იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული პირველ ხორგაში (ვიდეო)

 
7 ივლისს მართლმადიდებელი სამყარო იოანე ნათლისმცემლის შობის  დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად  საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
   იოანე ნათლისმცემელმა პირველმა განბანა ქრისტე და მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას დაუდო საფუძველი. წმინდა  სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემლის მშობლებმა მღვდელმთავარმა ზაქარიამ და ელისაბედმა სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, შვილი არ ჰყოლიათ. ერთხელ ზაქარიას იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას ანგელოზი ეჩვენა და ამცნო, რომ მისი ცოლი შობდა ძეს, რომლისთვისაც იოანე უნდა დაერქმიათ. ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას სასჯელად მეტყველების უნარი წაერთვა. ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული ელისაბედი დაფეხმძიმდა. როდესაც მან იმშობიარა, მერვე დღეს ჩვილი  წინადაცვითეს და აპირებდნენ მისთვის ზაქარია დაერქმიათ, თუმცა ელისაბედმა განაცხადა, რომ ჩვილისთვის იოანე უნდა დაერქმიათ. ამან ყველა გააოცა, რადგან ეს სახელი იმ დროს არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა, რომ მის ძეს იოანე უნდა რქმეოდა. იოანეს შობის შემდეგ ზაქარიას მეტყველების უნარი ისევ დაუბრუნდა და სული წმინდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და ჩვილს მიმართა: „და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებლად  გზათა მისთა“.
   საზეიმო წირვას მრევლთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია  და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.


























































 ვალერიანე ( მალხაზ) ქაცარავა