ტაძარი მდებარეობს სოფელ ხეთაში, მაღალ გორაკზე (ზღვის დონიდან 91 მ.), სენაკი-ზუგდიდის ავტომაგისტრალის მარჯვენა მხარეს, ამ ადგილს „ოხვამეკარსაც“ ეძახიან. ეკლესია საკმაოდ დიდია, სიგრძე _ 17, ხოლო სიგანე _ 10.50 მ-ია. აშენებულია ადგილობრივი კირქვით, კუთხეები ამოყვანილია კარგად გათლილი მართკუთხა კვადრებით, კედლები კი, ფლეთილი კირქვით. ტაძარს აქვს სამი კარი _ დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, კარები კირქვის ლამაზად გათლილი ქვებით არის მოჩუქურთმებული და აქვს დეკორატიული თაღები. დარბაზი ნათდება 7 სარკმლით: ორ-ორი ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს, სამი _ აღმოსავლეთით, სარკმლებიც კარების მსგავსად მოჩარჩოებულია და დეკორატიული თაღით არის დამშვენებული. სახურავი შემოსაზღვრულია სადა, მაგრამ საკმაოდ ლამაზად გათლილი კირქვის კარნიზით (სურ. 76).
ნაგებობას დასავლეთით მიშენებული აქვს ნახევარწრიული თაღებიანი ოთხკუთხა სვეტებზე დაყრდნობილი ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ფრონტონით გვირგვინდება. მასზე კირქვით ჯვრის გამოსახულებაა ამოყვანილი, რომელზედაც კი, 1885 წელი წერია, რაც ამ ტაძრის აშენების თარიღზე მიგვითითებს. პაატა ცხადაიას მიხედვით ამ წელს ეკლესია აშენებულა იონა მეუნარგიასა და იპოლიტე ვართაგავას თაოსნობით (136; 275). სვეტები, როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე თავდება ძაბრისებრი, ოთხკუთხა ჰორიზონტალური ჭრილებით დამშვენებული სვეტისთავებით. ჭერი შიგნიდან ეყრდნობა ორივე მხარეს სამ-სამ ოთხკუთხა სვეტებზე დადგმულ თაღებს.
ტაძარს რაიმე განსაკუთრებული დეკორატიული მორთულობა არა აქვს. როგორც აღვნიშნეთ, ტაძარი 1885 წლის აუგით, მაგრამ აქ სამლოცველო მანამდეც არსებობდა. 1898 წლის გაზეთ `ცნობის ფურცელში~ ავტორი წერს, რომ ამ ეკლესიის აშენებამდე აქ ოდნავ უფრო ნაკლები სიდიდის ძველთა-ძველი ეკლესია მდგარა (16; 92); XVII საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი აღნიშნავდა, რომ ადამიანებს `ყველაზე მეტად ერიდებოდათ სოფელ ხეთას... ოჯახის მთავარანგელოზად წოდებულ წმ. გიორგის ხატისა~... მართალია, შარდენს ორი სალოცავი ერთმანეთში აქვს არეული, მაგრამ იგი საბჭოთა ხელისუფლების წლებში დაუტერასებიათ. შესასვლელთან ქვევრები ყოფილა ჩამარხული, რომელთა დიამეტრი შუაწელში დაახლოებით 70-სმ-ია; აქედან ზევით, დაახლოებით 20 მეტრში აღმოჩენილია ლამაზად გათლილი ოთხკუთხა ქვა, რომელზედაც ქვის ჯვარი ყოფილა დადებული. აქვე იყო სხვადასხვა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ქვა კვადრატული ფორმისაა, მისი გვერდი 30-სმ-ია, ჯვრის სიმაღლე _ 30, სიგანე _ 21, სისქე _ 7 სმ-ია. კიდევ უფრო ზევით, 10-ოდე მეტრში, პატარა ვაკე ადგილია, სადაც დაახლოებით 20 კვ. მეტრის ფართობზე 20 სმ. სისქის გამომწვარი თიხის ფენაა, რომელიც დამწვარი ხის შენობის იატაკი უნდა იყოს, აქვე მრავლად არის მიმოფანტული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ეკლესიასთან ახლოს რევაზ პაპუაშვილმა იპოვა სპეციფიკური თიხის ჭურჭელის ყური, რაც მიანიშნებს, რომ ამ მიდამოებში ძველი კოლხური (ძვ. წ. აღ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი) ნამოსახლარი უნდა იყოს; ვფიქრობთ, საქირიოს უბანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული.
ტაძარი და მისი შემოგარენი დაათვალიერა არქეოლოგმა დავით ლომიტაშვილმა, რომელმაც აქ ტაძარში ანტეფიქსი იპოვა (სურ. 73). საინტერესოა, რომ ორი მეცნიერის აზრი ამ ძეგლების დათარიღების შესახებ ერთმანეთს დაემთხვა, რ. პაპუაშვილმა და დ. ლომიტაშვილმა ეკლესიის პირველადი სამშენებლო ფენები ადრე ქრისტიანული ხანით დაათარიღეს.
„ჩეოხვამე“ მნიშვნელოვანი ძეგლია, იგი მეცნიერებისა და საზოგადოებისაგან ყურადღებას მოითხოვს.
კოორდინატებია: 0732558 4695836
გოგიტა ჩიტაია, წიგნი „ხობის სიძველენი“ - 2017 წელი
ვიდეოს ავტორი: ირაკლი შონია-ხობარი
ტექსტის გაახმოვანება: ლევან ჯობამავა.
2021 წელი