ხობის მონასტერი

2006 წელი ირაკლი შონიას ფოტო
ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის თემის ტერიტორიაზე, ქალაქიდან 4 კმ-ში, უდიდესი მადლის მატარებელი, უძველესი და უმშვენიერესი ღვთისმშობილის მიძინების სახელობის ტაძარი და ხარების სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლის კედლები, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, არის ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი. შერგილ დადიანსა წარუგზავნია იერუსალიმში მოსახსენიებელთა განსაწესებლად ეგნატე ხობისა წინამძღვარი, და ბარამ უშაფათელისძე. სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობელი პირები. მოსახსენიებელში ნათქვამია: ქ-ამასვე დღესა აღაპი ეგნატი ხოპისა წინამძღვრისა. დოკუმენტში მოხსენიებულია ასევე ეგნატეს დედა ნისიმე და მისი ძმა ყელგრძელი. რადგან ეგნატე ხობის წინამძღვრად მოიხსენიება, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში ხობი საწინამძღვრო იყო და, როგორც ჩანს, იმდროინდელმა ოდიშის ხელისუფლებამ, ხობის წინამძღვრის სახით, მხარის უმაღლესი საეკლესიო წარმომადგენლობა გააგზავნა. ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ეგნატეს მოსახსენიებელი 1212-1222 წლებით თარიღდება. ამიტომაც მისი წინამძღვრობა XIII საუკუნის I ნახევარზე მოდის. ხობის მონასტერი განსაკუთრებული სიწმინდეების მცველი მონასტერია.არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ. ის აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერში „აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ“; მართალია, ჩვენ არ ვიცით, თუ როდის და როგორ მოხვდა სიწმინდეები ხობის ტაძარში, თუმცა არსებობს გადმოცემა რომლის მიხედვითაც ხატმებრძოლობის პერიოდში(მე-8 ს) ურჯულოსაგან დასაცავად ტაძარში დაუბრძანებიათ ღვთისმშობლის კვართი, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.
ტაძარი სიწმინდეებით და უძველესი ხატწერის ნიმუშებითა იყო შემკული. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ დაბრძანებული იყო მარიამ ღვთიმშობლის კვართი; წმინდა გიორგის ბარძაყი; იოანე ნათლისმცემლის ნაწილები; წმინდა მარინეს მკლავი; წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი; შოლტი - რომლითაც მაცხოვარი იგვემა;დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი;მრავალწლიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი და სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებული ძელიცხოვლის ჯვრით. თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი; მისი დედის ბორდუხან დედოფლის კუთვნილი ხატი, აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-ს და სხვა სიწმინდეები, რომელიც ეგზარქოსობის პერიოდში განბნეულ იქნა მუზეუმებში. მონასტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძველ-კოლხური ნასახლარები, ადრეული ხანის ნაეკლესიარი, დადიანების საძვალე.
ხობის ტაძრის შენობა ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულ რომელსამე ტიპს არ მიეკუთვნება. ეს უგუმბათო შენობაა, რომლის შიგნით კამარები ჯვაროვან სივრცეს, გარეთ კი მათი სახურავები ჯვაროვან მოცულობას ქმნიან. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე მიჰყვება ღია გალერეა, რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეკვდერით მთავრდება. ტაძრის ფასადები უხვადაა მოჩუქურთმებული. ტაძრის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ბოლო წლებში არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი, გამგეობის ძეგლთა დაცვის საქმეში მთავარ სპეციალისტთან -გოგიტა ჩიტაიასთან ერთად არქეოლოგიური კვლევების მიზნით გათხრებს აწარმოებს, რის შედეგად აღმოჩენილია ძველი ტაძრის საძირკვლის ნარჩენები. სავარაუდოდ ძიების შედეგები მონასტრის ისტორიას კიდევ უფრო დააძველებს და იმ ვარაუდს გაამართლებს, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული.

არქიტექტურული კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სასახლის კედლის და შესანიშნავი ქვის ბუხრის ნანგრევები. აქ მრავლადაა სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნიშა. 
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი დაიხურა, მრავალ განსაცდელს გაუძლო ტაძარმა. ათეისტებმა ეკლესია კულტურულ ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს როგორც ისტორიის ნაწილი. დედა ღვთისამ ინება, რომ სალოცავი წმინდად დაცულიყო. 1989 წლის 16 სექტემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II აკურთა ტაძრის ტრაპეზი. 
წლებია წინამძღვრის დეკანოზ ილიას(ლომაია), იღუმენია ანას(მუსელიანი), დედებისა და მრევლის მუხლჩაუხრელი შრომა და გულანთებული ლოცვა არის ტაძრის მეგზური. განახლდა ეკლესია და გამშვენდა მონასტერი, გრძელდება ტერიტორიის მეცნიერული კვლევა-ძიება, რაც ტაძრის ისტორიას სავარაუდოდ შეცვლის.










ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!