ტექნიკურ მეცნ მეცნიერებათა დოქტორი პაატა რეკვავა

,,რას გვეტყვით თქვენზე’’

ფოტო პაატა რეკვავა
ჩვენ ყველანი მოვდივართ წარსულიდან, რომელიც ჩვენი წინაპრების გარეშე წარმოუდგენელია. ამ თვალსაზრისით არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი ბებია ბაბუები. მამის მხრიდან ვერა საბახტარაშვილი და გიორგი რეკვავა, ხოლო დედის მხრიდან ეკატერინე ფუტკარაძე და სერგო ქიტიაშვილი. ისინი განათლებული, ძალიან თბილი და მოსიყვარულე, ადამიანები იყვნენ, რომელთა სახე ჩემს მეხსიერებაში არასოდეს არ წაიშლება.

მშობლების მხრიდანაც,შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა. დედა-მერი ქიტიაშვილი რეკვავა აგერ უკვე 50 წელია ემსახურება რაიონს ექიმ-გინეკოლოგის რანგში, რისთვისაც მიღებული აქვს მრავალი სიგელი თუ მედალი და ღირსების ორდენი.

მამა კუკური (აბესალომი) რეკვავა ყოვლად ნიჭიერი ადამინი იყო. მას დამთავრებული ჰქონდა იურიდიული და სამშენებლო ფაკულტეტი, მაგრამ სპციალობით არ უმუშავია. რაიონს ემსახურებოდა თვითნასწავლი ცოდნით მხატვრობით. მას ხობში იცნობდნენ, როგორც სამართლიან ადამიანს, რომლისგან მე დამამახსოვრდა ასეთი გამოთქმა: ,,ადამიანი ნავი როდია ნაპირს მიაბა და მიატოვო.’’ ყოველთვის ვცდილობდი და ეხლაც შეძლებისდაგვარად რეალიზებას ვუკეთებ მის დევიზს.

ძალინ თბილად მახსენდება ხობის საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდი. ნამდვილად გამიმართლა, რომ მასწავლიდნენ ისეთი პროფესიონალი პედაგოგები, როგორიც იყვნენ-ვერა დარასელია, ვიდიკო ბიგვავა, ეთერ კვიკვინია, შალვა ხარებავა, ციალა ზაქარაია, შალვა კალანდია, თალიკო გოგინავა, ოლია იოსავა, მიშა დანელია და სხვები. ამ პერიოდში უკვე რა თქმა უნდა მყავდნენ მეგობრები ჩემი თანაკლასელების სახით, რომელთაგან ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა რამაზი კილასონიასთან, ვალერი იოსავასთან, რევაზ ზარქუასთან, ზურაბ ბაგრატიასთან, ნელი ფაჩულიასთან, ნანული გაბედავასთან.

სკოლა დავამთავრე 1965 წელს ოქროს მედალზე და გავემგზავრე ქ. მოსკოვს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. მამის რჩევით ჩავაბარე მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში, შემდეგ კი გადავედი მოსკოვის საინჟინრო საამშენებლო ინსტიტუტში. ჯგუფში ვიყავით 25 სტუდენტი, მათ შორის ჩამოსულები მხოლოდ ორი მე და კიევიდან ალა ფაშჩუკი. საერთოდ, 5 ბიჭი ვიყავით დანარჩენი გოგოები. სამხედრო თეორიულ სწავლებას გავდიოდით ყველანი ერთად. პირველ მეცადინეობას გვიტარებდა სამხედრო კათედრის პოლკოვნიკი. მოხდა ასეთი კურიოზი. კითხულობდა ჟურნალის მიხედვით სტუდენტების სიას გვარების დასახელებით ჩემი რიგი რომ მოვიდა თქვა ,,სტუდენტკა” რეკვავა რასაც რათქმა უნდა მოყვა ჟრიამული, რადგანაც შევრჩი ხელში ,,სტუდენტ” რეკვავა. საერთოდ ჩემი გვარის მიხედვით პროფესორ-მასწავლებლები ვერ გებულობდნენ ვინ ვიყავი ზოგჯერ უცხოელ სტუდენტშიც კი ვერეოდით. ვსწავლობდი კარგად და როგორც წარჩინებული სტუდენტი ერთი თვით გამაგზავნეს საწარმოო პარაქტიკაში უნგრეთში. არასოდეს არ დამავიწყდება ქ. ბუდაბეშტში, დებრეცენში, პეჩში სამშენებლო მოედანზე გატარებული დღეები.
       ჩემს ჯგუფელებთან დღესაც მაქვს ურთიერთობა, ბოლო ხანებში ზოგიერთ მათგანთან მხოლოდ სატელეფონო, რადგანაც მიმოსვლა შეწყვეტილია რუსეთის მხრიდან ვიზის გაუცემლობის გამო.
   უმაღლესის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა დავიწყე სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი #6-ის თბილისის ფილიალში. ეს იყო პატარა, მაგრამ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია. პარალელურად ვემზადებოდი სამეცნიერო საქმიანობისათვის. დადგა ის დღეც, როდესაც ჩავაბარე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის სრული კურსის 1978წელს დამთავრების შემდეგ ინსტიტუტში ვიმუშავე 1995 წლის აგვისტომდე მეცნიერ და უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.

        ჩემთვის ძალიან ძვირფასია ჩემ მშობლიურ ხობში მუშაობის მოკლე პერიოდი. უფრო ახლოს გავიცანი ის ხალხი, ვინც ემსახურებოდა რაიონს სოციალურ, სამრეწველო და სამშენებლო სფეროში. ეს იყო 1995-1996 წლები, როდესაც მაშინდელი მმართველი პარტიის რეკომენდაციით ვმოღვაწეობდი რაიონის გამგეობის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ვიყავი ლტოლვილთა რაიონული კომიტეტის თავჯდომარე.

  შემდეგ, 1996-2004 წლებში, ვმუშაობდი საქართეველოს პარლამენტის თვითმართველობის და რეგიონული პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების აპარატის უფროსად. რამდენიმე კანონპროექტის შემუშავებაში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ჩემი ავტორობით გამოცემული წიგნი სახელწოდებით ,,ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების ფორმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში”. პარლამენტში მუშაობის დროს ერთი მოქალაქე შემოვიდა განცხადება-საჩივრით ჩვენს კომიტეტში, რომლის მოცულობა შეადგენდა 80 გვერდს. კომიტეტის თავჯდომარემ მთხოვა, რომ მიმეღო და მომეხდინა შესაბამისი რეაგირება. ორი საათი ვუსმენდი განმცხადებელს და საბოლოოდ მის სასარგებლოდ გადაწყდა საკითხი. მან მადლობის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზედენტს.

    2004 წლის სექტემბერში კვლავ დავბრუნდი ინსტიტუტში სწავლული მდივნის და დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო 2006 წლის 2 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით დავინიშნე სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
        მეცნიერულ საქმიანობის პერიოდში ჩემთვის დაუვიწყარია ორი თარიღი: 1983 წლის 22 აპრილი, როდესაც დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და 2006 წლის 29 ნოემბერი, როდესაც დაცვის შემდეგ მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ვარ 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და პატენტების ავტორი. ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიტატო დისერტაცია. ამჟამად გახლავართ ევროპის სეისომედეგი მშენებლობის ასოციაციის წევრი, 2005 წლიდან საქართველოს დელეგატი დსთ-ს სამთავრობოთაშორისო საბჭოს სეისმომედეგი მშენებლობის კომისიაში. რა თქმა უნდა, დაუვიწყარია ჩემს მეუღლეზე როზა ნანავა-რეკვავა დაქორწინების თარიღი. ჩვენ ერთად ვქმნით ოჯახურ
   ჰარმონიას აგერ უკვე 32-ე წელია. ის განათლებით ინჟინერ-ქიმიკოსია, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანულ ქიმიის ინსტიტუტში, ამჟამად ბიზნესის სფეროშია დასაქმებული.
    ჩვენი სიამაყეა ჩვენი შვილი მერი რეკვავა, რომლის დაბადებამ 1983 წლის 16 სექტემბერს გაახარა არა მარტო ჩვენი ნათესავები არამედ ყველა ჩვენი ოჯახის კეთილმოსურნე, როგორც თბილისში, ასევე ხობში. მერიკომ აირჩია ბებიის სპეციალობა და წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამჟამად ის მის მეუღლე ირაკლი გახოკიძესთან ერთად გადის რეზიდენტურის კურსს.
     შეიძლება ითქვას, რომ ხელმეორედ დავიბადე, როდესაც შემეძინა შვილიშვილი. 2005 წლის 22 ნოემბერს მოგვევლინა მარიამ გახოკიძე, რომელმაც ერთ-ერთი პირველი სიტყვა ,,ბაბუ” წარმოთქვა. ჩვენ ის თავდავიწყებით გვიყვარს, რასაც ასე პატარა, ძალიან კარგად გრძნობს. მარიამი ჩვენი სიხარული და მაცოცხლებელია. მინდა ვუსურვო, რომ მის ბედის ვარსკვლავს სულ ებრწყინოს ცის კამარაზე.
     საქართველოში ამჟამად ეკონომიკის აღმასვლაა, აღმშენებლობითი პროცესია. მინდა ვუსურვო ჩემს რაიონს წარმატება, ჩემს ხობელებს ბედნიერი და უსაფრთხო ცხოვრება. მე, სპეციალობიდან და თანამდებობიდან გამომდინარე, შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო რაიონის სეისმური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, რაც უშუალოდ უკავშირდბა ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებასა და მატერიალური ზარალის შემცირებას მიწისძვრების დროს.

კირიკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის
და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი
ტექნ. მეცნიერებათა დოქტორი
პაატა რეკვავა

სექტემბერი 2007 წ