გამგებლები გუბერნატორის შეთავაზებაზე კომენტარებს აკეთებენ


სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე კოჰაბიტაციური რეჟიმის ფარგლებში ითანამშრომლოს ახალ გამგებლებთან სამეგრელოს რეგიონში შემავალი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგებლებს საკუთარი აზრი გააჩნია. ჩვენ დავუკავშირდით ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლებს, რომლებსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია აცხადებს, რომ თენგიზ გუნავასთან თანამშრომლობას არ აპირებს და მის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ემიჯნება. თოლორაიასგან განსხვავებით ურთიერთთანამშრომლობაზე თანხმდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე.
"არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს. კანონით განსაზღვრულ ფარგლებში მზად ვარ ახალ გუბერნატორთან, თენგიზ გუნავასთან ვითანამშრომლო. ჯერჯერობით პირადად მისგან ეს შემოთავაზება არ მიმიღია, თუმცა სრულ მზადყოფნას მეც გამოვთქვამ,"-აცხადებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე.
თანამშრომლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის უკვე დანიშნული გამგებელი გოგა გულორდავა. მისი განცხადებით ის მზად არის კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ითანამშრომლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციასთან.

www.smo.ge