ოჯახი განხორციელებული სიყვარულის გამოვლინებაა

პოლიტიკა ჩვენს ცხოვრებაში აქტუალობას არ კარგავს. მასზე საუბრობენ ყველგან, შინ და გარეთ, სამსახურში და გასართობ ადგილებში. ჩვენ გვსურს პოლიტიკოსებთან პოლიტიკის გარეშე ვისაუბროთ.
 დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბუკია.

 ოჯახი განხორციელებული სიყვარულის გამოვლინებაა.
-მოდით, ჩვენი საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ..
-ბავშვობისას სულ მუდამ რაღაცას ვაშენებდით, ვქმნიდი. სახლის ახლოს მშენებლები ხიდს აშენებდნენ. მეც იქ ვტრიალებდი. ოცნებად მექცა ხიდის აშენება.. ამ სურვილმა , სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში გადამაწყვეტინა. ჩემი ქვეყნის გარეთ, მარტოს მიჭირდა, მაგრამ ჩემი მშობლების იმედები უნდა გამემართლებინა.
 ყოველი ჩემი საქართველოსთან შეხვედრა ამაღელვებელი იყო. დაღლილი, დათრგუნული ვჯდებოდი მატარებელში და როცა ჩემი ქვეყნის საზღვრებს ვუახლოვდებოდი, ყველაფერი მავიწყდებოდა, ჩემი გულისცემა მესმოდა. ჰაერსაც სულ სხვა სუნი ქონდა, მონატრების და სიყვარულის.

სამშობლოში დაბრუნება
-ჩემი საქართველოში დაბრუნება რთულ პერიოდს დაემთხვა. რუსეთიდან ჩამოსულს სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ უიმედოდ. აღმშენებლობა კი არა აშენებული ინგრეოდა. იყო უსახსრობა.. ქვეყნის დატოვება მიჭირდა, თუმცა შემოთავაზებები მქონდა.
 გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც მე ჩემი ქვეყანა არ დამაკარგვინეს და შანსი მომცეს საქართველოში დავრჩენილიყავი.
 გოდერძი ბუკიას ინიციატივით, მალე ხობის რაიონში ყულევის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. მე მათთან ერთად ჩავები შრომაში. იქ დავუახლოვდი ჩემი ცხოვრების დიდ მეგობრებს. ყოველგვარი ზრუნვა უსიყვარულოდ უშედეგოა. მეგობრობა უსიყვარულოდ არ არსებობს, დიდ მეგობრობას განსაკუთრებული გაფრთხილება და შენახვა სჭირდება.
 დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო გოგი ბუკიაზე -  ხობის კოლორიტზე, რომელმაც დიდი სიყვარული დატოვა და იცხოვრა ისე, რომ სასუფეველში გზის მანათობლად დიდი სიკეთის და სიყვარულის სანთელი წაიღო. ჩვენი ბოლო შეხვედრა გოგის ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად დასრულდა.. მაგრამ მეგობრობა გრძელდება.

 უკმარისობის გრძნობა
 როდესაც სწავლა დავამთავრე, ჩემი ქვეყნისაკენ საოცარი ენთუზიაზმით მოვდიოდი -  ახალი იდეები, ახალი მშენებლობები, მაგრამ უძრაობის, ნგრევის პერიოდმა იმედები დამიმსხვრია. პროფესიული განვითარების ნაცვლად ყოველდღიურ ლუკმა-პურზე ფიქრმა დაგვღალა. ოცმა წელმა პროფესიულ უმოქმედობაში განვლო. გული მწყდება, რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ შევძელი. ჩემი სურვილი, პრაქტიკოსი  მშენებელი  გავმხდარიყავი ვერ ავისრულე. უფრო მენეჯმენტით დავკავდი. დღეს კი პოლიტიკაში ვარ და ხობის მუნიციპალიტეტში ვმუშაობ.

 „სინდისის ხმას სიკეთისკენ მივყვავარ“
 ჩემი ცხოვრება ერთგვარი გამოცდაა უფლის წინაშე. ბევრი განსაცდელის წინაშე ვმდგარვარ, ბევრი ტკივილი გადამიტანია, მაგრამ ამას არ გავუბოროტებივარ. კეთილი საქმეებით, ადამიანებისა და უფლის წინაშე გავმართლდები. მე და ჩემი მშობლები სიკეთით დღემდე მოვედით და მასვე გადავცემთ შვილებს. შოთა რუსთაველმა მთელი სიბრძნე ერთი წინადადებით შეკრა „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, ყოველთვის ვცდილობ ჩემს ირგვლის ყველას დავეხმარო, დახმარების ხელი გავუწოდო. ადამიანის მიმართ ყურადღება , ჩემი ხასიათის უმნისნელოვანესი თვისებაა. ბოროტებას სიკეთით რომ უპასუხებ სინდისის ხმა სუფთა გექნება. პატრიარქის სიტყვებს გავიმეორებ: „ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის დამცველი ჩვენი სინდისია. სინდისი არის ღვთის ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებისკენ, მთავარია ყური ვუგდოთ მას“. აი, ამ სინდისის ხმას მივყვები ხოლმე.

 ოჯახი.
 ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, იქ სადაც ერთმანეთს პატივს სცემენ, მშობლების მოწიწებას გრძნობენ. ჩემი მშობლები სიყვარულით მოვიდნენ აქამდე და ჩვენც ამ სიყვარულით ვაგრძელებთ ცხოვრებას. ოჯახი ერთი მთლიანობაა, ორი წევრით იწყება და, მერე სამი, ოთხი.. ორმა სიყვარულმა ბევრი სიხარული მოგვანიჭა, ეს კი სიცოცხლის ღერძია. ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა, ჩაფიქრებული სიყვარულის გამოვლინება. ამ სიყვარულმა შვილები მაჩუქა, ანა და გვანცა. გოგონები მამის მესაიდუმლეები არიან. (მოგვიანებით 2009 წელს ჯვარი დავიწერეთ), უფლის წყალობით პატარა ანდრია შეგვეძინა, ის პატრიარქის ნათლულია.
 ყოველთვის ვცდილობ დრო ჩემი შვილების სასარგებლოდ გამოვიყენო. ბავშვებს ქართული ტრადიცია, კულტურა, სული დავანახო და შევაყვარო. ისტორიაზე ხშირად ვსაუბრობთ, ანდრიას მოსწონს გმირი წინაპრები და მეც ამ სულისკვეთებით ვზრდი შვილებს. მინდა, რომ ჩემი შვილები საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იყვნენ.
 ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა. ისიც უნდა ვიცოდეთ, დიდი მადლის მატარებელს, დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს. რაც თავს გადაგვხდა, ეს ალბათ უფლის ნებაა, რადგან მის გარეშე ამ ქვეყნად არაფერი  ხდება.
 გულით მინდა ჩემი ქვეყანა უპირველესად გამთლიანებული ვნახო, დამოუკიდებელი, მეგობრული, ნეიტრალური, ეკონომიკურად გაძლიერებული და წელგამართული. ტრადიციაშენახული და გაბრწყინებული.
 მე მჯერა, რომ საქართველო გაბრწყინდება!

www.facebook.com