„სტუდენტები უნდა გახდნენ ქართული კულტურის, მუსიკის პატრონები“ - ამ მიზნით და ამ იდეით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ხობი“, მისი პრეზიდენტის გოდერძი ბუკიას ხელმძღვანელობით დღეს, 12 მაისს ახალი ინიციატივის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი „ქართული სიმღერის სტუდენტური ფესტივალი“ 23-25 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტში გაიმართება და საქართველოში არსებული თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ჩაერთვება.
ფესტივალი გააერთიანებს ახალგაზრდებს. შექმნის მეგობრობის, თანამშრომლობის, კულტურის სფეროში ნიჭის გაზიარების შესაძლებლობებს. ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში შენარჩუნდეს როგორც ფოლკლორის, ისე თანამედროვე ქართული სიმღერის სიყვარული და ინტერესი. სტუდენტური ფესტივალის შექმნა განაპირობა ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ახალგაზრდების მხრიდან აქტიურმა ჩართულობამ.
მაშინ, როდესაც ხელოვნებისთვის ბევრს არც ეცალა, სწორედ ფონდმა „ხობმა“ ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეთა თანადგომითა და ძალისხმევით შეძლო ხობის ფესტივალი ფართომასშტაბიან შემოქმედებით და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად ექცია, რომელმაც უკვე საკუთარი ისტორია შექმნა და დღეს ის ბრენდია. ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და თავისი ფორმატით, საკონცერტო და საგამომცემლო საქმიანობით, ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას. ამ ფესტივალის შუალედში ჩატარდება სტუდენტური ფესტივალი.
სტუდენტური ფესტივალის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო, საქველმოქმედო ფონდი „ხობი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, უმაღლესი სასწავლებლების რექტორატი და სტუდენტური თვითმმამრთველობა.
ფესტივალის მასპინძელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია, ხობის მუნიციპალიტეტი და ხობელი ახალგაზრდობა.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში იქნებიან სტუდენტთა შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლები. ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალის სიმბოლიკის შექმნა, მხატრული გაფორმება, რეჟისურა, საფესტივალო ალბომი და სხვა მიმართულებები, მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება თბილისის სამხატრო აკადემიის, შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის და სხვა უმაღლესი სასაწავლებლების სტუდენტების მიერ.
სტუდენტური ფესტივალის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების და შემოქმედებითი ჯგუფების ცნობადობის ამაღლების მიზნით სპეციალური ალბომი გამოიცემა.
ფესტივალი ორ დღეს გასტანს. ახალგაზრდები იცხოვრებენ ოჯახებში. გაეცნობიან სამეგრელოს ტრადიციებს. დაათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს. სასიამოვნო დროს გაატარებენ და კიდევ უფრო გაილამაზებენ სტუდენტურ ცხოვრებას.