პაპა-ნწყვი-რე
---
ტბა დაწყევლილი თუ პაპაშ-წყუ-რე ტბა დალოცვილი-
ხეთის თემი ტბა ,,პაპანწყვირი`` ფოტო: ირაკლი შონია 2012 წელი |
ამონარიდი მწერალ რობერტ ძერიას წიგნიდან :
იმ საღამოსაც სავსე იყო ზღაპრების გუდა. ბებიაც ისევ კერიის თავში იჯდა.
,,იყო და არა იყო რა...
იყო ერთი მღვდელი. შვილი იმას არ ჰყავდა და შვილიშვილი. რევმატიზმებისაგან შეჭმული ცოლისანაბარა დარჩენილი, ქელეხებსა და ნათლობაში ატარებდა მთელ დღეებს. რაც ხორაგი იქნებოდა, ყველაფერი სახლში მიჰქონდა. ეს ჩემი კერძიაო, იტყოდა და შეკამათებას ვინ გაუბედავდა.
რასაც შეჭამდნენ, ხომ კარგი, რაც დარჩებოდა, მღვდლის ცოლი ძაღლებს უყრიდა. ძაღლები კი ბევრი ყავდათ. თანაც ძალიან ავები, ყურწაჭრილი და კუდმოკლეები.
მათი შიშით მღვდლის ეზოში ჩიტიც ვერ გადაიფრენდა, მითუმეტეს, კაციშვილი როგორ გაბედავდა სულ თეთრი ქვით ნაგები გალავნის ერთ კუთხეში დატანებული ვიწრო ჭიშკრის შეღებას.
ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა. სამზადი სახლის სახურავი ჩაანგრია.
მღვდელი ძალიან შეწუხდა, მაგრამ რას იზამდა, სოფელელებისთვის უნდა დაეძახა. მარტო თვითონ ხომ ვერ შეაკეთებდა სახურავს. სოფელი კი დაბლა იყო, ცოტა მოშორებით.
იმას ხელს ვინ გაუმართავდა მაგრამ მღვდელი იყო და გლეხებს შეეშინდათ შვილები არ დაგვიწყევლოსო.
ათი ღონიერი ვაჟკაცი დატრიალდა დილიდანვე. ზოგი კაკუტებს რანდავდა, ზოგი ლარტყებს თლიდა მკლავდაკაპიწებული.
შეღამებისას ყველაფერი მზად იყო. მღვდელი კი არსად ჩანდა. მოიკითხეს. თავლიდან გამოვიდა. ანაფორის კალთები აეკრიფა და ხელი სისხლით ჰქონდა მოთხუპნული.
,, აი, მამაო, შენი სახლიც, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს.”
,, გმადლობთ, შვილო ჩემო, გმადლობთ, თქვენ კარგად გახეირებთ ამაღამ.”
გლეხებმა ერთმანეთს გადახედეს - ის კაცი ხომ არ გვემუქრებაო?
,, რაზე ბრძანებთ, მამაო?”
,, კარგად გახეირევთ-მეთქი, შვილო ჩემო, ისეთი მსუქანი თხა დაგიკალით, სულ თითებს ჩაიკვნეტთ.”
გლეხებს გაუკვირდათ. მღვდლის პურ-მარილი აქამდე არავის გაეგონა. დაინტერესდნენ. დარჩნენ.
კარგადაც მოილხინეს. მხოლოდ მღვდელმა მოიმიზეზა მუცლის ტკივილი და პირი არაფერს დააკარა.
მთელი ღამე არაყს სვამდა, - მომიხდებაო. მჭადს აყოლებდა მარტო.
მღვდლის ცოლი კი სამზარეულოში ფუსფუსებდა და მოქეიფეებთან ერთხელაც არ გამოჩენილა.
გვიან დაიშალნენ.
გლეხთაგან უფროსმა ქუდი მოიხადა და მღვდელს მადლობა გადაუხადა. ღმერთმა შენი ოჯახი ააშენოს, ეს რა კარგი სუფრით გაგვიმასპინძლდიო.
,,თქვენისთანა ოსტატებს სწორედ ასეთი სუფრა ეკუთვნოდაო”, - მიუგო მღვდელმა.
იმ ოსტატებში ერთი ძალიან ესმაკი ყმაწვილი ერია, მასპინძლის პასუხმა დააეჭვა იგი და ჩუმად თავლაში შეიხედა. გაოცებისაგან ხმა ვერ ამოგო.
მღვდელს ერთი ბებერი ძაღლი ჰყავდა. სახელად თუნთია ერქვა. ბალანი ჰქონდა გაცვენილი. ფეხზე ვერ დგებოდა.
მღვდელსაც ის დაეკლა თურმე. სწორედ მისი ხორცი მოეტანა სუფრაზე.
თავზარდაცემულმა გლეხებმა მღვდელს ვერაფერი გაუბედეს, ღმერთს კი თხოვეს შველა.
მათი ხმა ღმერთამდე როგორ მიაღწევდა, ან ღმერთი, რა შვილი იყო, მღვდელი გაეწირა, მაგრამ იმ საღამოს მთიდან ზვავი წამოვიდა და მღვდლის ეზო-კარი ქვესკნელში ჩაიტანა. ნასახლარზე კი ტბა გაჩნდა, რომელსაც ხალხმა ,,პაპანწყვილი” შეარქვა.
ქატო იქა, ფქვილი აქა,
ჭირი იქა, ლხინი აქა”...