ქ. ფოთის მახლობლათ, 14 ვერსის მანძილზე ზღვის პირათ მშვენიერი სოფელია რედუტ-კალე (ყულევი). ეს ძველი ქალაქია.
აქ დიდი წარმოებაა ხის; არის რამოდენიმე ხე-ტყის ქარხნები, სასწავლებლები, საფერშლო და დამზღვევი კასის პუნკტები და სხვა.
მაგრამ გასაკვირია ის, რომ აქ აქამდე არ არის დაარსებული ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება. ჯერ კიდევ 1920 წელს ფოთ-ყულევ შუა გაყვანილი იყო ტელეგრაფის ხაზი და უნდოდათ ფოსტა-ტელეგრაფის გახსნა, მაგრამ, რაღაც მიზეზების გამო ფოსტა არ გაიხსნა და დადგმულ იქნა ტელეფონის აპარატი, მცხოვრებლებს საშვალება ჰქონდა საჭიროებისას ესარგებლა მით. წელზე მეტია ეს ტელეფონი მოიხსნა. რედუტ-კალე ეხლა სრულიათ მოწყვეტილია ქალაქს და დიდ უხერხულობას განიცდის უკავშირობით.
ფოსტის უწყებას კი ამ ხაზის ყოველ წლიური შეკეთება დიდ ფულათ უჯდება, ყოველ წლიურათ სცვლის ბოძებს, დაჟანგულ მავთულს და სხვა მასალებს, ასე რომ დიდ ყურადღებას აქცევს მის საღ მდგომარეობას.
ყველაფერი ეს უნაყოფოთ და უსარგებლოთ ფუჭდება.
ნუ თუ ასე ძნელია რედუტ-კალეში ფოსტა-ტელეგრაფის გახსნა, მაშინ როდესაც ხაზი გაყვანილია! ეს არის მთავარი – ტელეგრაფისათვის. მე მგონია რედუტ-კალეს აღმასკომს არ გაუჭირდება ამ საქმისათვის ერთი შენობის მონახვა. ცოტა უნარი და აქაც მალე დაიკაკუნებს „მორზე“-ს მანქანა.
"მუშა" 1924 წ.
წყარო: ლევან ღვინჯილიას გვერდიდან
