უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ხობში


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მხარდაჭერით 20 დეკემბერს ქ. ხობში შპს „მკურნალის“ ბაზაზე ჩატარდა უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია.

აქციის ფარგლებში დევნილმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასოდ მიიღო თერაპევტის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგისა და ქირურგის კონსულტაციები, პაციენტებს ასევე ჩაუტარდათ უფასო ულტრა ბგერითი გამოკვლევები, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები და დაურიგდათ გარკვეული სახის მედიკამენტები.
აქციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე.