გოგიტა ჩიტაია ღვთისმშობლის კვართის ხობიდან წამოღების შესახებ

ღვთისმშობლის კვართის წამოღებას ხობის მონასტრიდან აბრალებენ აკაკი ჭანტურიას, არადა სულგანათებული აკაკი არაფერ შუაშია, სინამდვილეში კი ასე იყო: ,, ამ მხრივ არც ზუგდიდის მაზრა ჩამორჩენია საქართველოს სხვა მოწინავე კუთხეებს. ორი თვის განმავლობაში თვით გლეხკაცობამ მღვდლები განდევნა და დაკეტა 105 ეკლესია, ზოგი მათგანი სკოლებად გადააკეთა, საისტორიო განძეულობა ადგილობრივ მუზეუმს გადასცა. ჩვენს მაზრაში ხალხის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ყულის წმინდა გიორგის ეკლესია და ხობის მონასტერი. პირველში იყო ,,სასწაულთმოქმედი’’ წმინდა გიორგის ხატი და მეორეში წმ. მარინეს და კვირიკეს ხელები. აუარებელი ხალხის თანდასწრებით ორივე იქნა ამხ. გ. როგავას მიერ გახსნილი. ყულის ეკლესიის წმ. გიორგის ხატი აღმოჩნდა უბრალო ჯვარი დაკრილული ხისგან გაკეთებული, ვერცხლით მოჭედილი და ხავერდით შემოსილი, ხობის მონასტერში აღმოჩნდა ,,წმინდა ნაშთების’’ მაგიერ ვერცხლის ყუთში და პატარა ხის კუბოში ჩალაგებული გამხმარი კაცის მკლავი და ჩვილ ბალღის ხელის მსგავსი რაღაც; ფისა, ღრუბელი, ძვლები და ქვები, მეტი არაფერი. ამ მიტინგს ოთხი ათასამდე ქალი და კაცი დაესწრო. სარწმუნოების შესახებ ვრცელი სიტყვა წარმოსთქვეს მაზრკომის სახელით ამხ. გ. როგავამ და კომკავშირის სახელით ამხ. ა. კობახიძემ. ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა მიუხედავად ბერ-მონაზვნების მაგიერ გავრცელებულ ათასნაირი პროვოკაციისა, ხალხი დარწმუნდა მათ გაიძვერობაში, ერთხმად გაიძახოდა ძირს-ეკლესია-მონასტერი, ძირს მატყუარა სამღვდელოებაო. თითქმის ერთხმად გამოთქვა კრებამ სურვილი მონასტრის გაუმების და ბერების გაძევების შესახებ. მეორე დღეს ამხ. როგავამ ჩამოიტანა ქ. ზუგდიდში ხობის მონასტრის ,,სიწმინდენი’’, პარასკეობაზე ჩამოსულ გლეხ-კაცობას უჩვენა და სიტყვა წარმოსთქვა რელიგიის შესახებ.

ამნაირად ჩვენი მაზრის გლეხობამ დაგმო სარწმუნოება, რომელიც მთელი საუკუნოების განმავლობაში გონებას უჩლუნგებდა, ხელფეხს უბორკავდა მას და სამუდამოთ ზურგი შეაქცია ეკლესია-მონასტრებს. ის მიისწრაფვის სინათლისაკენ, ცოდნისაკენ.''
გრიშა მეგრელი'' გაზეთი ,,კომუნისტი'' 1923 წელი, 12 მაისი, N 106