ქართველი ტერორისტების სასამართლო პროცესი 24 აპრილისთვის გადაიდო


საქართველოს ტერიტორიაზე, ტერორისტული აქტების განხორციელებაში მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი, 24 აპრილისთვის გადაიდო.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღევანდელ სასამართლოზე ბადრაგებმა პატიმრები არ მიიყვანეს. მიზეზი კი, რატომ არ მოხდა პატიმრების სასამართლოში გადაყვანა, ამ დრომდე უცნობია.
სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო, წინა სხდომაც იგივე მიზეზით არ ჩატარდა.  
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებულ პირთა ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც 2010 წლის 4 დეკემბერს დაკავებულ იქნენ:
გოგიტა რევაზის ძე არქანია (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.
ჯონი მურადის ძე აბულაძე (დაბ. 1982 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;
მარიამ მურმანის ას ნიკოლავა (დაბ. 1977 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;
გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა (დაბ. 1985 წ.) - თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას;
გოდერძი რევაზის ძე არქანია (დაბ. 1978 წ.) - თანამონაწილე;
ლელა მალხაზის ას ხურცილავა (დაბ. 1983 წ.) - თანამონაწილე.
მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია" (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი;
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გოგიტა არქანიამ და ძებნილმა მერაბ ყოლბაიამ განახორციელეს:
2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის №88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი.
2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის №13-ში მდებარე სუპერმარკეტთან;
2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება ქ. თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს;
2010 წლის 21 ოქტომბერს ორი აფეთქება ქ. თბილისის რკინიგზის სადგურთან;
2010 წლის 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.
internet.ge