ბაკო სალაყაია გარდაიცავალა...

 უბედურება უბედურებაზე მიეწყო და შენდება დიდი ქართული  ტაძარი გლოვის...

ისევ კოვიდი... 38 წლის ბაკო, ჩემი ლამაზი და კისკისა ცირა გადავანთა სხვა საუფლოში...


"... გამოიხედა რაღაცნაირად გასვლიპინებულმა სატანამ, გრძელ ცხვირზე აწვეთებული წვინტლი მაჯით მოიწმინდა, სისხლიანი თვალები მოავლო გარშემოეთს და უამური ღიმილით წაიწრიპინა: უარესს ელოდეთ, ოდეს სიყვარულსა და უფალს განეშორეთ, მზეს დაემალეთ და უკუნში მოქცეულნი უკეთესს რას უნდა ელოდოთ... სიკვდილს სიკვდილი მიეწყობა!.."

რატომ  ვისჯებით ასე  უმოწყალოდ, რა უბედურება მოგვეკიდა ცრემლად და წუხილად?!

ბაკოს წასვლა თვალმიუწვდომ კლდედ ამესვეტა, ცას გაუტოლდა და გადაჩრდილა  ირგვლივეთი. ამ ბოლო დროს,  სიკვდილი და ტანჯვა-  რაღაცნაირად ესთეტიკურ კატეგორიად ქცეულ სამყაროში.

თეთრი, ჯღართვალება, თმებგაჩეჩილი ბაკო, სცენის მშვენება გახლდათ. საოცრად თბილი ხმა, აბსოლუტური სმენა, მომაჯადოებელი ღიმილი და დახვეწილი მანერები უფლის ფუნჯივით აფერადებდა მის არტისტულ იერ- სახეს. ყველაფერი უხდებოდა, ყველაფერს თავად იმშვენებდა...

ჩემი ლამაზი და ხვართქალა ბაკო, დაუხარჯავი, დაულეველი ენერგიის ცირა. სულ მეგონა, რომ დიდ სცენას ეწეოდა, მაგრამ  ოჯახის შექმნის შემდგომ დედაქალობა მოიხდინა და ჩამყუდროვდა, თუმცა ისეთივე ხიბლიანი, თვალებრიალა, და ხიბლიან გოგოდ დარჩა, უსასრულობის შეგძნებით ასე რომ ალამაზებდა სამყაროს...

ჩემი ბაკო...

სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მესამე კურსზე სწავლისას,   ისტორიაში ნიშანი დააკლეს, სულ მეგონა, ასეთ რაამებს არად ჩააგდებდა, მაგრამ უსამართლობას ვერ შეეგუა და მეორე დღეს მე და ბაკო მივადექით კათედრაზე პროფესორ სვანაძეს, და მაშინ სხვა ბაკო დავინახე, სერიოზული, საქმიანი, მოზომილი და რაღაცნაირად მაღალი. ფრიადი დაუწერეს, უხაროდა, რომ სამართალი იპოვა...

"ეროვნული თანხმობის კავშირის" ოფისში, თბილისში, რუსთაველზე, თეატრალურის წინ, ახალგაზრდა მწერლებმა გავხსენით ლიტერატურული სალონი, ბაკო თავის ლამაზ და ჭკვიან ჯგუფელებთან ერთად მთავარი მშვენება გახლდათ სალონისა, შეხვედრების ორგანიზებისა და ურთიერთობების დიდოსტატს ყველაფერი ბუნებრივად და უბადლოდ გამოსდიოდა. უამრავი ლამაზი და დიდებული საღამოები მოვაწყვეთ, განსაკუთრებით გავიხსენებდი შეხვედრებს დიდებულ შემოქმედებთან, რომელთაგან უმრავლესობა დღეს ცოცხალი არაა:  ქიშვარდ ისაკაძე, ანტონ არნანია, ირინე ტალიაშვილი, ბელა შალვაშვილი, ზაურ მოლაშხია, ჯემალ შონია, ომარ გოჩელაშვილი, გიორგი სიჭინავა და კიდევ ბევრი... და ერთი საღამოს დასრულების შემდგომ  (სალონში შეხვედრები ყოველ პარასკევს ეწყობოდა), ბაკო თავის ორ ჯგუფელ გოგონასთან ერთად მოვიდა და მთხოვა, იქნებ ამ შაბათ- კვირას კახეთში წავიდეთო.  შემოდგომის პირია, კახეთში ჯერ ადრეულა ვაზი იკრიფება, მალე დიდი რთველიც დაიწყება,  ახლა იქ ყოფნას არაფერი სჯობდა და წავედით. იცოდა, უარს არაფერზე ვეტყოდი და ამითაც  ისარგებლა. მოკლედ,  თემო დოლიძის  "ოპელით" გავუდექით გზას ერეკლეს ქალაქისკენ. წინ ჩვენ- მე და თემო, უკან სამნი, ბაკო და კიდევ ორი, ერთი თიკო მუხურაძე, მეორეს სალომე ერქვა, გვარი სამწუხაროდ აღარ მახსოვს.  ბაკოს გზაში ენა არ გაუჩერებია, ოხუნჯობდა, ტიტინებდა, კალამბუროდა, მეც ამიყოლია. თემომ ხუმრობით, მანქანის მოტორი და ბაკო ერთნაირად მუშაობენო. 

ბარჯიხევთან წასახემსებლად შევჩერდით,  ერთ დახლთან დიდი დინამიკები გადმოედგათ და საქეიფო სიმღერები ჩაერთოთ, კასეტებსია და დისკების მოვაჭრეები. მე და თემო რაღაცეებს რომ ვყიდულობთ და უცებ დინამიკიდან ბაკოს ხმამ იჭექა : ეს სიმღერა ეძღვნება ულამაზეს კახეთს, მეგრელებისგან!   და შესაბამისი მუსიკის ფონზე, მიკროფონ მომარჯვებულმა ბაკომ "ვაიორქო მა..." დაიწყო. ზრვა ხალხი შეიკრიბა, წამსვლელ- მომსვლელები, ვინ რას ჩუქნიდა და ვინ რას "ქუჩის მაფშალიას",   მერე რაღაც დარდიმანდული სიმღერაც მოაყოლა, მოკლეთ კონცერტი ჩაატარა... ასეთი იყო ჩემი ბაკო...

თელავში ჩემს ჯგუფელს- ლექსო ცისკარიშვილს ვსტუმრობდით, იქ ხომ საოცრებები ჩაიდინა...  დღემდე იხსენებენ ცისკარიშვილები ლამაზ, თეთრგვემან, ზღვიფერთვალება კოლხ ცირას და როცა კი საუბარი შეგვხმატკბილებია, ეგრევე მოუყოლებიათ, ის შენი ლამაზი და მაგარი მამიდაშვილი არ უნდა გვასტუმროო? 

ის ჩემი ლამაზი და უჭკვიანესი 38 წლის მამიდაშვილი აღარაა, კოვიდმა შეიწირა. ორსულად იყო, გაურთულდა, თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, მაგრამ... შვილი გადაარჩინეს, თავად ბევრი იბრძოლა, იწვალა, იმუნჯა, თუმცაღა გულმა ვერ გაუძლო და წავიდა. დატოვა შვილი, მეუღლე, მშობლები, დაიკო და ჩვენ...

ამასწინებზე დიკას ვესაუბრე ინტერნეტით,  ლაშა, იქნებ  შენც მიაწვდინო ხმა, მთავარ ექიმს, არ დავიღუპოთ, რამე არ გამოგვეპაროსო! დიკას ყოველი სიტყვა და სტრიქონი ტიროდა, ქვითინებდა, პოეტია და მისი მგრძნობელობა, მითუფრო დაიკოსთან მიმართებაში პიკს აღწევდა...

ვესაუბრეთ, სტაბილურად მძიმეაო, რაღაცეებიც მოაყოლეს,  ღმერთს იქვნენ ისინიც ჩვენსავით მინდობილები, მაგრამ სატანამ იმარჯვა...

თამილა, ენვერი, დიკა, დუკა, თამაზი, თათია, თემური, ზურა, თეა და... ყველა,  არ ვიცი რა გითხრათ, იქნებ სიზმარია ესეც, დიდი სიზმარი, საიდანაც  გამოსვლა უჭირს ღმერთშეყოვნებულ  ადამიანეთს  და ერთდროს გამონათდება... ვინძლო,  იქა სჯობია სულაც, იმ უნახავ, მაგრამ ყველას დამტევ სოფელში... აბა რა ვიცით, ვერაფრისშემძლე და ცრემლის იმედად დარჩენილებმა!..

უცებ   ალბერ კამიუს ნათქვამი მომაგონდა  "შავი ჭირიდან", "სხვათა შორის, შავი ჭირიც ცხოვრებაა"...  ასეა, ეს უბედურებაც ჩვენი ცხოვრებაა, გარდაუვალი ტკივილებით, გამოარაფრებული ცხოვრება!..

განისვენე მშვიდად. ჩემო ლამაზო და დაუდეგარო გოგო, ვისაც  ყველაფერი გიხდებოდა, ყოველდღიურობა თავისი ათასი რაობებით, ღიმილი, სცენა, მიხვრა- მოხვრა, კეკლუცობა, კლასიკურობა, არისტოკრატიზმი და ყველაფერი... ამ სიკვდილსაც მოიხდენ, შენ ყველაზე ლამაზი და გასაოცარი მიცვალებული იქნები მთელს დედამიწაზე. 

მიყვარხარ... მენანები, დაგტირი...

მომენატრები, ჩემი ბაკო!..

----------------------

ლაშა გვასალია