მხარდამჭერების თქმით, ხობში „ქართული ოცნება“ „ნაციონალებით“ კომპლექტდება [Video]

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების, ყრილობა, რომელიც ხობში დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. კოალიციაში შემავალი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ შუშანიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ყრილობის გადადების ერთადერთი მიზეზი იმ საზოგადოების პროტესტია, ვინც უნდობლობას უცხადებს „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის მომავალ წევრებს. კერძოდ, ნუგზარ შუშანიას თქმით, გადაწყვეტილია, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილი „ზონდერებით“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტდეს. მისივე ინფორმაციით, ხობში ადგილი აქვს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შეთქმულებას.
„ქართული ოცნება კომპლექტდება იმ ადამიანებით, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციას გვიპირისპირდებოდნენ. გვაშანტაჟებდნენ და ა.შ. არცერთი ოცნების წევრი და არცერთი აქტივისტი „ქართულ ოცნებაში“ არ არის. ეს მე უფრო ნაციონალების ოცნებას მაგონებს. ბატონმა ბიძინამ ეს არ იცის. გაიგებს და შესაბამის პასუხს გასცემს“, - ამბობს ნუგზარ შუშანია და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ არბევენ კოალიციის მშვიდობიან აქციებს პირები ვისაც ახლა „ქართული ოცნების“ წევრობა სურს.


შუშანიას მოსაზრებას ეთანხმება „ქართული ოცნების“ აქტივისტი ედიშერ წურწუმია. მან „შეთქმულების“ მონაწილეებად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დავით საგანელიძე, ზვიად ძიძიგური და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია დაასახელა.

„შეთქმულების ავტორები არიან დავით საგანელიძე, ზვიად ძიძიგური, გოდერძი ბუკია და გიგა ბუკია. მათ მოილაპარაკეს, რომ გაიყონ ხობი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ მოიაზრება ნაციონალების შტაბის წევრი, გოდერძი ბუკიას ნათესავი გია ბუკია. მას ხუთი ნომერი ყელზე ქონდა ჩამოკიდებული. კომიტეტის წევრებად კი მისი მხარდამჭერები მერაბ სალაყაია და ვინმე ქავთარაძე მოიაზრებიან“, - ამბობს ედიშერ წურწუმია და განმარტავს, რომ კომიტეტის წევრები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის შემადგენლობა შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან.

„ისინი იტყუებიან და გოდერძი ბუკიას ფულზე არიან გაყიდულები. ის 2010 წლიდან არის ხობის მუდმივი მაჟორიტარი და კვლავ ძალაუფლების შენარჩუნება სურს“, - აცხადებს ედიშერ წურწუმია.



ბელმა კახაბერ ბენიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, შუშანიას და წურწუმიას მოსაზრებებს „ლაივპრესთან“ საუბარში „გაზვიადებული“ უწოდა.

„მერწმუნეთ ეს ხმები გაზვიდებულია. ხალხი ხშირად იმას ლაპარაკობს რაც უნდათ, რომ ნახონ. არა ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ვერ გეტყვით, სხვა არაფერი ვიცი, მე მაქვს ჩემი კონკრეტული საქმე, მე ვარ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ასეთი ინფორმაციები მოდის ჩემთან, მაგრამ მე ამ კუთხით არ ვერევი“, - ამბობს კახაბერ ბენიძემ.

გამგებლის მსგავსად შუშანიას და წურწუმიას ბრალდებებს „გაზვიადებულს“ უწოდებს ხობის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, თენგიზ აბაკელია.

მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მართლაც ჰქონდათ სურვილი „ქართული ოცნების“ წევრი გამხდარიყვნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდება.

„ქართული ოცნება დაკომპლექტდება ქართული ოცნების აქტივისტებით. არანაირი შეთქმულება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქ არ ხდება. თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ“, - განაცხადა თენგიზ აბაკელიამ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობის გადადებას, თენგიზ აბაკელიას თქმით, ის გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო