ხობში მარიამ ადონიას დასახმარებლად აქცია-კონცერტი ჩატარდა

27 აპრილს, . ხობის კულტურის სახლში,ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს  ორგანიზებით, ხობის N3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, ცერებლარული დამბლით  დაავადებული 6 წლის მარიამ ადონიას მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა. კონცერტში, პატარა მარიამის დასახმარებლად თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, ბიძინა მახარაძე მონაწილეობდნენ. კონცერტს მარიამის და სახმარებლად უანგაროდ, საკუთარი ხარჯებით თბილისის ქორეოგრაფიული ანსაბლი ,,კოლხიდა'' შემოუერთდა, რომლის  ქორეოგრაფი და  ხელმძღვანელხობელი ირაკლი ჩიტაიაა.
საღამოს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მარიამ ადონიას. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი როზეტა შულაია კონცერტის მსვლელობისას ასახელებდა ყველა ქველმოქმედის ვინაობას, რომელთა შორის იყვნენ, შსს ხობის რაიონული სამმართველოს, საბავშვო ბაგა-ბაღების, საჯარო სკოლების, ბიზნესის, კონცერტის მონაწილეები, საკრებულოს  სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და რიგითი ხობელები. საქართველოს პარლემენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მიერ სრულად დაფინანსდება მარიამის სარეაბილიტაციო კურსი სარეაბილიტაციო ცენტრ „სანნიში``, სადაც პატარას  უკრაინიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები მოემსახურებიან. მარიამ ადონიას  ანგარიშზე ქველმოქმედებმა  კონცერტის დასასრულამდე დაახლოებით 10 ათასამდე ლარი ჩარიცხეს.

    ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის ყველას, ვინც თუნდაც მცირედი გაიღო მარიამ ადონიას დასახმარებლად და მარიამს უსურვებს გამოჯანმრთელებას.