ხამისკურში ლევან ხოფერიას მიერ 1995 წელს გავრცელებული პროკლამაციის ტქსტი


თანამემამულენო!
ახლოვდება 5 ნოემბრის ე.წ. არჩევნები. ჩვენ არ ვიცით 1992 წლის „იმედის არჩევნების“ შემდგომ - 1995 წლის არჩევნებს რა დაერქვა სახელად, მაგრამ ვიცით ერთი რამ, სადაც სარეველა და ეკალი არის ჩათესლილი, იქ ვერასდროს ვერ ამოვა ია და ვარდი. ასე რომ „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ (მიუხედავად რეკლამებისა, ფერადი პლაკატებისა თუ აგიტაცია-პროპაგანდისა), მოუწოდებს ხობის რაიონის მოსახლეობას, ემოციებმა არ დაჯაბნოს გონება და გააკეთონ სწორი არჩევანი. სწორი არჩევანი კი მდგომარეობს საარჩევნო უბნებთან გამოუცხადებლობაში, არჩევნებისადმი ბოიკოტის გამოცხადებაში.
ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებისადმი ბოიკოტი კონსტიტუციური უფლებაა. ბოიკოტი, ეს არის არჩევნებისადმი დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმა.
„იმედის არჩევნების“ შემდეგ მთელი სამი წელი გაზეთებით, ტელევიზიით და რადიოთი გვიჩიჩინებდნენ, რომ პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის, პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ. ტრაქტორისტმა უნდა ხნას მიწა, მეწაღემ ფეხსაცმელი უნდა კეროს, მრეცხავმა რეცხოს და ა.შ. არ გვქონდა უფლება ხმამაღლა გვეთქვა რამე პოლიტიკაზე, მაგრამ ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება (არჩევნები კი როგორც მოგეხსენებათ წარმოადგენს პოლიტიკურ აქტს), ერთი დღით (5 ნოემბერს) მოგვცეს უფლება ჩავერიოთ „დიდ“ პოლიტიკაში. გვესმოდა ტელევიზიით წინასაარჩევნო რეკლამებისას, როცა თავს გვაცნობდნენ პარტიათა თუ საზოგადოებათა ლიდერები: თქვენი მონამორჩილი - ნოდარ ნათაძე, თქვენი მონამორჩილი - ვახტანგ გოგუაძე თუ ირინა სარიშვილი, გურამ მუჩაიძე თუ ვახტანგ რჩეულიშვილი, თედო პაატაშვილი თუ ... დღეს კი ყველამ კარგად იცის, გლეხმაც, აკადემიკოსმაც, მუშამაც და ხმის მათხოვარმაც თუ ვინ გახდა მონა და მორჩილი, მშიერი და მწყურვალი, ჩაუცმელი და დაუხურავი.
რაც შეეხება ხმის მიცემას ძვირფასო თანამემამულენო, ყოველი ამომრჩეველი უნდა გრძნობდეს უზარმაზარ პასუხისმგებლობას. ისე არ უნდა მოხდეს, როგორც „იმედის არჩევნებზე“ და ხმა არ უნდა მივცეთ (ზოგიერთებმა), კრიმინალთა შორის უდიდეს კრიმინალს, რათა თავად არ გავხდეთ კრიმინალური აქტის მონაწილე.
ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ, როგორც საპრეზიდენტო ასევე საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, დეპუტატობის კანდიდატების წინააღმდეგ რამე პირადული ან ცუდი ზრახვები გვამოძრავებდეს. ჩვენ მათ პატივს ვცემთ, ვაფასებთ, მეტნაკლებად ღირსეულ პიროვნებებად ვთვლით, მაგრამ ბოიკოტი გამოხატავს დამოკიდებულებას არა ცალკეული კანდიდატისადმი, არამედ არსებული წესისადმი, ხელისუფლებისადმი, შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისადმი.
4 ნოემბერი