ადამიანების წამება ხობის რაიონის პოლიციაში

სოზარ სუბელიანი, თბილისი 9 აპრილს ხობის რაიონის პოლიციის შენობაში სასტიკად სცემეს სოფელ ხამისკურში მცხოვრები ჯუმბერ ქირია, რომელიც ცემის შემდეგ უგონო მდგომარეობაში დააგდეს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაზარალებული აღმოაჩინეს შემთხვევითმა გამვლელებმა, რომლებმაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ქირიას თანასოფლელებმა 574 კაცის მიერ ხელმოწერილი განცხადება გაგზავნეს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

ხამისკურელების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა შუშანიამ, ნარკომანიასთან მებრძოლი განყოფილების უფროსმა ბისმარკ კემულარიამ და სამძებროს ინსპექტორმა რუსლან ჭითავამ, საპროცესო კოდექსის სრული უგულებელყოფით, ღამის პირველ საათზე სახლიდან გაიყვანეს 45 წლის ჯუმბერ ქირია. იგი ხობის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც სასტიკად სცემეს და ღამის სამ საათსა და 30 წუთზე, თითქმის უგონოდ მყოფი, ქუჩაში დააგდეს. საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი ეთერ მგალობლიშვილი ასე აღწერს ქირიას წამების ფაქტს: [ეთერ მგალობლიშვილის ხმა] “ცემა მიმდინარეობდა სხვადასხვა ბლაგვი საგნებით, სკამით, მუშტებით და ეს ყველაფერი მას ემჩნეოდა სხეულზე: მთლიანად დალურჯებული ჰქონდა თვალები, მიიღო ტვინის მძიმე შერყევა და უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასევე დაზიანებული ჰქონდა კიდურები, სისხლჩაქცევები ჰქონდა, ექსპერტიზა არსებობს ამის შესახებ”.[სტილი დაცულია]

ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ 9 აპრილს, დილის 6 საათზე, საავადმყოფოში მიყვანილ ქირიას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის ჰემატომა, მრავლობითი ესკორაციები სახეზე და მუხლის სახსარზე, სისხლნაჟღენთი შუბლის მარჯვენა ზედაპირზე, თავის ქალის დახურული დაზიანება და ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რომელიღაც ბლაგვი საგნის მეშვეობით.

ეთერ მგალობლიშვილის თქმით, ისევ სოფელმა გადაწყვიტა რეაგირება ქირიას საქმეზე, რადგან თვითონ დაზარალებული დაშინებულია და ხმის ამოღებას ვერ ბედავს: [ეთერ მგალობლიშვილის ხმა] “რეაგირების ნაცვლად, ჯუმბერ ქირიას შემოუთვალეს სხვადასხვა კაცის პირით, რომ შეეწყვიტა მოქმედება და არ მიეცა ჩვენება, რომ ის იქნა ნაცემი პოლიციის თანამშრომლების მიერ, თორემ მის ოჯახს უარეს დღეს დააყრიდნენ. ამდენად, როდესაც ვესაუბრე ჯუმბერ ქირიას, მან პირადად განმიცხადა, რომ ის და მისი ოჯახი ტერორის ქვეშ იმყოფებიან და, ამიტომ, ჩვენებას არ იძლევა, რადგან ეშინია, რომ მის მოქმედებას უარესი შედეგი არ მოჰყვეს.”[სტილი დაცულია]

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განგვიცხადეს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ მოეპოვებათ, თუმცა, ეთერ მგალობლიშვილის თქმით, განცხადება მან ნამდვილად მიაწოდა სამინისტროს. რაც შეეხება დამნაშავეებს, ისინი, ჯერჯერობით, არათუ არ დასჯილან, არამედ ერთ-ერთი მათგანი ქირიას წამებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხობის ცენტრში ახალი დანაშაულის ჩადენაში იქნა შემჩნეული: [ეთერ მგალობლიშვილის ხმა] 
-
“ამის შემდეგ, როგორც ქირიას მეუღლეს განუცხადეს, ეს პიროვნება – შუშანია – თითქოსდა გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან, მაგრამ 4-5 დღის შემდეგ ის კვლავ ნახეს ქალაქის ცენტრში, იარაღით ხელში, როგორ არღვევდა სხვა მოქალაქის უფლებებს. კერძოდ, მან იარაღი – პისტოლეტი – თავში ჩაარტყა რიგით მოქალაქეს, სრულიად უდანაშაულოს.” 
-
“მისი გვარი და სახელი თუ არის ცნობილი?” 
-
“ როგორ არ არის ცნობილი! ის გახლავთ ტარიელ ბუკია.”

2002 წლის წინასაახალწლო დღეებში პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველო წამებისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა, გასული კვირის ბოლოს კი განაცხადა, რომ საქართველოში მომწიფდა პირობები, როცა ამგვარი გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა გახდეს. თავის საპროგრამო სიტყვაში, რომელიც 19 მაისს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ბრძანა: “ჩემი ღრმა რწმენით, სამართალდაცვის ორგანოებში ძველი მენტალიტეტი თანდათანობით ადგილს უთმობს ახლებურ, ცივილიზებულ მიდგომებს, რომლებსაც ჩვენ გვიკარნახებს კანონი. აუცილებლად უნდა გადაილახოს ის უარყოფითი იმიჯი, ის უნდობლობა, რომელიც აღმოცენდა ჩვენი საზოგადოების ნაწილში სამართალდამცველების მიმართ. მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი – წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა ყოვლად მიუღებელი მოვლენაა ცივილიზებული საზოგადოებისთვის. ამგვარი მოქმედების ჩამდენი ნებისმიერი დონის თანამდებობის პირი, მისი მფარველი ან ხელის შემწყობი უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. და ეს სასჯელი უნდა გახდეს და გახდება კიდეც გარდაუვალი.”

ხამისკურელები, საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად, პრეზიდენტის ოპტიმიზმს ნაკლებად იზიარებენ, რაც მათ განცხადებაშიც აისახა. განცხადების თანახმად, ხობის რაიონის პოლიცია “გვევლინება არა როგორც კანონდამცავი და საზოგადოებრივი ცხოვრების მასტაბილებელი ორგანო, არამედ როგორც სამართალდამცავთა უფლებამოსილებებს ამოფარებულ კანონიერ ყაჩაღთა ბუნაგი, სადაც ათასი უკანონო, სადისტური და უსამართლო უმსგავსობა ხდება. არავინ ვართ დაზღვეული, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს - ჩვენს შვილებს თუ შვილიშვილებს- ხობის პოლიციაში მომსახურე ნარკომანები ნარკოტიკს არ ჩაუგდებენ, ყაჩაღები – იარაღს, ვანდალები – თავ-პირსა და კიდურებს არ დაუმტვრევენ, მკვლელები – არ მოკლავენ და სადმე არ გადააგდებენ, ბოლოს კი, ამ დანაშაულთა გამო, ისევ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ გაასამართლებენ. გთხოვთ, დაგვიფაროთ ასეთ “სამართალდამცავთა” ბოროტმოქმედებისგან დათრგუნვილები.სტილი დაცულია]

ასე ესმის მოსახლეობას სასჯელის გარდაუვალობა, რომლის შესახებაც ასეთი პათოსით ლაპარაკობს პრეზიდენტი შევარდნაძე.