მარიამობის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტში

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა-ლოცვა ტაძრის მოძღვარმა ილიამ (ლომაიამ) აღავლინა. წირვის დასასრულს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში საზეიმო წირვას მრევლთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მარიამს ეუწყა თავისი გარდაცვალების შესახებ. მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ - სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამ სოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა და მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს და წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს. ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი - თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“.
ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“. ღვთისშმობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე, როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისთვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 28 აგვისტოა დადგენილი. ის 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ხდება ღვთისმშობელთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან. გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს, შეეწიოს დღევანდელი დღის მადლი ხობს და სრულიად საქართველოს.