საქართველოს ჰიმნი გერმანულ რადიოში... (ხობელი შორენა სიხარულია გერმანულ რადიოში საქართველოს წარადგენს)
7 დეკემბერს 18:00 საათზე (საქართველოს დროით 21 საათზე) გერმანულ რადიო სადგურ Westküste-ს ეთერში სტუმრად მიწვეულია წარმოშობით ხობელი შორენა სიხარულია, რომელიც მსმენელს გააცნობს თავისი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.
გთავაზობთ გერმანიაში მოღვაწე შორენა სიხარულიას ინტერვიუს;
გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი
მე შორენა ვარ, საქართველოდან. უკვე 14 წელია რაც გერმანიაში ვცხოვრობ. ბავშვობიდან (მე-5 კლასიდან) მიზნად დავისახე, მესწავლა გერმანიაში. ,,მე მსურს იმ ქვეყანაში ვისწავლო, სადაც ამ ენაზე საუბრობენ!" - ეს იყო ჩემი სიტყვები 1995 წელს. შემიძლია ვთქვა, რომ გერმანული ენა შემიყვარდა, განსაკუთრებით გრამატიკა. ალბათ ასე ძალიან იმიტომ, რომ დედა მასწავლებელია. მე ამჟამად ინტეგრაციისა და მიგრაციის კოორდინატორად ვმუშაობ ამ მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით.
რატომ გაგიჩნდათ სურვილი ისაუბროთ საქართველოზე?
ხშირად, როცა ვიტყვი რომ საქართველოდან ვარ, მეკითხებიან: ,,რუსულად საუბრობ?" - ხო, რუსულადაც, მაგრამ არა მარტო. საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს, რასაც ძალიან ვაფასებ. მსოფლიოში 14 დამწერლობა არსებობს და მათგან ერთ-ერთი ქართულია. სადაც არ უნდა ვიყო? ყოველთვის მახსოვს, საიდან ვარ? ,,არავინ არის უფრო ცუდი, ან უფრო კარგი, უბრალოდ განსხვავებული."
საღამოზე - ეთერში რა თემებს შეეხებით?
მინდა შევეხო საქართველოს უძველეს კულტურას, ტრადიციას, რელიგიას, ქართულ ენას და ვისაუბრო ადამიანებზე. განსაკუთრებით კი ყურადღება გავამახვილო დასავლეთ საქართველოზე, საიდანაც მე ვარ, ასევე ვისაუბრო ჩემს ქალაქ - ხობზე. როცა საქართველოზე ვსაუბრობ, შეუძლებელია არ ვისაუბრო ქართულ ღვინოზე, სტუმართმოყვარეობასა და სუფრის ტრადიციაზე.
შორენა სიხარულიას ინტერვიუ გერმანულ პრესასთან.