ხეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ემიგრაციიდან ეხმიანება სკოლის ყოფილი დირექტორი, ქალბატონი ლალი გადელია.
თავის ემოციურ წერილში ის იხსენებს დაუვიწყარ პედაგოგებს, სკოლის ისტორიას და გვიზიარებს საკუთარ მისიას — თუ როგორ ასწავლის წლებია უანგაროდ ქართულ ენას ემიგრანტ ბავშვებს უკრაინასა და გერმანიაში.
ეს არის მადლიერებითა და სამშობლოს სიყვარულით სავსე ამბავი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ხობის მუნიციპალიტეტს
ხეთის საჯარო სკოლის საზოგადოებას
მოგესალმებით,
დიდი სიხარულით შევიტყვე, რომ ხეთის საჯარო სკოლის შენობის კაპიტალური რესტავრაცია წარმატებით დასრულდა. გარემონტებული და განახლებული სკოლა, ახალი ავეჯი და თანამედროვე დანადგარები, ინკლუზიური სწავლებისთვის შექმნილი სათანადო პირობები და გალამაზებული ეზო — ეს ყველაფერი ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულო ინფორმაცია იყო. გულით მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს მოჰყვება განვითარების კიდევ არაერთი ღირსეული ეტაპი.
ერთხელ, როცა Albert Einstein-ს ჰკითხეს, რას იტყოდა წინაპრებზე, მან უპასუხა: „არ დაგავიწყდეთ, წინაპართა მხრებზე ვდგავართ.“ სწორედ ამ სიტყვებშია დიდი ჭეშმარიტება. ამ მხრივ ბედნიერი და გამორჩეულია ხეთის საჯარო სკოლა, რადგან მას მრავალი ღირსეული წინამორბედი და ცოცხალი მემატიანე ჰყავს.
ქალბატონ ნათელა მაკალათიას შემდეგ სკოლის დირექტორად დაინიშნა ბატონი კარლო ბუკია — საუკეთესო მასწავლებელი და ღირსეული ხელმძღვანელი. ბატონი კარლო ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იყო და მისგან მიღებული ცოდნა და ცხოვრებისეული მაგალითი დღემდე მადლიერებით მახსოვს.
შემდგომ სკოლის დირექტორად დაინიშნა ხუტუ გადელია — მამაჩემი, საუკეთესო პედაგოგი და სკოლის ხელმძღვანელი, ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი პიროვნება. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებზე საუბარი და მათი ღვაწლის გახსენება კიდევ ერთხელ ნამდვილად ღირს, რადგან სკოლა მხოლოდ მატერიალური ბაზა არ არის — იგი სულიერი სივრცეა, რომელიც ადამიანების თავდადებით იქმნება.
მე ვარ ლალი ხუტუს ასული გადელია. ხეთის სკოლა დავამთავრე ბატონი კარლო ბუკიას დირექტორობის პერიოდში. მინდა აღვნიშნო, რომ მე გახლდით სკოლის ისტორიაში პირველი არჩეული დირექტორი, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. როცა მოსწავლე ხარ, სკოლა ერთი კუთხით გიყვარს და გეამაყება; ხოლო როცა მისი დირექტორი ხდები, ამ სიყვარულს დიდი პასუხისმგებლობა ემატება. ეს არ არის იოლი გზა — განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ყოფილი მასწავლებლების ხელმძღვანელი ხდები. ჩემამდე და ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდშიც ხეთის სკოლა გამორჩეული იყო მოსწავლე ახალგაზრდობის განათლების დონითა და მიღწევებით.
რაც შეეხება მატერიალურ ბაზას, ჩემი დირექტორობის პერიოდში სკოლას გადაეხურა ალუმინის სახურავი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, დავემშვიდობეთ თუნუქის ღუმელებს, ეზოს ცენტრალურ ნაწილსა და კალათბურთის მოედანზე დაიგო ასფალტის საფარი. განხორციელდა არაერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაო. განსაკუთრებული მადლიერებით მსურს მოვიხსენიო ბატონი ლაჟვარდი ბუკია, რომლის მხარდაჭერითა და თანადგომით ეს მნიშვნელოვანი საქმეები განხორციელდა.
და ბოლოს, მე ვიყავი პირველი დირექტორი, რომელმაც საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. კოლექტივს მომღიმარი სახით დავემშვიდობე და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გადავედი საცხოვრებლად — ახალი ცხოვრების დასაწყებად, თუმცა სამშობლოს სიყვარულით გულში.
დღეს, როცა ვხედავ განახლებულ, გალამაზებულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ ხეთის სკოლას, გულში მადლიერება და სიამაყე მეუფლება. მჯერა, რომ ეს სკოლა მომავალშიც ღირსეულად აღზრდის განათლებულ, ზნეობრივ და სამშობლოს მოყვარე თაობებს.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მსურს მოვიგონო ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩემს პროფესიულ გზაზე — ბატონი შალვა ხარებავა, განათლების განყოფილების გამგე, ქალბატონები ნელი ბუკია, თამარ ჩაგვავა, ალექსანდრა ბერაია და ბატონი ანტონ გოგია. მათი მხარდაჭერა, სიბრძნე და ერთგულება ჩემთვის მუდამ სამაგალითო იყო და რჩება.
წერილი მეორე ნაწილი
28 წელი ვიცხოვრე ოჯახთან ერთად უკრაინაში, სადაც ვიმუშავე პრესტიჟულ და სპეციალიზებულ სკოლებში გეოგრაფიის მასწავლებლად. ამ გზაზე მოვასწარი რუსული და უკრაინული ენების შესწავლა და დღეს ვარ უკრაინაში სერტიფიცირებული უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, მიკუთვნებული წოდება „უფროსი მასწავლებელი“.
უკრაინაში დავიწყე ჩემი საქმიანობის ახალი მიმართულება — ემიგრანტ ბავშვებთან უანგარო მუშაობა, რათა მათ შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა და ეროვნული იდენტობა. 1999 წელს ლუგანსკში ოფიციალურად გავხსენით ქართული საკვირაო სკოლა აფხაზეთიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის, რასაც 1996 წლიდან მოყვარულის დონეზე ვახორციელებდით. ყოველ კვირას, უსასყიდლოდ ვასწავლიდი ქართველ ბავშვებსა და მსურველებს ქართულ ენას. მადლიერებით მოვიხსენებ ჩემს მეუღლეს, თენგიზს, და ვაჟს, მალხაზს, რომლებიც მუდამ მხარს მიჭერდნენ და მეხმარებოდნენ ჩემს საქმიანობაში.
2014 წლიდან, როდესაც იძულებით გადასახლებულთა სიაში აღმოვჩნდით კიევში, ჩემი საქმიანობა გაგრძელდა ორი მიმართულებით:
ძირითადი სამსახური უკრაინული სკოლაში, კვირის ხუთი დღე, ხელფასით;
კვირა დღეს, როცა უმრავლესობა ისვენებს, მე უანგაროდ ვატარებდი გაკვეთილებს და ვემსახურებოდი საზოგადოებას.
უკრაინაში გატარებულმა წლებმა გამამდიდრა როგორც პედაგოგს და მიმეცა უნიკალური გამოცდილება ემიგრანტ ბავშვებთან მუშაობის სფეროში. ვემადლიერები უკრაინას მაქსიმალური ხელშეწყობისა და მიღებული ჯილდოებისათვის — ქვეყანა ჩემთვის მეორე სამშობლო გახდა.
2022 წლის მარტიდან ვცხოვრობ გერმანიაში, ქალაქ რეგენსბურგში. ვხელმძღვანელობ ქართული დიასპორის საკვირაო სკოლას და ყოველ პარასკევს, უსასყიდლოდ, ვატარებ ქართულ ენის გაკვეთილებს ისტორიისა და გეოგრაფიის ჩანართებით. ამჟამად მყავს 16 მოსწავლე.
საერთოდ საკვირაო სკოლაში მუშაობის მანძილზე 100ზე მეტ ბავშვს ვასწავლე ქართულად წერა, კითხვა და საუბარი.
როდესაც მეკითხებიან, რატომ ვაკეთებ ამას უანგაროდ, ჩემი პასუხი ერთია— ვემსახურები მამულს.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პედაგოგები, რომლებიც საკვირაო სკოლებში ვმუშაობთ, ვიწოდებით მშობლიური ენის ბურჯებად, თავდადებულ მისიონერებად და გვაქვს ემიგრანტ მასწავლებელთა ასოციაცია.
ამავე დროს, ვაგრძელებ ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას რეგენსბურგში, დაწყებითი სკოლის აღმზრდელის თანამდებობაზე. ამისთვის გავიარე გერმანული ენის ინტეგრაციული კურსები და მივიღე შესაბამისი სერტიფიკატი, რაც შევძელი — მადლობა უფალს.
მადლობა გერმანიას, სადაც უკრაინიდან ჩამოსულ ხალხს მოგვცა საშუალება მშვიდობიანი ცხოვრების, სწავლის, ენის დაუფლების, დასაქმების(ნებისმიერ ასაკში სწავლა ხელმისაწვდომია).
ყველაზე მთავარი, გვაქვს მშვიდი ატმოსფერო და სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ყოველნაირი ხარჯები.
კარგი ხანია დავიწყე ფიქრი, რით შემიძლია გადავუხადო ამ ქვეყანას, ჩვენზე გაწეული მადლი. ჯერ მხოლოდ სიტყვებით....
როლური თამაში "ექიმი და პაციენტი" ქართულ ენაზე და შემდეგ განხილვა, რა მოეწონათ ბავშვებს..





