საპროტესტო აქციები უშუქობის ფონზე


უშუქობამ ქუჩაში გამოიყვანა ხობის რაიონის სახოკიასა და ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებიც. 20 აგვისტოს მდინარე ხობის ხიდზე 30-მდე ადამიანმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტა ზუგდიდი – თბილისის ცენტრალური მაგისტრალი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 24 ივლისიდან არ მიეწოდებათ ელექტრო ენერგია. შესაბამისად პრობლემები აქვთ წყლის მიწოდებასთან, რაც ფეთქებად საშიშს ხდის ვითარებას ეპიდემიის მხრივ ამ ტერიტორიებზე. როგორც გაირკვა, ხობის ენერგო-დისტრიბუციის ხელმძღვანელმა კახა მეგრელიშვილმა, ამ ორი ქუჩის მაცხოვრებლებს ხელი მოაწერინა შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს გასული წლების 4 300 ლარამდე დავალიანების დაფარვას 8 თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა დათანხმდა ამ კაბალურ პირობებს, მეგრელიშვილს ახალი პრეტენზია გაუჩნდა და მოითხოვა ვალის აღიარება დევნილებისგანაც. ბიუჯეტიდან ერთ სულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეზე ყოველთვიურად ირიცხება თანხა 8 ლარის ოდენობით ზაფხულის პერიოდში, ხოლო ზამთარში 10 ლარი. გაურკვეველია, რატომ უნდა აღიარონ დევნილებმა დავალიანება, როდესაც საშუალოდ თითო ოჯახი ფაქტიურად იხდის მინიმუმ 40 ლარს, რაც მათ მიერ  მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურს აღემატება.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი