ხობის მუნიციპალიტეტში მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

  ხობის მუნიციპალიტეტი კოლხეთის ბარის ცენტრალურ ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც კოლხური ცივილიზაციის ჩასახვა - განვითარება მიმდინარეობდა. ამიტომაც, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები დიდი ხანია იქცევს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერების ინტერესს. ბოლო წლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შესწავლისა და ქვეყნის სამსახურში ჩაყენების მიზნით, მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა: გამოიცა წიგნი და რუკა მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლების შესახებ, მთელ რიგ ძეგლებზე ჩატარდა არქეოლოგიური, დაზვერვითი და გაწმენდითი სამუშაოები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხობის მონასტრის ტერიტორიაზე VIII-VII საუკუნეების ძველკოლხური ნამოსახლარისა და ტაძრის შიგნით ძველ დადიანთა საძვალის აღმოჩენა. მიმდინარე წელს გრძელდება 2011 წელს დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები თორსა-დღვაბაში არსებულ ძველკოლხურ ნამოსახლარზე, რომელსაც „ტაბაკონას დიხაგუძუბა“ ჰქვია.       მეცნიერებმა აქ აღმოაჩინეს არქეოლოგიური მასალა - ძველკოლხური და იმპორტული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანზე არსებული ორნამენტი მსგავსებას ამჟღავნებს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში აღმოჩენილ შესაბამისი პერიოდის არქეოლოგიურ მასალასთან. სამუშაოებს აწარმოებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რექტორი ჯ. აფაქიძე) სამეცნიერო ჯგუფი არქეოლოგ ლევან ჭაბაშვილის ხელმძღვანელობით. ამ სამუშაოებში ჩართულია გერმანელი არქეოლოგი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან ტობიას იორდტი. სექტემბრის დასაწყისში დასრულდა დაზვერვითი ხასიათის არქეოლოგიური სამუშაოები ბიის თემის ტერიტორიაზე, უბან „დობერაში“, სადაც აღმოჩენილ იქნა რომაული ხანის მეტალურგიასთან დაკავშირებული ნივთები და ამავე პერიოდის ქვევრები. სამუშაოებში მონაწილეობდნენ პროფესორი ლერი ჯიბლაძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორები რევაზ და ნანა პაპუაშვილები. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება ხობის მონასტრის გალავნის შიდა ტერიტორიაზე, ხოლო რიგ მნიშვნელოვან ძეგლებზე მოეწყობა დაზვერვითი ხასიათის სამეცნიერო სამუშაოები.