ფოთისადა ხობის მიტროპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე

28.08.2019.
/ხობის (ნოჯიხევის) ხარების დედათა მონასტერი/

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

პატიოსანო მამანო და დედანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ყოვლადწმიდა მარიამის მიძინების დღესასწაულს!


საეკლესიო გარდამოცემა გვამცნობს, რომ იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ცხოვრობდა იერუსალიმში, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. დედა ღვთისა მოციქულებთან ერთად აღავლენდა ლოცვებს და უყვებოდა მათ თავისი ძის შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა რწმენაში. ყველა, ვინც მას ნახულობდა და ისმენდა მის საუბარს, საოცარი მოწიწებით განიმსჭვალებოდა წმიდა ქალწულ მარიამის მიმართ.

წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ, თუმცა იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის (Vს.) თქმით, „ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო გადმოცემიდან“, რომელსაც XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავი თავის „საეკლესიო ისტორიაში“. ამ ისტორიიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ მარიამის მიძინებას მოციქული თომა ვერ შეესწრო და როდესაც მივიდა გეთსამანიაში, ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დახვდათ, გვამცნობს წმიდა გარდამოცემა.

დღევანდელი დღე კიდეც გვახარებს და იმავდროულად გვაფიქრებს იმ საიდუმლოს შესახებ, რასაც წუთისოფელთან განშორება ჰქვია, რომლის შესახებ ფიქრიც კი აშინებს ხოლმე ადამიანს. იმის გამო, რომ მასზე არ იფიქრებ, არ ნიშნავს, რომ მას არ შეხვდები. ამიტომ უფრო გონივრული იქნება იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება ეს შეხვედრა. და მაინც, რა არის ის რაც გვაშინებს, გვაფიქრებს და გვაკრთობს?

ადამიანი თუ სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს, მისთვის გარდაცვალება არის საერთოდ ყველაფრის დასასრული, უბედურებათა უბედურება; თუმცა როგორც ქრისტიანებმა, სულიერი თვალით რომ შევხედოთ ამ საკითხს, ისე, როგორადაც ამას უფალი ჩვენი გვასწავლის, ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ცხოვრება კი არ მთავრდება, არამედ გრძელდება. პრობლემისგან თვალის დახუჭვა პრობლემას არ ხსნის, არ აუქმებს, არამედ, პირიქით, შენ გამყოფებს სიბნელესა და უმეცრებაში.


ადამიანი ამ სამყაროში ეძებს ბედნიერებას, სიხარულს და, მიუხედავად იმისა, რომ ეს სავსებით გასაგებია და გარკვეულწილად მისაღებიც კია, ამან მთავარი საფიქრალი არ უნდა გადაფაროს, მთავარი თემა არ უნდა დაგვავიწყოს. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ იმ საოცარ დღეს, როცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახით შევიძინეთ განსაკუთრებული მეოხი ღვთის წინაშე და ლოცვით მივმართავთ მას: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩვენ! ყოვლადწმიდა მარიამი არის არა მხოლოდ იესოს დედა, არამედ ის არის ყველას მზრუნველი დედა, და მაგალითი დედობისა, სიწმიდისა და იმ სიყვარულისა, როგორი სიყვარულითაც უნდა უყვარდეს დედას თავისი შობილი.

თითოეული ადამიანი, როგორც წმიდა მოციქული ბრძანებს, არის ტაძარი ღვთისა; ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის ცოცხალი ტაძარი, და რამდენადაც ადამიანს ღმრთისგან მინიჭებული აქვს თავისუფალი ნება, მის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რას დაუთმობს ადგილს თავის თავში; სულიწმიდის მადლს მოიხვეჭს და სინათლით აღავსებს, თუ სიბნელისა და უკეთური სულის თავშესაფრად აქცევს მას.

ადამიანი, რომელიც კეთილად შექმნა ღმერთმა, სულიერი საკითხებისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და თავისადმი უკრძალველობისა და დაუდევრობის შედეგად, ბოროტი სულის თავშესაფრადაც კი შეიძლება იქცეს. აი, ასეთ შემთხვევაში კი ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავის ქმედებას, ვეღარ განკარგავს თავის თავს და თავისუფალი ჰგონია თავი, როცა სჩადის ათასგვარ სიშლეგეს. სინამდვილეში კი იგი რეალურად არის შეპყრობილ მდგომარეობაში, და მას ესაჭიროება სულიერი დახმარება, საჭიროა მისთვის აღვლენილი იქნეს ლოცვები; უაღრესად მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანისთვის ეკლესიური ერთობის ლოცვა. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ვლოცულობთ ყოველთა და ყოვლისათვის; თითოეული ადამიანისთვის და არა მხოლოდ ოჯახის წევრისთვის. როგორც ერთი ღმერთის შვილებს, ერთი სულიერი ოჯახის წევრებს, გვმართებს მეტი ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, სულიერი მზრუნველობა, ერთმანეთისთვის ლოცვა და თანადგომა; ამაშია ჩვენი ძალა. ჩვენ გვყავს ერთმანეთი, და ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ვიმყოფებით ტაძარში, რომელიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული საუკუნეთა წინ და ჩვენ ვმადლობთ ღმერთს ამისთვის. აქ მიმდინარეობს აქტიური სამონასტრო ცხოვრება, იღწვიან დედები ფიზიკურად და სულიერად, ლოცულობენ, მარხულობენ, და როცა აქ მოდიხარ, აშკარად გრძნობ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომლითაც განმსჭვალულია ეს გარემო. ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენც დიდი სითბო და სიყვარული უნდა გაამჟღავნოთ მონასტრის მიმართ, ძალიან ბევრი რამ სჭირდება მონასტერს, როგორც სულიერ ოჯახს, სადაც ჩაუქრობლად ინახება რწმენის კანდელი; და როგორც საკუთარ ხორციელ ოჯახზე ზრუნავთ, ისე უნდა იზრუნოთ აქაურობაზე, რადგან ეს თქვენი, ჩვენი, უწმიდესი და უმნიშვნელოვანესი ოჯახია.

და ბოლოს:
მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ ტაძარში მსვენარებდა პერანგი ყოვლადწმიდისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, რომელსაც 1898 წელს, წმიდა მღვდელმთავარმა - ალექსანდრე ოქროპირიძემ აქ კანდელი დაუნთო და ბრძანა, რომ ჩაუქრობლად შეენახათ იგი. სამწუხაროდ, ათესტური ხელისუფლების ანტიეკლესიური პოლიტიკის შედეგად დიდი ზიანი მიადგა სულიერ ცხოვრებას, არაერთი ტაძარი იქნა დახურული და დანგრეულიც კი, მორწმუნე ადამიანებზე კი ფაქტიურად ნადირობა იყო გამოცხადებული. მწარე სინამდვილეა ისიც, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პერანგი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ინახებოდა ამ სავანეში, 1921 წლის პირველ მაისს უსამართლოდ იქნა აქედან გატანილი; თუმცა გჯეროდეთ და გწამდეთ, რომ მისგან მომდინარე სულიერ მადლს არასდროს დაუტოვებია ეს წმიდა ადგილი და დღესაც გვაძლიერებს, გვიცავს და გვიფარავს უკეთურ ძალთაგან. ხალხური სიბრძნე გვამცნობს: „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავსო.“
ღმერთმა გაგახაროთ! გილოცავთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულს.

მადლი და წყალობა ღმრთისა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს, აწ და უკუნისამდე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!