სტიქიამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტად ხობი დააზარალა [ფოტო/ვიდეო] Livepress.ge

ხობის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგად სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა. აქ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხობმა მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები დატბორა. მოსახლეობა წყლის მაღალი დონის გამო საცხოვრებლებიდან გამოსვლას დახმარების გარეშე ვერ ახერხებს.
ადგილობრივების თქმით, წყლის არხს სივიწროვის გამო, დიდი ნალექის დროს უჭირს ნაკადის გატარება, კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს. ხობელებს უკვე წლებია ეს პრობლემა აქვთ და გამგეობასაც შესაბამისი თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
კორპუსის მცხოვრებლებს შინაური ფრინველიც დაეხოცათ სტიქიის გამო. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ იციან, რადგან ბინის უკანა მხარეს, სადაც ისინი დაბინავენული ჰყავდათ, მისვლას ვერ ახერხებენ.
ძლიერმა წვიმამ ასევე დააზიანა ბონდის საცალფეხო ხიდი, რომელიც სოფელ ბიას იმ ტერიტორიასთან აკავშირებს, სადაც ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვთ. აქამდე მისასვლელად, მოსახლეობის თქმით, შემოვლითი გზის - 30 კილომეტრის გავლა მოუწევთ. ამბობენ, რომ სანამ ხიდი არ შეკეთდება, მიწის ნაკვეთებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც აღწერს მიყენებულ ზიანს. გამგებლის პირველი მოადგილის, ვარაზ გაბედავას განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში შეეცდება დაზარალებულებს დაეხმაროს.