წყარო: ქუჯი KUJI
ზოია ცხადაია
ლიტერატურისმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
დაიბადა 1944 წლის 7 თებერვალს ქ. ხობში. სწავლობდა ქ. ხობის საშუალო სკოლაში. ხობის სკოლიდან გადავიდა (დამამთავრებელი კლასი) ნოჯიხევის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა ვერცხლის მედალზე.
წლებია სამეცნიერო საქმიანობას
ეწევა შოთა რუსთაველის ძველი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, ხშირად იბეჭდება ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში.
სამეცნიერო ინტერესთა სფეროს წარმოადგენს XX საუკუნის ქართული პოეზიის კვლევა, ქართული საბავშვო პოეზია... 200-ზე მეტი ლიტერატურული დ ა სამეცნიერო-მონოგრაფიის ავტორია.
მოცალეობის ჟამს წერდა ლექსებს, რომელიც თავის დროზე ქვეყნდებოდა. 80-იანი წლების შემდეგ, ლექსების წერა XXI საუკუნეში ახალი განცდით განაგრძო.
თვალსაჩინოებისთვის, სიამოვნებით წარმოგიდგენთ რამდენიმეს.
თოვს, ქალბატონო
შემორჩა მხოლოდ ეკრანს და ქაღალდს
თქვენი მშვენება ფანტასტიკური.
ვერ დააბრუნებს რაც იყო იმას
ვერც მისტიკური,
ვერც პლასტიკური.
თქვენ ბედნიერიც იყავით ერთ დროს
და ტანჯვაც ბევრი გაიზიარეთ...
უარყოფილი, შურნაძიები
ებოდიშებით იმ ძველ იარებს.
გაქანდნენ უკვე გაზაფხულები
და დრონი - თვალთა ელვარებისა...
თოვს, ქალბატონო! ძალაში შედის
"ზამთარი ჩვენი მღელვარებისა"...
თავს ტიროდა საქართველო
წმინდა მთაზე წმინდა მიწას
ჩაფერფლილი ჩადიოდა -
განწირული, გარიყული,
ნატანჯ-ნაგვემ, ნასეტყვარი...
გადმოლახე ტყე-ღრე, ჭოჭყო,
ქარიშხალი ქართა-ველთა...
ალმასივით ალესილი
ცეცხლით შეგხვდა საქართველო...
საქართველი - დაყოფილი
"იმისტებად", "ამისტებად"...
მოძმის ხელში ხურდებოდა
ტყვია - შუბლში დამიზნებით...
(ფრიალებდა ქართლის დროშაც,
"რეცა - ლიქნით" - მანდილებიც)...
ვაჟი - კაცნი, გულოვანნი,
ხანჯალამოწვადილები...
და საფლავში შურით დუღდნენ
თურქნი, სპარსნი, დიდოელნი,
ლეკი, ოსი... კომბლის ნაცვლად
ტანკით მოდგა ჩრდილოელი.
რაც გადახდა დედო-მიწას,
მიავლინოს ღმერთმა მტრისას.
კაცობასაც იჩემებდნენ -
ამირან და უსუპისას.
კმაყოფილნი შურისგებით,
ცრემლსაც ღვრიდნენ ნიანგისას...
მერე მადლიც მოგაშუქეს
შენი მზის და შენი ცისა...
წმინდა მთაზე წმინდა მიწას
ჩაფერფლილი ჩადიოდი -
განწირული, გარიყული,
ნატანჯ-ნაგვემ, ნასეტყვარი...
დაგტიროდა საქართველო,
რას სტიროდა საქართველო?
კარგად ითქვა, როგორც ითქვა:
"თავს სტიროდა საქართველო".
არ ისწავლება სამშობლოს სევდა
არ ისწავლება სამშობლოს სევდა,
არ იზომება სივრცით მამული,
არ წაიშლება წარსულის ხსოვნა -
არც უამური, არც - საამური.
წამოგეწევა ერთ მშვენიერ დღეს,
ცხრა მთა, ცხრა ზღვა რომ გადაიარო...
მას, როგორც სიკვდილს, ვერ გაექცევი,
გულში დაგივლის გრძნობა ხვიარა.|
დაგესიზმრება საფლავი მამის
და თმაგაშლილი - ადგილის დედა...
ამო-ტკივილი - გარდასულ ჟამის...
არ ისწავლება სამშობლოს სევდა.
***
დავიკარგები შემოდგომის
ფოთოლივით და
ახალ გაზაფხულს კვლავ ამაოდ
დამელოდები.
ქარი დამკარგავს,
ცა დამკარგავს,
მზე მაქცევს ფერფლად,
უსაზღვროება გარდამსახავს,
შენ დაღონდები...
დავიკარგები შემოდგომის
ფოთოლივით და
ახალ გაზაფხულს
კვლავ ამაოდ დამელოდები.
თუ ბედისწერამ
თუ ბედისწერამ კიდევ ერთხელ ჩამოგვარიგა
და ისევ გვექნა უსიერი გადმოსალახი,
მაშინ - უარი ქვეყნად მოსვლას ადამიანად,
შენ წვიმად მოდი,
მე ვიქნები მწვანე ბალახი...
ვედრება
არაფერს - რაღაც ახალს,
გვედრი სრულიად მარტივს:
ღმერთო, მაცოცხლებ მანამ,
ღირს მყოფ
ღირსების პატივს.
სანამ პირნათელ ყოფის
მომცემ ამ ქვეყნად ნებას.
არადა - მაშინ მზად ვარ
ჩამკარგო, სადაც გნებავს.
