ჩვენი ოშანა!

ჩვენი ოშანა!
სულ პატარა ბიჭი ვიყავი, მამაჩემმა ხობში რომ ჩამომიყვანა სამუშაოდო, ამბობდა ხშირად. მას შემდეგ თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტი `იცხოვრა~ ხობში და ემსახურა ხობელებს...
ოშანა მელაძე სენაკელი იყო, უბრალო ხელოსანი (მეწაღე), მაგრამ თავისი საქმის უბადლო ოსტატი. ვის არ ნახავდით მის პატარა „ბუტკაში“, სადაც ყველა თაობის ადამიანი სტუმრობდა.
სიამაყით ამბობდა, მე უძველესი კულტურული ერის წარმომადგენელი ვარო. ასირიელი ქრისტიანი იყო, მაგრამ ქართული ხასიათით, ტრადიციებით აღზრდილი.
დიდი სამეგობრო ჰყავდა მას ხობში.
წავიდა ჩვენი ოშანა, თან ხობელების დიდი სიყვარული გაიყოლა...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...
უსათუოდ დაგვაკლდება, მოგვენატრება, გავიხსენებთ!..
ბეჟან ნადარაია
ათურაის რჯულის "მეგრელი"...
-------------------------------------------
აუჰ, როგორ დამწყდა გული, ის ნამდვილად "ჩვენი ოშანა" იყო, სიკეთისა და სიყვარულის კაცი, ნაღდი ხობელი. ჩემს ბავშვობასა და სიყმაწვილეში რესტორან "მედეას" გვერდით მუშაობდა, იმ დროისათვის ტიპიურ სახარაზე ხის ლურჯად შეღებილ ჯიხურში. თავისი საქმის დიდოსტატი გახლდათ.
როგორც უმეტეს ხელმარჯვე, კეთილგულოვან ხელოსანს, მასაც გამოსდიოდა კეთილი ტყუილი, უფრო სწორედ დროში ვერ ჩაეტეოდა და ექსტრემალურ სიტუაციაში ისე ლამაზად მოახერხებდა განაწყენებული "კლიენტის" მოთაფლვასა და მოქლეშვას, რომ საკუთარი აღელვებისა შერცხვებოდა. დიახ, როგორი გაგულისებულიც არ უნდა ყოფილიყავი, მოგალბობდა, სიყვარულის ბადეში გაგხვევდა და ისე შინაურულად მოგეთბილებოდა, შედაუნებურად ხუმრობას დაგაწყებინებდა.
როგორც თითქმის ყველა ხობელთან, მამაჩემთანაც მეტად ახლოს იყო და სულმნათი მამა იტყოდა ხშირად, ენით მომფლიმფლავ ადამინზე: "ოშანაცალ გემუნ ტყურა ქომომთარუა ასე", ანუ ოშანასავით გემრიელი ტყუილით მომეთბილაო!
თავისი ნიშა ჰქონდა სულმნათს, მისი გვარი არასდროს მიკითხავს, "ოშანაში" ვატევდი სახელსაც, გვარსაც და ეროვნებასაც და უზადო სიყვარულის უსასრულობას.
რამდენი ჩემი და ჩემი დების, ჩემი ოჯახისებისა და ახლობლებლის ფეხსაცმელი "გაუპოშნიკებია" სულმნათს, რამდენი კეთილად მოსაგონარი და დაუვიწყარი დღეები, წამები და წუთები უჩუქნია ჩვენთვის... რამდენჯერ გავუხარებივართ გაახლებული ფეხსაცმლებითა და გამოუყოლებია მისეული ალალი ღიმილი...
ასირიელი. აისორი, ასურელი, „ათურაიას“ რჯულის კაცი, დიდი არამეელების შთამომავალი, უძველესი ქრისტიანი ერის შვილი, მასთან პატივსაცემი ქართველი და უსაყვარლესი მეგრელიც გახლდათ...
ისე მეწყინა მისი წასვლა, ამოთქმა გამიჭირდა...
მასთან ერთად წარსულს ჩაბარდა ჩემი ბავშვობის ულამაზეს სურათებიანი ეტიუდი, უმწიკვლო ღიმილიანი წუთები და
ნათელი დაადგეს ჩვენს ოშანას, ჩვენს განუმეორებელ ხარაზსა და მოკეთილე აისორს!
ვწუხ! დასრულდა დიდი ზღაპარი ოშანასეული წაღიღინებით: "ონე ვარა, სეფით გარი, ონე თარი, თარი ვანა, ჰეერ..."
----------------------
ლაშა გვასალია