26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც, მაყურებლის წინაშე ანრი ჯოხაძე, მარიტა როხვაძე, „ბაშა“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, ქორეოგრაფიული ჯგუფები „აია-კოლხეთი“ და „კოლხეთი“ წარსდგნენ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - „გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი დიდი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღემ მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს ხვალინდელი დღე. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც დიდი რუდუნებით გაფრთხილება და დაცვა სჭირდება“.
სადღესასწაულო კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.