მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი წიგნი

ბეჟან ნადარაია 

ვინც გოგიტა ჩიტაიას იცნობს, ნამდვილად არ გაუკვირდება, მისი ახალი წიგნის ხილვა.
მე მას მეგობართა წრეში ხობელი „შლიმანი“ შევარქვი. საინტერესო ამბების „მჩხრეკელი“, მეცნიერ-მკვლევარი, ისტორიკოსი, არქეოლოგი და, რაც მთავარია, თავისი საქმის ერთგული და პროფესიონალი. ჩუმი და წყნარი, უპრეტენზიო, სიტყვაძუნწი, მაგრამ ზოგჯერ (ხასიათზე დამოკიდებული) ენაწყლიანი.
სულ ახლახან გამომცემლობა „მერიდიანმა“ დასტამბა გოგიტა ჩიტაიას და ანზორ სიჭინავას საინტერესო წიგნი „ხობის წარსულის ფურცლები“ (პერიოდული გამოცემების მასალები ხობის მუნიციპალიტეტის წარსულზე). წიგნის რედაქტორია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ედიშერ გვენატაძე.
კრებულში თავმოყრილია 1853 წლიდან 1933 წლამდე პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალები თანამედროვე ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე. ავტორებს უამრავი მასალა ამოუკრიფავთ იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთებიდან და კრებულებიდან.
მე არ შეუდგები წიგნის დეტალურ განხილვას. მასზე ალბათ კომპეტენტური სპეციალისტები იტყვიან სათქმელს, რაც მთავარია წიგნი საინტერესოდ იკითხება. განსაკუთრებით უნდა წაიკითხოს თითოეულმა ხობელმა, ვისაც აინტერესებს თავისი რაიონის ისტორიული წარსული, გვარი, წინაპარი. 
ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წიგნში მოთავსებული ფოტო-მასალები მართლაც უნიკალურია. ზოგიერთ მათგანს პირველად იხილავს მკითხელი. თავში აღვნიშნე, რომ წიგნის დეტალური განხილვა ჩემს კომპეტენციას აღემატება, მაგრამ მე როგორც ხობელი, მეტად ნასიამოვნები დავრჩი და ბევრი რამ გავიგე ჩემი რაიონის წარსულზე, ჩვენს სახელოვან წინაპრებზე.
და ბოლოს მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა ვუთხრა ბატონ გოგიტას და ვუსურვო მრავალი საინტერესო წიგნით და ისტორიული აღმოჩენებით გაეხარებინოს მკითხველი და ხობელები.
ბეჟან ნადარაია,
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.

ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია  
უღრმესი მადლობა ბატონო ბეჟან თბილი სიტყვებისათვის, ამ მასალების შეკრება 1998 წლის ზაფხულში დავიწყე, როცა რამოდენიმე სტატია წავიკითხე მივხვდი, რომ ჩვენი წინაპრები ჩვენგან მნიშვნელოვნად განსხვავებული წესებით ცხოვრობდნენ, საფუძველი ამ წესებისა იყო მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობა კი ჩვენი ხალხისათვის სასიცოცხლო გარემო იყო, სამწუხაროდ ამ გარემოს მოვწყდით 1921 წელს; საოცარია, მაგრამ ფაქტია ჩვენ არც 150 წლის, არც 100 და არც 80 წლის წინანდელი ამბები არ ვიცოდით. ჩვენთვის უცნობი იყო, რომ 1921 წლის თებერვალში კოჯორთან, წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპულა ჩვენი თანამემამულე ოფიცერი ივანე (ლოლი) ლავრენტის ძე იოსავა, რომელიც დაუსაფლავებიათ თბილისში სამხედრო ტაძრის ეზოში, რომელიც შემდგომ ბოლშევიკებმა დაანგრიეს და იქ დგას ე.წ. პარლამენტის შენობა, ვფიქრობ და საჭიროა, რომ გმირს სათანადო პატივი მივაგოთ. ამ მასალებიდან ირკვევა, თურმე ჩვენი წინაპრებისათვის სიკეთის კეთება ცხოვრების წესი ყოფილა. მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არ ვიცოდით ჩვენი უახლესი ისტორიის მოვლენები, იყო ის, რომ თაობათა შორის კავშირი გაწყდა, მოგეხსენებათ 20-იანი და 30-იანი წლების რეპრესიები, მეორე მსოფლიო ომმა 300 ათასზე მეტი ქართველი შეიწირა, ფაქტიურად ჩვენი ბაბუებისა და პაპების საუკეთესო ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს და ვინღა გვეტყოდა ძველ ამბებს. კიდევ კარგი გაყვითლებულ და გაცრეცილ ფურცლებს შემორჩა რაღაც ნაწილი ჩვენი წარსულისა, ჩვენი სახელოვანი წინაპრებისა, ამ წიგნში 250-ზე მეტი ადგილობრივი გვარის წარმომადგენელზეა საუბარი, სხვათა შორის ნადარაიებზეც, მაგრამ რა ვქნა რომ წიგნი მცირე ტირაჟიანია და ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს და ალბათ ესეც იმის ბრალია, რომ თაობათა შორის ვაკუუმი იყო... წიგნის გამოცემის მიზანი, სწორედ ის არის რომ ხელი შეეწყოს ამ სიცარიელის ამოვსებას.
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი პატივია.