ეს სახლი ალბათ არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა 25 წლის წინ მომხდარიშემთხვევა, ღურწკაიების ოჯახთან ერთად, მთელი ქვეყნის ისტორია რომ შეცვალა. აქ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, თუ მოკლეს.. მთავარი კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება. სამაგიეროდ სოფლის ბოლოში ისევ დგას, უკვე შემოუღობავ ეზოში ორსართულიანი, სანახევროდ ქვის და ხის, უკარო, უფანჯრებო, ალაგ-ალაგ კედლებმორღვეული, საძირკველშერყეული შენობა. ეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ხიბულაა და სახლი, სადაც ზვიადმა სიცოცხლის ბოლო სამი დღე გაატარა.
კარლო ღურწკაიას საცხოვრებელი შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. უსწორმასწორო გზებით სოფლის ორღობეს მივუყვებით. ძალაუნებურად გეფიქრება - შესაძლოა იმავე ტრაექტორიით გადიხარ მანძილს დანიშნულების წერტილამდე, როგორც თავის დროზე პირველი პრეზიდენტი თანმხლებ პირებთან ერთად. გზად მიტოვებული სახლები მოსჩანს. ასეთი არც თუ ცოტა გვხვდება.
აი, დროსა და სიცარიელეში გაყინული ღურწკაიების საცხოვრებელიც. აქ სიჩუმეს სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი, ღორის მოურიდებელი ხვნეშა არღვევს. სახლის მეორე სართული პირველს საყრდენით უჭირავს და ერთი შეხედვით ჩამონგრევისგან იცავს. ფრთხილად, უმინებო ფანჯრის ჩარჩოდან ვიყურები შიგნით, საიდაც დაზნექილ იატაკს და წაქცეულ კარადას ვხედავ. აივანზე გადაადგილება სახიფათოა. ამ მიზეზით, დერეფნის ბოლოს, კუთხეში მდებარე ოთახში, სადაც საბედისწერო გასროლა მოხდა, ვეღარ ვახერხებთ შესვლას. პირველ სართულზე მხოლოდ მიწის იატაკი და სანახევროდ მორღვეული, გაბზარული კედლებია. აივნიდან ხელისგულზე გადაშლილა ძველი ხიბულა.
კარლო ღურწკაიამ სოფელი ათი წლის წინ დატოვა ოჯახური პრობლემების მიზეზით და დღეს ზუგდიდში ცხოვრობს. ჩვენ მას სწორედ აქ შევხვდით. ვიდეო ჩაწერაზე უარი გვითხრა. სამაგიეროდ ისე მოგვიყვა, თუ როგორ ძლიერ უყვარდა პრეზიდენტი და შეიფარა მისთვის ყველაზე მძიმე დროს. სამი დღე ზვიად გამსახურდიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან და დაცვის ორ წევრთან, ბაჩუკი გვანცელაძესთან და რობიზონ მარგველანთან ერთად ამ სახლში დაჰყო. დათრგუნული, მოტეხილი, წელში მოხრილი - ასეთი დაამახსოვრდა 78 წლის მოხუცს პრეზიდენტი, რომელიც პირველად და უკანასკნელადაც ცოცხალი მხოლოდ მაშინ, მისალმებისას ნახა. ამბობს, რომ ზვიადი ოთახიდან არ გამოდიოდა და არც არაფერი უჭამია. ერთადერთი, სიკვდილის ღამეს მოითხოვა ჭიქა ჩაი. კომუნიკაციაც მასთან ოჯახის დიასახლისს ჰქონდა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის.
„მიშველეთ, კარლო ბიძია, ამოდითო. მივედი და სასწაული ვნახე. ერთი ამოისუნთქა და გათავდა კაცი. იმის შემდეგ მეც გავთავდი. აყვავებული იქნებოდა ეს ქვეყანა, ზვიადი რომ ყოფილიყო. მაგრამ გამოედევნენ, დააქციეს კაცი. ღელე-ღელე დადიოდა. საჭმელი არ ჰქონდა და სასმელი. ასე რომ არ მომხდარიყო, დღემდე შევინახავდი სახლში. მზად ვიყავი მისთვის სიცოცხლეც დამეთმო“, - უთხრა „ლაივპრესს“კარლო ღურწკაიამ და დაკოჟრილი მუშტით ცრემლები შეიმშრალა.
პირველ პრეზიდენტზე უემოციოდ საუბარს ვერც 25 წლის შემდეგ ახერხებს. ამბობს, რომ იმ ღამით არც მას და არც შვილს არაფერი გაუგიათ. ერთადერთი, ცოლს მოესმა რაღაც „დავარდნის“ ხმა.
კიდევ ერთი მეზობლის თალიკო კვირაიას თქმით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილის და გარემოებების შესახებ მხოლოდ წლების შემდეგ, გაზეთიდან შეიტყო, რაც სოფლის ყველა მცხოვრებისთვის თანაბრად მოულოდნელი აღმოჩნდა. ორივე ოჯახი პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო, რომელიც ჰუმანურობის და სიკეთისთვის უყვარდათ, პატივს სცემდნენ.
„კიდევ არ გვჯეროდა. ყველა ლაპარაკობდა, თავი მოიკლაო. ეკლესიური იყო, თავს არ მოიკლავდაო. მაგრამ, რაც არ გინახავს.. ისეთი ადამიანი იყო, იმისთანა არ ვიცი, კიდევ მოიძებნება თუ არა“, - ამბობს თალიკო კვირაია.
მეზობლები 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს მძიმედ იხსენებენ და ეიმედებათ, რომ რომელიმე ხელისუფლების პირობებში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა მოხერხდება.
იგივე სურვილი აქვს კარლო ღურწკაიასაც. მისი თქმით დილემას - მოკლეს თუ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - ზვიადი მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებას შეეწირა.

მშობლიური კერა ბოლოს სამი წლის წინ მოინახულა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკან მიბრუნების სურვილი არ აქვს, ცხოვრების მთავარ ტვირთად ქცეული ტრაგედიაა. შემოუღობავი ეზოც გზაარეული შინაური ცხოველებისთვის საბალახო ტერიტორიად ქცეულა.
ერთადერთი, ვინც ნასახლარს არ ტოვებს და ყოველწლიურად, გაზაფხულობით აკითხავს, მერცხალია. მისი ბუდე აივანზე ჯერაც ხელუხლებლად ჰკიდია.
გარდაცვალების საქმეზე ხანდაზმულობის ვადა დღეს იწურება. ამ ვადის ხუთი წლით გახანგრძლივების საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. გადაწყვეტილებას ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების შიმშილობის აქცია უძღოდა წინ.
რამდენიმე თვის წინ სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მეზობლების ინფორმაციით, შენობისთვის პირვანდელი სახის აღდგენაც იგეგმება.