ზაფხულის ბოლოს ოქროსფერი შემოდგომა გვეწვია. გაზეთის ფურცლებიდან მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო და ერთად გავიხსენოთ ხობელი ლოტბარ-მომღერლები_ალანიების დინასტია.
მეგრული ფოლკლორის უზადო მცოდნენი, რომლებიც შესანიშნავი ხმითა და მეგრული პეწით ასრულებდნენ ხალხურ სიმღერებს.
1879 წლის 5 იანვრის თვეს თევდორე გვაჩის ძე ალანია, თოფის სროლით მეორე აღნიშნავდა ვაჟიშვილის_ანდრიას დაბადებას. ანდრია იზრდებოდა ოჯახში, სადაც მისი მშობლები ერთმანეთს მიმართავდნენ `თოლიგე~ და `შურიგეთი~. ეს ის ოჯახი იყო, სადაც სუფევდა ურთიერთპატივისცემა, შვილებს კი ესმოდათ ხალხური ჰანგები_მეგრული სიმღერა.
მუსიკალური ნიჭისა და კარგი მეხსიერების წყალობით, ძმები პატარა ანდრია და ერმილე ერთი მოსმენით იმახსოვრებდნენ სიმღერას. ანდრიასთვის ადვილი იყო ყველა ხმის გამღერება. შობა-ახალი წლის დღეებში ანდრია წკრიალა ხმით ყველას გასაგონად მღეროდა `ეჩდოხუთი თე თუთასი~ და `სადავოი კირიალესას~. სოფელში ცნობდნენ მის ხმას, ტკბილ მგალობელს საგანგებოდ ასაჩუქრებდნენ.
1886 წელს ანდრია მიაბარეს გურიფულის გიმნაზიაში, სადაც მუშაობდნენ იმ დროისთვის სახელოვანი მასწავლებლები და მათ შორის იყო მირკური წურწუმია. კლდემამოსილებით ცნობილი, კარგი მოქართულე. მან იმთავითვე შენიშნა ანდრიას ნიჭიერება. ასევე ხშირად ამღერებდნენ ძმებს: ერმილე და ანდრიას. ისინი მთელი არსებით ასრულებდნენ იმდროისთვის ცნობილ მეგრულ სიმღერებს.
1890 წელს ანდრიამ წარმატებით დაამთავრა გიმნაზია. 1903 წელს სოხუმში სტუმრად ჩასული ანდრია სრულიად შემთხვევით მოხვდა ძუკუ ლოლუას გუნდის რეპეტიციაზე, სადაც ძუკუ ლოლუასგან მიიღო შეთავაზება, ემღერა გუნდში მასთან, მაგრამ შეთავაზებაზე უარი თქვა უსახსრობის გამო.
საინტერესო ფაქტია: ანდრიას დედა_მართა ობიშხიას ასული და ძუკუ ლოლუას დედა ჭამჭალა ჩიქვინიძე საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
1908 წელს ანდრია ალანიამ და ცაცუ ჩაჩიბაიამ შექმნეს ოჯახი. მათ შვიდი შვილი ეყოლათ: ნონა, ვალერიანე, ვლადიმერი, დიდია, ხუტა, ჭიჭიკო, დავითი.
სამწუხარო დროც დადგა, მათ ლამაზ ოჯახში. II მსოფლიო ომიდან ხუტა და ვალერიანი არ დაბრუნებულან...
ანდრიას შვილიშვილის ზაირა დავითის ასულის გადმოცემით, ხუტა არნახული მომღერალი ყოფილა. იგი შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე. ძმისწულ ბიქტორის ცნობით ხუტა გიტარაზეც უკრავდა. სამწუხაროდ, ხუტა ალანია ქერჩში დაიღუპა და უბედური მშობლები, მთელი ცხოვრება ელოდნენ საყვარელ შვილს.
XXI_30-იანი წლებში ხობში ჩამოყალიბდა რაიონული მხატვრული თვითშემოქმედების კოლექტივი.
1934 წელს კი სენაკელი პორფილე გაბელიას ხელმძღვანელობით გუნდი კონცერტებით გამოდიოდა ცხაკაიაში (სენაკი) და ფოთში.
1937 წ. ხობის გუნდმა ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და იზეიმა კიდეც.
სიმღერა `ოდოიას~ პირველი შემსრულებელი ანდრი ალანიაა, ასევე ძმებმა ანდრი და ერმილემ პირველად შეასრულეს ანდრია ალანიას მიერ შექმნილი სიმღერა `მალანური~, რასაც დიდი ოვაციები მოჰყოლია.
პორფილე გაბელიას გარდაცვალების შემდგომ, გუნდი ანდრია ალანიას ჩააბარეს. მისგან სწავლობდნენ სიმღერას და ხალხურ საკრავებზე დაკვრის ხელოვნებას. მის გუნდში მღეროდნენ: მ. ლატარია, შ. ფულარია, ა. მეუნარგია, ი. ბერაია, ვ. შენგელია, რ. კალანდია და სხვები.
ანდრია ალანიას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა სიმღერის შესწავლის ჟინი. ის სიკვდილსაც კი სიმღერით შეხვდაო. მისი ბოლო ფრაზაა `რინაშ ნება ქორდასინი, ნაანა, ქიანა მუში მაფართა რე~ და ამ სიტყვებით 84 წლის ლოტბარი 1966 წელს განერიდა წუთისოფელს.
ვლადიმერ (ლადი) ალანიას მამისგან გამოჰყვა მუსიკალური ნიჭი. მუსიკალურობით დაჯილდოებული ყმაწვილი ადვილად უღებდა ალღოს მუსიკალურ საკრავებს და ძალიან კარგად უკრავდა ფანდურზე, ჩონგურზე, სალამურზე, მანდოლინაზე, აკორდიონზე, ფორტეპიანოზე.
ლადი მუსიკალური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ქ. თბილისის სამუსიკო სასწავლებელში_საგუნდო_სადირიჟორო ფაკულტეტზე, მისი მასწავლებელი იყო ქართული ხალხური სიმღერის მკვლევარი, მეგრული სიმღერების შემგროვებელი და კომპოზიტორი გრიგოლ კოკელაძე. პედაგოგის გავლენა დიდი იყო, რამეთუ მის შემოქმედებაში იგრძნობოდა პედაგოგის ხელწერა. მასთან სიმღერა ყველას უყვარდა. მისი მეგობარი იყვნენ მალაქია კვიკვინია, აპოლონ ლომთაძე, ლუდუკი ჩაჩიბაია, იროდი ალანია (ანდრია ალანიას ძმისწული), ვაჟა აბაკელია, რადიკო ალანია, აპოლონ ბუკია, ლიანა სიჭინავა, გული ხარებავა, მზია თუთბერიძე, ლიანა ლაგვილავა, ნელი ბერაია, ვაჟა წურწუმია, მურმან გრიგოლავა, გაგალი ჭითანავა, ზენევა ლაგვილავა, იადონ გერგაია, ეთერი გაბისონია, ავრორა ალანია, ნუგზარ ზარანდია, ლუდუკი ჯგერენაია, კოტე ქავთარაძე, ამირან კაკაშვილი, რევაზ თოდუა, გუნდის რეპერტუარი მდიდარი იყო სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერებით.
ალიოშა ბერაია, ლუდუკი ჯგერენაია, ლადი ალანია თავად წერდნენ ლექსებსა და სიმღერებს. საიდანაც მეგრული ლირიზმით ჟღერდა მშობლიური კუთხის სიყვარული.
ლადის შვილი მურთაზი იყო ჩვენი თანამედროვე ქალაქური, ფოლკლორული სიმღერების უბადლო შემსრულებელი. კარგი სმენითა და ნიჭიერებით გამორჩეული, უკრავდა თითქმის ყველა მუსიკალურ საკრავზე, მღეროდა ხობის ფოლკლორულ ანსამბლში. მან აღზარდა არაერთი მომღერალი. მურთაზ ალანია საუბარში მამამისს იხსენებდა, როგორც ფოლკლორისტს, მეგრული სიმღერის კარგ შემსრულებელს, ოჯახის მამასა და მეუღლეს, მაგრამ ასევე, როგორც ქალების მოტრფიალეს.
ლადი ალანია დაიბადა 1914 წელს და გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.
ალექსანდრე თევდორეს ძე ალანია, ანდრია ალანიას ძმა დაიბადა 1875 წელს. იგი განათლებული, ნაკითხი კაცი ყოფილა, ზეპირად სცოდნია `ვეფხისტყაოსანი~. უყვარდა მეგრული სიმღერა, მას სასიმღერო ხმა არ ჰქონდა, რასაც განსაკუთრებით განცდიდა, მაგრამ გულს პოეზიით იქარვებდა.
განგების წყალობით, გვარის მუსიკალურმა გენმა თავი იჩინა მის შვილ იროდი ალანიაში. მას ხობის `ბულბულს~ ეძახდნენ.
ალექსანდრე ალანია და დესპინე ქვარცხავას მეშვიდე შვილი იროდი 1919 წლის 29 აპრილს დაიბადა. მას მშობლები ანებივრებდნენ მუსიკალური ნიჭის გამო. კარგი სმენის წყალობით მას ეხერხებოდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და სიმღერა. ბიძა ანდრიას დახმარებით სწავლას აგრძელებს ზუგდიდის სამუსიკო სასწავლებელში. გალაქტიონ ჭელიძის კლასში და მისი ხელმძღვანელობით ისწავლა ხალხური სიმღერის საუკეთესო ვარიანტები, მეგრული სიმღერის შესრულების წესი:
მასთან მღეროდნენ ვალიკო გელანტია, დათიკო, კოსტა და ვანიკო მესხიები. დომე კიტია, შოთა ბიგვავა, ვოვა ჯორჯიკია და სხვები.
ანრი ალანიამ ძმისწული, სრულიად ახალგაზრდა იროდი მიიყვანა რემა შელეგიასთან. მოწადინებული ჭაბუკი გურიფულიდან ხეთაში რეპეტიციაზე ფეხით დადიოდა. რემა შელეგიას გუნდში სიმღერა დიდი სკოლა იყო: გუნდის რეპერტუარს ამშვენებდა მეგრული, აფხაზური, იმერული, რაჭული, სვანური, გურული სიმღერები. რემა შელეგიას დიდი დამსახურება მიუძღვის ხობელ მომღერალ-ლოტბართა აღზრდის საქმეში. მასთან დაოსტატდნენ: პორფილე გაბელია, ვაჟა აბაკელია, იროდი ალანია.
იროდი ფიზიკურად ძლიერი და მოხდენილი ვაჟკაცი იყო. თამაშობდა ხობის რაიონის საფეხბურთო გუნდში. იგი ემოციების გარეშე ვერ უყურებდა თამაშს. მას არც II მსოფლიო ომის ქარცეცხლი დაკლებია. იგი 1943 წ. მეორედ დაჭრილი, მაგრამ ომში გამოჩენილი სიმამაცის გამო I-II ხარისხის ორდენით დაჯილდოებული დაუბრუნდა სოფელს. 1949_1951 წლებში მუშაობდა ხობის #1 საშუალო სკოლაში (დირექტორი ვასო ერემაძე) და ხორგის სკოლაში (დირექტორი აპალონ მირცხულავა) ასევე მუშაობდა ახალსოფლის რვაწლიანი სკოლში (დირექტორი აკაკი ნაროუშვილი).
მან ზემოთხსენებულ სკოლაში ჩამოაყალიბა საბავშვო მომღერალთა გუნდი და ხალხურ საკრავთა ორკესტრი. მას სკოლა ოლიმპიადებზე წარმატებით გამოჰყავდა.
1994 წლამდე ხობის კულტურის სახლის მომღერალთა ანსამბლ `შიდკაცას~ ხელმძღვანელობდა. იგი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე არაერთი ფესტივალის ლაურეატი.
საყვარელი ლოტბარი უკანასკნელ გზაზე მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა მეგრული სიმღერით `დიდოუდო ნანინათი~ გააცილეს.
დღეს უფროს თაობას, მის მონაგართ და ხობელებს სამუსიკო საფოლკლორო დარგის მუშაკებს გვახსოვს მომღერალ ალანიების დინასტია, მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქართული, განსაკუთრებით ჩვენი მშობლიური კუთხის სიმღერების აღდგენისა თუ განვითრების საქმეში.
დიდება უფალს, რამეთუ ჩვენი კუთხე ნამდვილად განებივრებული იყო და არის შესანიშნავი მომღერალ-ლოტბართა შემოქმედებით და მათ მიერ დანატოვარი კეთილი საქმით.
უფრო მეტის თქმა შეიძლება, მაგრამ მინდა ვისურვო ბევრი ვიზიტორის მობრძანება ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმ `სამეგრელოში~, რათა ადგილზე გაეცნონ უფრო მეტ საინტერესო მასალებს.
მუზეუმი ადგილია, რომელიც აედან_ჰოემდე ისტორიის სიღრმიდან გვამცნობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ყოფით კულტურულ თუ შემოქმედებით ეპიზოდებს, რაც წარსულმა დღემდე მოიტანა სამომავლო ესტაფეტისთვის.
გილოცავთ ოქროსფერი შემოდგომის შემობრძანებას.
მუზეუმი გვიხმობს...
ნანა ჯალაღონია,
ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი „სამეგრელო“
გაზეთი „ხობის მოამბე“ #13 (7188) სექტემბერი 2024 წელი