პროტოკოლხური ნამოსახლარები ხობისა და ზუგდიდის ტერიტორიაზე.


ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მომიჯნავე ტერიტორიებზე ქართულ-გერმანული ექსპედიცია (სოხუმის უნივერსიტეტი-გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი) ოთხი წელია აწარმოებს დაზვერვით და არქეოლოგიურ სამუშაოებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლევის პერიოდშიდაფიქსირებულ იქნა მრავალი ძველკოლხური ნამოსახლარი, რომლებსაც ,,დიხაგუძუბებს“ უწოდებენ. ხოლო სოფელ დღვაბის მიმდებარედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ,,ტაბაკონის’’ დიხაგუძუბაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა პროტოკოლხური ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის კულტურული ფენები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროტოკოლხურ ფენაში აღმოჩენილ იქნა იმ დროინდელი ხის ნაგებობათა ნაშთები. 
17 სექტემბერს მასმედიისა და ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სანებართვო კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა ვახტანგ ჯაფარიძემ არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობა და შედეგები გააცნეს. ყურადღება იქნა გამახვილებული არქეოლოგიური მასალების შენახვისა და დაცვის საკითხებზე. აღნიშნეს, რომ ,,ტაბაკონის“ ნამოსახლარის მასალები, პასპორტიზაციის გავლის შემდეგ გადაეცემა ზუგდიდის დადიანთა მუზეუმს.
აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე კილომეტრის რადიუსში ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უამრავი ძველკოლხური ნამოსახლარი ფიქსირდება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სამეურნეო სამუშაოების დროს ნაპოვნი არქეოლოგიური მასალები მოსახლეობის ხელშია და საჭიროებენ შეკრებასა და სამუზეუმო ექსპონატად ქცევას. პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის აზრით ამ ტერიტორიაზე უკვე აღმოჩენილი მრავალი ნიმუში, საჭიროა განთავსდეს ხობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომლის შემდგომი რეაბილიტაციის საჭიროებაზე მეცნიერმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება. 
არქეოლოგიურ კვლევებში ქართველ სტუდენტებთან, ერთად მონაწილეობენ გერმანელი არქეოლოგები ტობიას მიორტცი და ელენი პერიფანუ, მათ დახმარებას უწევენ თორსა დღვაბის თემის მაცხოვრებლები. 
თორსა-დღვაბის ტერიტორიაზე დაფიქსირებულ ნამოსახლარებში დაზვერვითი სამუშაოები გვიან შემოდგომაზე გაგრძელდება და ახალი აღმოჩენის თანამდევ ტერიტორიულ რადიუსს სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაზრდის.