ელგუჯა გიორგის ძე შელიას ხსოვნას

ადრე შეწყვეტილი სიცოცხლე ღმერთის არჩევანიაო-იტყვიან. ასეც რომ იყოს მაინც ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ელგუჯა გიორგის ძე შელია ამ ქვეყნად არ არის და ზეციურ სამყაროს შეუერთდა.
            ლამაზმა ჭაბუკმა ლამაზად იცხოვრა, მან მხოლოდ 35 წელიწადი გამოსტაცა წუთისოფელს. ბუნებით დინჯი, უპრეტენზიო და შინაგანად ამაღლებული მშვიდად შეხვდა სიკვდილს. უკურნებელი სენით ბრძოლაში გაიმარჯვა, სიკვდილი დათრგუნა იმ ძალამ, რომელიც სიყვარულით მოსავს მის სახელს.
            ბუნებამ უხვად დააბერტყა მას თავისი კალთა, საუბედუროდ მანვე უდროოდ მოუსწრაფა სიცოცხლე. ჩაქრა ერთი ლამაზი, უღალატო კოლხი ვაჟკაცის სანთელი, რომელიც ნელ-ნელა იღვინთებოდა...  ცხოვრების ფერხულში ყოფნა ჰქონდა აღზრდილს არ ჰქონდა უფლება არაკაცურად ეცხოვრა. ამიტომაც იყო მისი ცხოვრება ასე საოცნეობო, უხინჯო და ალალი. 35 წლის კაცმა სიკვდილზე გაიმარჯვა, რადგან დატოვა ნათელი კვალი, მშვენიერი და დიდი სიყვარულით შედუღაბებული ოჯახი...
            ელგუჯა შელია სოფელ პირველ ხორგაში დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს. წარმატებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტი და ქალაქ სოხუმის მე-6 საამშენებლო ტრესტში  დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა ინჟინერმა იმთავითვე მიიქცია ყურადღება. მან მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა ჩადო იმ ობიექტების მშენებლობაში, რომელთაც შვილივით ეფერებოდა. ყველაფერი განსაკუთრებული უყვარდა. თავადაც ალამაზებდა ყველაფერს, განსაკუთრებით კი თავის კოპწია და ნაზ ოჯახს. მეუღლე ლიანა ქვარცხავასთან ერთად სიყვარულით გარემოსილ ოჯახში სამი შვილი გენადი, ეკა და თაკო იზრდებოდა, სხვა რომ არა იყოს რა, ელგუჯა შელიას უკვდავებისათვის მათი სილამაზე ეყოფა... ვაგლახ, არ დასცალდა რასაც ესწრაფებოდა, წელს თავისი უფროსი შვილი ვერ მიაცილა პირველ კლასში...
            თავად მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან და რა სატანჯველი დაუტოვა თავის მშობლებს, ტყუპისცალ ერთადერთ და ადას, ძმა ვალერის. დიდია ტკივილი, აუნაზღაურებელი დანაკლისი, რა ნუგეში უნდა უთხრა მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ბრალი მისი ვისაც მისი ღიმილი, სითბო და სიყვარული დააკლდა. ძნელია ნუგეშიო ვამბობ, მაგრამ როცა მის ლამაზ ოჯახს თვალს მოავლებ, იელვებს იმედის ნაპერწკალი, ნიშნად იმისა, რომ მის გვარს და ჯილაგს გადაშენება არ უწერია. მის ლამაზ თვალხატულა შვილებში გაგრძელდება ელგუჯა შელიას სიცოცხლე.
            ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან ელგუჯა შელია, ნიჭითა და ენერგიით სავსე ინჟინერ-მშენებელი, რომელსაც შეეძლო კიდევ ბევრი რამ გაეკეთებინა, თუმცა რაც შეძლო და მოასწრო ერთი კაცის სიცოცხლისათვის კმარა, მართალია ომმა ნაცარ-ტუტად აქცია მისი ნაშენი ნაგებობები აფხაზეთში და დიდი ტკივილი დუტოვა, მაგრამ თბილისელი კოლეგები არას დააკლებენ მის სახელს, მის ნაგებ და ნალოლიავებ მშენებლობებს. ძნელია მასზე წარსულ დროში საუბარი. უბრალოდ ვიტყვით, ელგუჯა შელიამ უბრალოდ, ლამაზად და უპრეტენზიოდ იცხოვრა, დარჩენილი დარდი და ტკივილი ამის ნათელი დადასტურებაა. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა.

მერი ლაგვილავა
,,ხოვსნის წიგნი“
(ეგრისელები) 1995 წელი.