ანზორ ერქომაიშვილი - ქ. ხობის საპატიო მოქალაქე

      
   საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; ანსამბლ ,,რუსთავის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ალბერტ შვაიცერის პრემიის ლაურეატი (ანსამბლ რუსთავთან ერთად). ის გახლავთ თბილისის სახელმწიფო კულტურის ინსტიტუტის კათედრის გამგე – პროფესორი, ასევე ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. ქ. ხობის საპატიო მოქალაქე.              ანზორ ერქომაიშვილი დაიბადა 1940 წელს ქალაქ ბათუმში. იგი 300 წლიანი მუსიკალური დინასტიის მეშვიდე თაობის წარმომადგენელია. ბაბუისგან, არტემ ერქომაიშვილისგან  გენეტიკურად მიიღო ხალხური მუსიკალური კულტურის, მისი საშემსრულებლო ტრადიციების ღრმა ცოდნა. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია და 1961 წელს სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა ანსამბლი “გორდელა”, რომელიც 1968 წელს სოფიაში მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა. 1968 წელს მან ჩამოაყალიბა მსოფლიოში აწ უკვე სახელგანთქმული ანსამბლი ,,რუსთავი“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.1976 წელს, ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ბიჭუნათა ანსამბლ ,,მართვეს“. ანსამბლში აღზრდილი თაობები დღეს უკვე ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ჯგუფებს.  40 წელია მუშაობს გრამოფონის ფირფიტების მოძიებასა და აღდგენაზე, მან მსოფლიოს სხვადასხვა არქივებში მოიძია და მიაკვლია 500-ზე მეტ ქართული ხალხური სიმღერის ფონო ჩანაწერს 1901-30 წლების ჩათვლით, რომლებიც გამოსცა ფირფიტების და კომპაქტ-დისკების სახით.
      ანზორ ერქომაიშვილმა ათეული წლების განმავლობაში მოიარა საქართველოს ყველა რაიონი, ძველი მომღერლებისგან ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ქართული პოლიფონიური სიმღერების იშვიათი ნიმუშები, რომლებიც გამოსცა სანოტო კრებულების სახით.  იგი ბევრი საინტერესო ნაშრომისა და გამოკვლევის ავტორია. უნდა აღინიშნოს, რომ ლოტბარმა ქართული სიმღერები შეასწავლა ბევრ უცხოელს და დღეს ქართულ ხალხურ სიმღერებს მღერიან აშშ-ში, საფრანგეთში, შვედეთში, იაპონიაში, ისრაელში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში და სხვა მრავალ ქვეყანაში. 2001-06 წლების ჩათვლით ანზორ ერქომაიშვილი გახლდათ იუნესკოს ფოლკლორის კომისიის წევრი. 2001 წლის 18 მაისს ქართული ხალხური სიმღერა იუნესკომ აღიარა “კაცობრიობის ზეპირი სიტყვიერებისა და ხელთუქმნელი საგანძურის შედევრად”. ეს პროექტი სახელწოდებით “ჩაკრულო”თავად მოამზადა და წარადგინა იუნესკოში.        ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი შემოქმედება  ხალხური სიმღერების მოკვლევა-აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეს მოახმარა. ქართული ხალხური მუსიკისა და მეგრული სასიმღერო ფოლკლორის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანზორ ერქომაიშვილი  ხობის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდა.