კვირაიამ ექვსი კაცი შევარდნაძის და იოსელიანის თვალწინ დახვრიტა : რა მოხდა 1993 წელს ზუგდიდში

საქართველოში ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი კიდევ დიდხანს იქნება სალაპარაკო თემა. 1993 წლის ნოემბერში ზუგდიდი სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს. იმ დღეებში მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ 6 კაცი დახვრიტა. ეს ფაქტი შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის თვალწინ მოხდა.
ამ ფაქტის მომსწრე იყო იოსელიანის დაცვის უფროსი თამაზ ფანჩულიძეც. მისი თქმით, ყველაფერი იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ რეაგირება ვერავინ მოასწრო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დახვრეტილები ყაჩაღები სულაც არ იყვნენ. ისინი მთავრობის დავალებას ასრულებდნენ. კვირაიას ქმედებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. შევარდნაძეს მის მოხსნას ყველა სთხოვდა. კვირაიას მოხსნა იოსელიანმა მოითხოვა. შევარდნაძე კვირაიას ვერ შეელია.
სად წაიყვანა ნასვამმა კვირაიამ შევარდნაძე და იოსელიანი, როგორ მოხდა ზუგდიდის ინციდენტი, რატომ უთხრა იოსელიანს შს მინისტრის მოხსნაზე უარი, ამ თემებზე თამაზ ფანჩულიძე "ახალ თაობას" ესაუბრება.
თამაზ ფანჩულიძე:
- შეთანხმებისამებრ, ზუგდიდში 1993 წლის 7 ნოემბერს შევედით. ჩვენმა საჯარისო შენაერთებმა დილაადრიან დაიწყეს ზუგდიდში შესვლისთვის სამზადისი. შესვლამდე ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები. გავიგეთ, რომ ზუგდიდი გამსახურდიას მომხრეებმა ჩვენს შესვლამდე დაიტოვეს. ზოგი ტყეში გავიდა, ზოგიც ახლომდებარე სოფლებში მიიმალა, ნაწილი ისევ ქალაქში იყო დარჩენილი, ოღონდ ისინი არ აქტიურობდნენ, სახლებში ისხდნენ და არაფერს აკეთებდნენ. მოკლედ, მათ შესახებ დაზუსტებული ინფორმაციები არ გვქონდა. ასეთ ვითარებაში კი სარისკო იყო ზუგდიდში შესვლა. ხობიდან ზუგდიდისკენ დილის შვიდ საათზე დავიძარით. მაშინ ვიგებთ, რომ წინა დღეს ლოთი ქობალიას ხალხმა ექვსი გვარდიელი დახვრიტა. მათ შორის ერთი ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე იყო.
- ზუგდიდში მხოლოდ მხედრიონი შევიდა?
- არა, ამ კოლონაში, მხედრიონის გარდა, შინაგანი ჯარი, თავდაცვის სამინისტროს ნაწილები და პოლიცია შედიოდა. სულ 1500 კაცი ვიყავით.
- იმათ რამდენი ადამიანი ჰყავდათ?
- ისინი უკვე ცოტანი იყვნენ დარჩენილბი. ბევრი შემოეცალათ. სადღაც 500 კაცამდე იყვნენ. ამჯერად უპირატესობა ჩვენ მხარეზე იყო. ზუგდიდში უპრობლემოდ შევედით.
- თქვენს შესვლას არანაირი ექსცესები არ მოჰყოლია?
- აბსოლუტურად უპრობლემოდ შევედით ქალაქში.
- მოსახლეობას რა რეაქცია ჰქონდა თქვენს შესვლაზე?
- მოსახლეობა დიდიან-პატარიანად თავიანთ ეზოებში იყო გამოფენილი. ჩვენს შესვლას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. როგორც კი ქალაქში შევედით, მაშინვე წავედით პოლიციის შენობაში, ავედით მეორე სართულზე და პოლიციის უფროსის კაბინეტში გავაკეთეთ შტაბი. ქალაქში მუშაობა დაიწყო სხვადასხვა უწყებამ. ედიშერ ჩარგაზია გამგებლად უკვე გვყავდა დანიშნული. შტაბის შექმნის შემდეგ კომენდატურის გახსნაზეც ვიზრუნეთ. კომენდანტიც დანიშნული გვყავდა. კომენდატურის გახსნა ლოთი ქობალიას ყოფილ შტაბში გადაწყდა. 
- ლოთის ყოფილი შტაბი რატომ შეარჩიეთ კომენდატურის გასახსნელად?
- ეს იყო შენობა თავისი გალავნით. სტრატეგიული თვალსაზრისით მოხერხებული ადგილი იყო. სანამ ჩვენ შევიდოდით, იქ გამნაღმველებმა ჩაატარეს სამუშაოები. არ იყო გამორიცხული, იქაურობა დანაღმული ყოფილიყო. არაფერი აღმოჩნდა. შემოწმების შემდეგ კომენდატურაც გაიხსნა. ჯაბა იოსელიანმა მკაცრად გააფრთხილა ქალაქის კომენდანტი, ზაზა პაიჭაძე, უთხრა, რომ ძალიან ფრთხილად ყოფილიყო, ამასთან, მოსთხოვა, თავისთან დაეტოვებინა 15 მხედრიონელი, რათა სენაკის ამბავი არ გამეორებულიყო. პოლიციის უპასუხისმგებლობის გამო სენაკის აღება ორჯერ დაგვჭირდა. 
- რა ევალებოდა მხედრიონს?
- იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმა მოხდებოდა, მხედრიონელებს წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ, წესრიგის დაცვა კი პოლიციას ევალებოდა. 
- თქვენი შესვლის შემდეგ ზუგდიდში ბევრი ინციდენტი მოხდა?
- არა. მხედრიონი და საჯარისო შენაერთები იქ ათი დღის განმავლობაში დარჩნენ. ამ ათი დღის განმავლობაში ყაჩაღობის მხოლოდ 9 ფაქტი დაფიქსირდა.
- გამსახურდიას მომხრეებს სულ სხვა მონაცემები აქვთ. მათი მტკიცებით, ასეულობით ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა.
- გარწმუნებთ, რომ მხოლოდ 9 ფაქტი დაფიქსირდა. 1995 წელს, როცა მხედრიონი "აყარეს", მეტი ფაქტი ვერ მონახეს. მეტი რომ ყოფილიყო, პროკურატურა ჩვენ დაგვინდობდა? ისედაც სანთლით ეძებდნენ, რამე ხომ არ დავაშავეთ. კომენდატურის გახსნის შემდეგ იოსელიანი გივი ლომინაძესთან ერთად წავიდა ადგილობრივ ტელევიზიაში. ორივემ საგანგებო განცხადება გააკეთა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. იმავე პერიოდში გამოიცა ბრძანება, რომ სამთავრობო ძალების წარმომადგენლებს გამსახურდიას მომხრეების სახლებში ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. ჩხრეკა იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების მიზნით უნდა ჩატარებულიყო. ტელევიზიით გამოსვლის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით შტაბში. ცოტა ხნის შემდეგ მოდის შოთა კვირაია. ძალიან მთვრალი იყო, როგორც იტყვიან, გახეული. იოსელიანს გაუკვირდა, თქვა კიდევაც, სად მოასწრო დალევაო. ეს მთვრალი კვირაია მოვიდა ჯაბასთან და ერთი ტრაგიკული ისტორია მოყვა. ქობალიამ დააპატიმრა თურმე ჩვიდმეტი წლის ბიჭი, რომელმაც პროტესტის ნიშნად წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. კვირაიამ იმ ოჯახში მისვლა გვთხოვა. მისი აზრით, ჩვენი მხრიდან ამ ოჯახისთვის თანაგრძნობის გამოცხადება კარგი ჟესტი იქნებოდა.
- კვირაია იცნობდა იმ ოჯახს?
- დაღუპული ბიჭი მისი ნათასავი იყო. კვირაია იოსელიანს ეუბნებოდა, შევარდნაძესაც უთხარი და ერთად წავიდეთ სამძიმრის სათქმელადო. იოსელიანი შევარდნაძესთან არ მივიდა, თანაც არ უნდოდა ქალაქში გასვლა. იმ მომენტისთვის ზუგდიდში გასვლა გამართლებული არ იყო.
- რატომ?
- ზუგდიდი 60-ათასიანი ქალაქია. გამსახურდიას მომხრეები ისევ ქალაქში იყვნენ. ამ ვითარებაში არ იყო გამართლებული, იოსელიანი და შევარდნაძე გარეთ გამოსულიყვნენ. კვირაია თავისას არ იშლიდა. როცა იოსელიანისგან უარი მიიღო, თავად მივიდა შევარდნაძესთან. იმასაც იგივე უთხრა, რაც - ჩვენ. შევარდნაძემ მთვრალი კვირაია რომ ნახა, ძალიან გაცხარდა. მაგიდაზე ხელიც კი დაარტყა. კვირაიას უთხრა, მეორედ ასეთ მდგომარეობაში ჩემთან მოსული არ დაგინახოო. კვირაია ამ რეაქციამ ძალიან შეაშინა, მაგრამ მთვრალი იყო და თავისი მაინც არ მოიშალა, იოსელიანს ისევ სამძიმარზე წასვლას სთხოვდა. იოსელიანმა იფიქრა, კვირაია ძალიან შეწუხდა ნათესავის სიკვდილით, ძალიან განიცდის და ალბათ ამიტომაც დალია ამდენიო. ის ბიჭი გამსახურდიას რეჟიმის მსხვერპლი იყო და ურიგო არ იქნებოდა, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მის ოჯახში სამძიმარზე მივიდოდნენ. ამ თემაზე იოსელიანი შევარდნაძეს დაელაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ისიც ასე ფიქრობდა თურმე. მათ კვირაიას ადამიანურად გაუგეს და სამძიმარზე წასვლა გადაწყვიტეს.
- თქვით, რომ ქალაქში გასვლა სარისკო იყო. დაცვამ ამაში ხელი არ შეუშალეთ?
- დაცვა უარს ვამბობდით. არ ვიცოდით, რა მდგომარეობა იყო ქალაქში. მათ თავისი არ მოიშალეს და გადაწყვეტილება არ შეცვალეს. შედგა საგანგებო კოლონა და ყველა ერთად გავეშურეთ იმ სახლისკენ სადაც მიცვალებული უნდა ყოფილიყო. სახლის მარცხნივ, სადაც ჩვენ მივდიოდით, ჩადიოდა ქუჩა. ამ ქუჩისთვის მაშინ ყურადღება არავის მიუქცევია. მთავარი ყურალღება სახლზე იყო გადატანილი. ეზოს რომ მივუახლოვდით, სანახაობით ყველანი გაკვირვებული დავრჩით. 
- ამისთანა რა დაინახეთ?
- ეზოში კაციშვილი არ ჭაჭანებდა, რაც ნამდვილად გასაკვირი იყო. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რა ხდება ხოლმე სამეგრელოში, როცა მიცვალებულია. არის ერთი წივილ-კივილი. იმ სახლიდან კი ხმა არ გამოდიოდა. არადა, ვიცოდით, რომ 17 წლის ბიჭი იყო დაღუპული. ასე გაკვირვებულები შევედით სახლის პირველ სართულზე. ჩვენი გაოცება მაშინ უნდა გენახა, როცა არც იქ დაგვხვდა ვინმე. არც ცხედარი ესვენა სადმე. გავიხედეთ და კუთხეში ახალგაზრდა ბიჭის გადიდებული სურათი დავინახეთ. სურათის წინ პატარა მაგიდა იდგა, რომელზეც სუფრა იყო გაშლილი. მაშინ ჩვენ მივხვდით, რომ ეს ბიჭი უკვე კარგა ხნის დაკრძალული იყო. კვირაიამ ეს არ გვითხრა. ეს რომ გვცოდნოდა, იქ არაფრით არ წავიდოდით. მან იცოდა, რომ ასე მოხდებოდა და ამიტომაც არ გაგვიმხილა სიმართლე. კარგად მახსოვს შევარდნაძისა და იოსელიანის გაკვირვებული სახეები. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ. კვირაია სადღაც გავიდა, მოიყვანა ჭირისუფალი. მახსოვს, იმ ქალს მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ბატონმა ჯაბამ და ბატონმა ედუარდმა ჭიქა ასწიეს და იმ ბიჭის შესანდობარი თქვეს. მივუსამძიმრეთ, რის შემდეგაც დავტოვეთ იქაურობა. სახლიდან რომ გამოვედით, საშინელი წივილ-კივილი ატყდა. ჩვენ ვიფიქრეთ, თავდასხმა ხომ არ მოხდაო. ქალები საშინლად კიოდნენ. როგორც ისინი ამბობდნენ, შეიარაღებული პირები ერთ-ერთ ბინას აყაჩაღებდნენ. ეს ინციდენტი ჩვენიდან 50 მეტრის დაშორებით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ხდებოდა. შემთხვევის ადგილზე ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ, ვინც იყო, მაგრად კიოდა. ქალები საშინლად გვწყევლიდნენ. ბატონმა ჯაბამ მითხრა, სასწრაფოდ გამეგო, რა ხდებოდა. ამბის გასაგებად გავაგზავნე რამდენიმე მხედრიონელი. შევარდნაძემ, თავის მხრივ, გააგზავნა სპეცრაზმ "ომეგას" ბიჭები. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ის ექვსი ადამიანი იმ ბინაში იარაღის ამოსაღებად იყო შესული. როგორც უკვე გითხარით, იყო ბრძანება, რომლის თანახმადაც, სამთავრობო ძალების წარმომადგენლებს იარაღი უნდა ამოეღოთ. იმ მომენტში ისინი ყველამ ყაჩაღებად ჩათვალა. ისინი დააკავეს.
- მათ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ?
- არანაირი. ისინი დავალებას ასრულებდნენ, იფიქრეს, რომ ყველაფერი მარტივად გაირკვეოდა და იარაღი მაშინვე დააწყვეს. მათ ხელბორკილები დაადეს და მიწაზე პირქვე დააწვინეს. ჩვენ ამ სცენას ძალიან ახლოდან ვუყურებდით.
- შევარდნაძეც უყურებდა? 
- შევარდნაძეც უყურებდა. იქვე იყო კვირაიაც. ის და შევარდნაძე ერთმანეთის გვერდით იდგნენ. დაკავებულები რომ გამოიყვანეს, ხალხი დაწყნარდა. აღარ კიოდნენ და აღარ იწყევლებოდნენ. შევარდნაძე და კვირაია ჩვენგან ცოტა შორს იყვნენ. იოსელიანმა მითხრა, უთხარი, ჩვენთან ახლოს მოიწიონ, რამე არ მოხდესო.
- იყო ამის საშიშროება?
- იყო. ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა. არ ვიცოდით, ვინ ვინ იყო. ამიტომ ვთხოვე ბატონ ედუარდს, ახლოს მოსულიყვნენ. ისინი მოვიდნენ ჩვენთან. მთვრალი შოთა კვირაია შევარდნაძესა და ჯაბა იოსელიანს შორის იდგა. უცბად კვირაიამ რაღაცა უჩურჩულა ყურში შევარდნაძეს. მას სახეზე არანაირი რეაქცია არ დასტყობია. გაყინული სახე ჰქონდა. ცოტა ხნის მერე კვირაია მოწყდა ადგილიდან და ბარბაცით წავიდა დაკავებულებისკენ. მიუახლოვდა თუ არა, ერთ-ერთ ომეგელს გამოართვა ავტომატი და ჯერი გადაატანა პირქვე დაწოლილ, ბორკილებდადებულ ბიჭებს. 5 მათგანი ადგილზევე მოკვდა. ღვთის წყალობით, ერთი გადარჩა, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 
- ეს ადამიანი დღეს ცოცხალია?
- არ ვიცი, ცოცხალია თუ არა. სასჯელი მან სულ ტყუილად მოიხადა. 
- დახვრეტის სცენას შევარდნაძე და იოსელიანიც უყურებდნენ?
- კი.
- რა რეაქცია ჰქონდათ?
- გაოგნებული ვიყავით ყველა. არ მოველოდით მისგან ასეთ ქმედებას. მან ჩაიდინა დიდი უკანონობა. ამ ადამიანებს ისედაც ხელბორკილები ედოთ. მას, ელემენტარულად, უნდა დაეპატიმრებინა ისინი და გარკვეულიყო, რაში იყო საქმე. დამნაშავეებიც რომ ყოფილიყვნენ, მას არ ჰქონდა უფლება, ისინი დაეხვრიტა. 
- ხელი ვერავინ შეუშალა კვირაიას?
- ამას არავინ მოელოდა. ამიტომ მისთვის ხელის შეშლა ვერავინ მოასწრო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის გააკეთებდა ამას, შევარდნაძეც კი გაოგნებული იყო. ისიც ვერაფერს ამბობდა. ძალიან ამაზრზენი სცენა იყო. კარგა ხანს გონს ვერავინ მოვდიოდით. ყველაზე მეტად ხალხის რეაქციამ შემზარა.
- რა რეაქცია ჰქონდათ? 
- ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. ამ ხალხის კმაყოფილებას რომ ვუყურებდი, გაოგნებული ვიყავი. ერთს არ გასჩენია პროტესტის გრძნობა. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ქართველები ვიყავით.
- კვირაიასთვის იოსელიანსა და შევარდნაძეს არც მოგვიანებით უთქვამთ რამე?
- იქიდან შტაბში წავედით. კვირაიასთვის ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხეთ. ის იმ წამსვე გაქრა, გააცნობიერა, რაც გააკეთა. მერე გავიგეთ, რომ იგორ გიორგაძის ბეტეერით წავიდა თბილისისკენ. ფრთხილობდა, ვიღაცას რაღაცა არ გაეკეთებინა. "ომეგას" ბიჭები გადარეულები იყვნენ, ისევე, როგორც ჩვენი ბიჭები. ამბობდნენ, ხელბორკილებდადებულები როგორ დახვრიტაო. ჩვენ თბილისში დავბრუნდით. შევარდნაძე კიდევ დარჩა ზუგდიდში. წამოსვლისას ის და იოსელიანი შეთანხმდნენ, რომ ორ დღეში შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
- ზუგდიდიდან მხედრიონიც გამოიყვანეთ?
- კი. მხოლოდ პაიჭაძეს დავუტოვეთ 15 კაცი. ხობში რომ შევდიოდით, ჩვენზე გამსახურდიას მომხრეებმა სცადეს თავდასხმა, რომელიც მხედრიონმა აღკვეთა. იქ გავიგეთ, რომ ის ბიჭები, რომლებიც დახვრიტეს, ხობელები იყვნენ. შევარდნაძე და იოსელიანი დაპირებისამებრ შეხვდნენ ერთმანეთს. შევარდნაძე ეუბნება ბატონ ჯაბას ასეთ სიტყვებს: ერთი მითხარი, ჯაბა, კვირაია ვისი კაციაო. როგორ, ვისი კაციაო, შეუბრუნა კითხვა იოსელიანმა. უთხრა, ჩვენია, ვისი იქნებაო. არაო, დაიჩემა შევარდნაძემ, რაღაც მეეჭვებაო. თქვა, მომიტანეს ასეთი ინფორმაცია, რაც ძალიან დამაფიქრებელიაო. მაინც რაო, ჰკითხა იოსელიანმა. რა და, კვირაიას უთქვამს, მაცალონ, შევეკვრები გია ყარყარაშვილს და მაგათ ვუტირებ ყოფასო.
- ვისთვის აპირებდა ყოფის ტირებას?
- შევარდნაძისა და ჯაბასთვის. ჯაბამ შევარდნაძის ნათქვამი არ დაიჯერა. მერე შევარდნაძემ იმ კაცის ვინაობა დაასახელა, რომელთანაც კვირაიამ ასეთი რამე თქვა. იოსელიანმა ეს ინფორმაცია თავისი წყაროთიც გადაამოწმა და გაარკვია, რომ კვირაიას ასეთი რამე მართლაც ჰქონდა ნათქვამი. ცოტა ხანში ხობელებმა აქცია გამართეს. ისინი კვირაიას დასჯას ითხოვდნენ. იოსელიანმა შევარდნაძეს სთხოვა, კვირაია მოეხსნა. შევარდნაძემ დაიჩემა, ჯერ არა, ჯერ არაო. მოგვიანებით გავარკვიეთ, რატომაც ვერ შეელია იმ მომენტში კვირაიას შევარდნაძე.