზიდენციაში შევხვდით მეუფე გერასიმეს. გავაცანით პატრიარქთან შეხვედრის შედეგები და შევთავაზეთ, რომ კვართის გადაბრძანება ერთობლივად მოგვეხდინა იმ პატივით, რაც ამ სიწმინდეს შეეფერება და ეს დღე გამხდარიყო ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის დღე. მეუფემ ბრძანა, რომ პატრიარქის კურთხევის შესახებ მისთვის არავის უცნობებია; რომ მეორე დღეს გაემგზავრებოდა თბილისში და პირადად შეხვდებოდა უწმინდესს. ასე დავემშვიდობეთ მეუფეს. 
დელეგაციის წევრებმა გადავწყვიტეთ დავლოდებოდით უწმინდესთან მეუფე გერასიმეს ვიზიტის შედეგს და ამის შემდეგ შევხვედროდით ზუგდიდის საზოგადოებას, ვის მიმართაც გამოითქმოდა აზრი, რომ თითქოს მათგან მოდიოდა განსაკუთრებული წინააღმდეგობა.
მეორე დღეს, როგორც გაირკვა, მეუფე გერასიმე გაემგზავრა უწმინდესთან შესახვედრად, ხოლო ქალაქ ზუგდიდში დღის განმავლობაში ვრცელდებოდა მოწოდებები ხალხის მშენებარე ტაძრის ეზოში შეკრებისაკენ, რომელიც შექმნიდა შესაფერის ფონს პატრიარქთან შეხვედრის წინ. 
ეს შეკრება საღამოს შედგა, სადაც, როგორც სასულიერო, ისე საერო პირები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ კვართის და სიწმინდეების ხობის მონასტერში გადაბრძანებას, რამაც ცხადი გახადა, რომ ეს არ იყო სტიქიური პროცესი. 
კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა 18 სექტემბერს, საღამოს, საპატრიარქოს სახელით გაკეთებულმა განცხადებამ. ხობის მოსახლეობაში, სამწუხაროდ, გაჩნდა აზრი, რომ ამ შემთხვევაში საპატრიარქო არის ტენდენციური და სიცრუე, შფოთი და ე.წ. არეულობა უფრო დაფასებული აღმოჩნდა, ვიდრე ხობელთა სიმართლე.
ნუთუ სიცრუე, შფოთი და არეულობა წარმოადგენს ერთადერთ კანონიკურ გზას, რომელიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე?
ამ განცხადებამ საქართველოს მოსახლეობას, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ხობელებმა პატრიარქი მოატყუეს და შეიყვანეს შეცდომაში.
ხსენებულ განცხადებაში გამოთქმული აზრის საპირისპიროდ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებოდით გარანტი სასულიეროთაგან შეცდომაში შეყვანილი ადამიანებისაგან მომდინარე სავარაუდო შფოთისა და დაპირისპირების თავიდან აცილებისა. უპირველესად ამ ვარაუდითაც იყო ნაკარნახევი ხობის დელეგაციის ვიზიტი პატრიარქთან, რამეთუ გულწრფელად გვეგონა, რომ პატრიარქის კურთხევას მაინც მიაგებდნენ პატივს ჩვენი ოპონენტები, თუმცა ფაქტი სულ სხვაა: ან თვით მღვდელმთავარია ამ გამწვავების მოთავე, ან მას არ ემორჩილება სამღვდელოება და მისი მრევლი. ერთიც და მეორეც ერთმანეთზე უარესი რამ არის, რაც ადრე თუ გვიან სავალალო შედეგით შეიძლება დასრულდეს. სამწუხარო ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ძმათა შორის სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას უნდა ნერგავდნენ, უფლის სახელით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელით შფოთსა და აგრესიას აღვივებენ ჩვენს ძმებში, რომლებთანაც საჩხუბარ-საომარი არაფერი გვაქვს. 
ჩვენთვის დღემდე უცნობია ასევე 14 სექტემბერს საპატრიარქოს სახელით გაკეთებული განცხადების არსებობისა და მისი შინაარსის შესახებ. გადამოწმებასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი რამდენიმე დღეა გათიშულია. 
მიუხედავად წარმოქმნილი გაუგებრობებისა, ხობელები ვიყავით და ვართ პატრიარქის და მღვდელმთავრის კურთხევის მორჩილნი.
გამოვთქვამთ რწმენას, რომ აუცილებლად დადგება ის დღე, როცა სამართლიანობა იზეიმებს. 
შეგეწიოთ ხობის მონასტრის სიწმინდეთა მადლი. 
21.09.2015

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!