ხობის გამგებელმა თანამშრომელთა დათხოვნის მიზეზები განმარტა [Video]


28.01.2013

kaxaber benidze
ხობის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლებისა და „სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის“ ბრალდებებს, რომ ხობის გამგებელმა სამსახურიდან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაითხოვა, სიცრუეს უწოდებს კახაბერ ბენიძე. მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ გამგეობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომლის დროსაც 25-მა თანამშრომელმა უწყება საკუთარი ნებით დატოვა. 
„გამგებლის მოადგილეებმა თავიანთი სურვილით დატოვეს თანამდებობები. ცხრა სამსახურის უფროსიდან ერთმა დატოვა თანამდებობა. ორი გადაყვანილ იქნა სხვა ადგილზე. სოფლის 21 ტერიტორიულ ორგანოში შეცვლილია კადრები. ოცდამეორეში სპეციალისტი ასრულებს მოვალეობას. ჩვენს მიერ დაქვემდებარებულ სტრუქტურებში 215 ადამიანი მუშაობს. დაახლოებით 25 კაცამდეა შეცვლილი“, - განაცხადა კახაბერ ბენიძემ და განმარტა, რომ მმართველობის ცვლილებისას რეორგანიზაცია ბუნებრივი პროცესია.

რაც შეეხება გამგეობის ყოფილ თანამშრომელ ვლადიმერ ჭითანავას ბრალდებას, რომ მან თანამდებობა გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დატოვა, კახაბერ ბენიძე უარყოფს და აცხადებს, რომ ვლადიმერ ჭითანავა ცრუობს.

„რასაც ვლადიმერ ჭითანავა ამბობს, თუ ეს ასეა, ეს აღმაშფოთებელი ფაქტია. მან უნდა დააკონკრეტოს ვისზე საუბრობს. დამერწმუნეთ, ეს სიცრუეა. ლადო ჭითანავას წარსულს რომ გადავხედოთ, საკმაოდ ბევრ სამსახურშია ნამუშევარი. ძალიან აქტიური პიროვნება იყო. მუშაობდა პოლიციაში, ციხეში და ბოლოს აქ ახალგაზრდული კუთხით სპეციალისტად მუშაობდა. ნორმალური ახალგაზრდა იყო, მაგრამ არჩევნების პერიოდში არ დაგიმალავთ და მონაწილებოდა ძალიან საეჭვო ჯგუფებში. თავდასხმებში აქვს მონაწილეობა მიღებული. მე გეუბნებით იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რასაც შევსწრებივარ. ადამიანს დაესხა თავს და ჩემი უშუალო ჩარევით მოხდა ამ კონფლიქიტის აღმოფხვრა. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ჩვენი მოსვლის შემდეგ ორი თვე მუშაობდა. მე ვფიქრობ, რომ თვითონ მას ჰქონდა აქ მორალური უხერხულობა. მისი აქ ყოფნა მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. ჩვენთან მოვიდა ქაღალდით, სადაც ეწერა, რომ გთხოვთ გამათვისუფლოთ. მე უბრალოდ დავაკმაყოფილე. ეს იყო და ეს“, - განაცხადა კახაბერ ბენიძემ.

ვლადიმერ ჭითანავამდე სამსახურიდან წავიდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში სალომე ქაჯაია. მან „ლაივპრესს“ 9 იანვარს განუცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

26 იანვარს ხობის გამგეობის ასევე ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ჭითანავამ „სამეგრელოს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან“ ერთად ზუგდიდში განაცხადა, რომ ხობის გამგეობიდან და საკრებულოდან „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ შედეგად სულ 39-მა თანამშრომელმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ჭითანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებდა, რომლის ვინაობა მას არ დაუსახელებია.

ხობის გამგეობიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე განცხადება არაერთხელ გაუკეთებია „სამეგრელოს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფის“ წევრს, ანა წითლიძეს.

რაც შეეხება სამომავლო პრიორიტეტებს, გამგებელი აცხადებს, რომ პირველ რიგში გამგეობაში რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს, რადგან უწყებაში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი. კახაბერ ბენიძის თქმით, გამგეობაში 215 თანამშრომელია და მათზე ადგილობრივი 6 მილიონიანი ბიუჯეტიდან 4 მილიონ 600 ათასი ლარი იხარჯება, რაც გამგებლის თქმით, ძალიან ბევრია.

„შტატების შემცირება არის მტკივნეული პროცესი, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ეს პროცესი. ახლანდელ პეიოდში კაცის სახლში გაშვება ტრაგედიაა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მაისში რეორგანიზაცია დავასრულოთ“, - განაცხადა კახაბერ ბენიძემ, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს.