რატომ გვიყვარს სპორტი

რატომ გვიყვარს სპორტი

ეძღვნება სპორტის საერთაშორისო დღეს


სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალება და მას ხანგრძლივი ისტორია აქვს. კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვითარდებოდა სპორტი და ის ყოველთვის ითვლებოდა სახელმწიფოსთვის და მმართველი ძალისთვის აგიტაციისა და პროპაგანდის მძლავრ იარაღად, წარმატების უწყვეტ წყაროდ, ქვეყნის ატრიბუტად.

ამასთანავე ფიზიკურად ძლიერი აღნაგობის მქონე სახელმოხვეჭილი ათლეტები ნებისმიერ ეპოქაში და სხვადასხვა სისტემების მმართველობის პირობებშიც ერის სათაყვანებელ და გამორჩეულ პიროვნებებად ითვლებოდნენ. მათ გამარჯვებებს ტაშს უკრავდა ათენი და რომი, პარიზი და ბერლინი, მიესალმებოდა ერი და ბერი, მეფე თუ ფარაონი, სხვადასხვა კანის ფერის და რასის წარმომავლობის მქონე საზოგადოება.

ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იმართებოდა ოლიმპიადები, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ არამარტო ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამედ სამეფო ოჯახის წევრები, დიდგვაროვნები, გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, პოეტები, ხელოვანები და ა.შ. ძველ საბერძნეთში გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინით ამკობდნენ. რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა და დღემდე გრძელდება.

მასობრივ-სპორტულმა ღონისძიებებმა უდიდესი როლი შეასრულეს სხვადასხვა პოლიტიკური სტატუსის მქონე დიდ თუ მცირე სახელმწიფოთა მომავალში. როდესაც შეჯიბრებები იმართებოდა. წყდებოდა ომები, რიგდებოდნენ დაპირისპირებული მხარეები, იდებოდა ზავი. სპორტს ყოველთვის მოჰქონდა მშვიდობა და სიხარული. დღესაც კი თანამედროვე ცივილიზაციის სამყაროში სპორტი არის მშვიდობის მძლავრი დესპანი, ურთიერთგაგების და პატივისცემის ნიშანსვეტი, ერის დიდების და უკვდავების ჭეშმარიტი სახე.

სპორტის განვითარება სხვადასხვა ეტაპზე უმნიშვნელოვანესი რამ იყო, როდესაც ოლიმპიადებზე საასპარეზოდ მამაკაცებთან ერთად სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩაებნენ მანდილოსნები. ე.წ. გენდერული თანასწორობის აღიარებამ სულ სხვა ხიბლი მისცა სპორტის სხვადასხვა სახეობებს, განსაკუთრებით ეს ითქმის მძლეოსნობაზე, ცურვაზე, სპორტულ და მხატვრულ ტანვარჯიშზე, ფრენბურთზე, კალათბურთზე, სადაც ქალური სილამაზის და ბუნების ბევრი ელემენტია ერთმანეთში შერწყმული.

ქართული სპორტის ისტორიას ხანგრძლივი და სახელოვანი წარსული გააჩნია, ის ჩვენი ერის ძლიერების ქვაკუთხედია და მას მსოფლიო სპორტის საგანძურში ღირსეული და გამორჩეული ადგილი უკავია.

და ეს ყველაფერი სათავეს ჩვენი მირონცხებული მეფეების გმირული წარსულიდან იღებს. ფარსმან ქველი, რომელსაც რომში ძეგლი დაუდგეს. საქართველოს გამქრისტიანებელი მირიან მეფე, საოცარი ფიზიკური ძალით და აღნაგობით გამორჩეული ვახტანგ გორგასალი, დიდი მეფე. დავით აღმაშენებელი. უებარი მეომარი ერეკლე მეორე და სხვებიც თვით მოუძღვოდნენ ლაშქარს და პირადი თავდადებით მაგალითს უჩვენებდნენ თავიანთ მეომრებს, რათა მათზე მრავალრიცხოვან მტერ-დუშმანს გამკლავებოდნენ. სპორტი დიდ პატივში გახლავთ ძველ იბერიაში და კოლხეთში. გავიხსენოთ ჩვენი სახელოვანი აიეტი, ქუჯი, გუბაზ მეფე, გმირი ცოტნე დადიანი.

ქართულ ლაშქარში დიდი ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ ვარჯიშებს, მეომრებში ბავშვობიდანვე ინერგებოდა ჭიდაობა, ძალოსნობა, სროლა, ფარიკაობა.

გადავშალოთ ვეფხისტყაოსანი და მოვუხმოთ შოთა რუსთაველს „ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოცდის დიდი რბევა, მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა“ ან „ნარდი ბედია, ჭადრაკი ჭკუა“–გვასწავლის შოთა.

როდესაც ლაპარაკია სპორტზე, ვგულისხმობთ ბრძოლას, ჟინს, აზარტს, გამარჯვებას და გვაგონდება ჩვენი დიდი კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც უცხოეთში სწავლის პერიოდში თავისთავს ამხნევებდა. ეი, შენ აბაშა წყლის ნაპირიდან წამოსულო ბიჭო, არ გაჯობონ რიონის, თემზის, სენის დიდი მდინარეების შვილებმა.

1992 წლიდან კი საქართველო უკვე საკუთარი დროშით და ჰიმნით ამაყად და წარმატებით მოაბიჯებს და მსოფლიო სპორტული ოჯახის ღირსეული წევრია. თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უამრავი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

და რაოდენ ბედნიერნი ვართ, რომ მათ გვერდში თავს იწონებენ ჩვენი მშობლიური ხობის სახელგანთქმული სპორტსმენები. 2016 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების მრავალგზის პრიზიორი მანუჩარ ცხადაია. პირველი მსოფლიო ჩემპიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭიდაობის ისტორიაში უნიკალური ნუგზარ წურწუმია, ქართული ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მომავალი დიდი ტალანტი და ვარსკვლავი მასოფლიო ჩემპიონი კადეტებში ჯონი ხეცურიანი ყველა დროის უძლიერესი ქართველი მკლავჭიდელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი აბსოლუტური წონით კატეგორიაში გენადი კვიკვინია. სამბისტი მერაბ ლაგვილავა, მოჭადრკეები ზურაბ ტყებუჩავა, დიანა ლომაია, ფეხბურთელები დემურ ვეკუა, ავთანდილ ქანთარია, ენუქი თევზაძე, ედიკ საჯაია. მოკრივეები ქაჯაია და ჩიქოვანი. მაპატიონ სხვებმა, რომლებიც ვიცი, გამომრჩა ამ ვარსკვლავების ფონზე, ვინაიდან თამასა მაღალ სიმაღლემდეა აწეული და პატივი მხოლოდ ოლიმპიურ მსოფლიო, ევროპის, საკავშირო ჩემპიონების გამარჯვებულებს და პრიზიორებს ერგოთ, რომელთაც ჩვენს პატარა რეგიონს შორის გაუთქვეს სახელი. ხობი ეს პატარა წერტილია მსოფლიო რუკაზე თავისი მიღწევებით პრეცედენტია სპორტულ სამყაროში თუ გავითვალისწინებთ მისი ტერიტორიის მოცულობას და მოსახლეობას, თამამად შეიძლება  ითქვას, რომ მას თავისი სპორტული შედეგებით ერთ სულ მოსახლეზე დედამიწის ზურგზე ბადალი არ ჰყავს. ბევრ ქვაყანასაც უსწრებს და გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი.

უპირველეს ყოვლისა მადლობელი ვარ უფლის, ჩემი საყვარელი ხობელების, რომ მომცეს ძალა და უნარი გავძღოლოდი ჩემს საყვარელ საქმიანობას ჭადრაკში, რომელსაც ბავშვობიდან ვეუფლები. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგა ჩემი შესანიშნავი კოლექტივი–მოსწავლეთა სახლი და სპორტული სკოლა, სადაც 21 წლის ასაკში მივედი და სითბო, სიყვარული ვიგრძენი იქ მომუშავე თითოეული წევრისგან, დაწყებული ხელმძღვანელობით. სწორედ ისინი მაძლევდნენ სტიმულს და გვერდში მედგნენ, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.

განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების, კოლეგების, სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

მეამაყება, რომ იმ სახელოვანი ხობის სასპორტო სკოლის წევრი ვარ, სადაც მოღვაწეობდნენ, რესპუბლიკაში განთქმული საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები, სპორტული მოღვაწეები და ახალგაზრდა პერსპექტიული მწვრთნელები.

სახელმწიფომაც ღირსეულად დააფასა ჩემი მოკრძალებული წვლილი ჭადრაკის განვითარებაში. ამის დასტურია ჩემთვის ძვირფასი, ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება, ვარ ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ფიდეს PRO მწვრთნელი და არბირტი. 4-ჯერ დამასახელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის №1 მწვრთნელად.

და ბოლოს, ყველაფერი ეს არ იქნებოდა, ჩემთან ერთად, რომ არ ყოფილიყვნენ ჩემი უსაყვარლესი აღსაზრდელები: ზურაბ ტყებუჩავა, ლაშა გერგაია, ლაშა შამათავა, ამირან შონია, გიორგი ლატარია, ლუკა შამუგია, დღევანდელი ქართული ჭადრაკის უპირველესი ვარსკვლავი და მომავალი–დიანა ლომაია, და-ძმა თეიმურაზ და ანა კვიკვინიები, ტყუპი დები მარიამ და მეგი ჭაჭიები, ნიკა ბუკია, ლიკა ჭანტურია, მარიამ ლაგვილავა, გიორგი იოსავა, რომელთაც თავდაუზოგავი შრომით შექმნეს ხობის საჭადრაკო სკოლა და შორს გაითქვეს სახელი.

და დღეს, როდესაც საზეიმოდ აღვნიშნავთ სპორტის საერთაშორისო დღეს, ისმის რიტორიკული კითხვა, რატომ გვიყვარს სპორტი? რას გვაძლევს ის? ვპასუხობთ: ეს არის თავისებური ადრენალინი, ადამიანის საზოგადოებაში დამკვიდრების საუკეთესო საშუალება, რათა გახდეს იმ საზოგადოების ღირსეული წევრი, სადაც მოღვაწეობს რომ ემსახუროს და ასახელოს თავისი სამშობლო და აღზარდოს ფიზიკურად და სულიერად ძლიერი, ჯანმრთელი, საღი, ნიჭიერი, მომავალი თაობა, რომელიც აიეტის ფიზიკურად და სულიერად ძლიერი, ჯანმრთელი, საღი, ნიჭიერი მომავალი თაობა, რომელიც აიტაცებს თავისი სახელოვანი წინაპრების ესტაფეტას და კიდევ უფრო შორს და წინ წავა.

აი, ეს არის ნამდვილად მორგებული გასაღები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. აი, ამიტომაც გვიყვარს სპორტი.

ირაკლი გეთია,

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე.