სამეგრელოს საინიციატივო ჯგუფი: სამსახურებს „ზეწოლის“ შედეგად ტოვებენ [Video]


ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ჭითანავა ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას ხელი იძულებით მოაწერა. მისივე თქმით, კაბინეტში უშუალოდ გამგებლის მოადგილე, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, იბარებდა და ეუბნებოდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. ჭითანავას ინფორმაციით, მასთან ერთად ხობის გამგეობიდან და საკრებულოდან „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ შედეგად სულ 39-მა თანამშრომელმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 26 იანვარს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განუცხადა. ვლადიმერ ჭითანავამ ბრიფინგი „სამეგრელოს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან“ ერთად გამართა, რომლის წევრიც თავად არის.

„გამგებლის მოადგილე მიბარებდა კაბინეტში ყოველ დღე. ჩემზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ვერ ვასრულებდი ჩემს სამსახურს და იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. როცა ვკითხე მქონდა თუ არა სამსხურებრივი გადაცდომა, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მითხრეს. ერთადერთი რაც მითხრეს, ის არის, რომ ძველი კადრების ახლით ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო. მითხრეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ფიზიკურად შევძლებ მუშაობას“, - განაცხადა ვლადიმერ ჭითანავამ, რომელიც გამგეობაში ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტად მუშაობდა.

ჭითანავას განმარტებით, სამსახურიდან „იძულების წესით“ წასულ სხვა პირებს მედიასთან საუბარი ამ ეტაპზე არ სურთ, რადგან „დაშინებული“ არიან.

„სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის“ წევრის, ანა წითლიძის თქმით, ხობის გამგეობიდან და საკრებულოდან თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით, კონკრეტული მიზეზის გარეშე მოხდა. მისივე განცხადებით, ეს არ არის მარტო ხობის პრობლემა და მსგავსი ფაქტები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხორციელდება. წითლიძის თქმით, საჯარო სამსახურში ინიშნებიან კონკრეტული პარტიის აქტივისტები.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სახალხო დამცველს ევროკავშირის სადამკვირვებლო ცენტრს, რომ მსგავს ფაქტებზე მოახდინონ მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

„სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის“ ცნობით, ხობში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა დათხოვნა მას შემდეგ დაიწყო, რაც გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა. 







www.newpost.ge