საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაიტანა.
როგორც ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროექტ „აწარმოე საქართველოშის“ მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებები აქვს. მისი თქმით ეს არის 5 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტი. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, გრანტების შესახებ კანონში ცვლილება შედის.
„გავიტანეთ დრაფტი კანონპროექტის, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სახსრები ჩაითვლება როგორც გრანტები და შესაბამისად, მასზე საშემოსავლო გადასახადი აღარ ექნებათ მიკრო მეწარმეებს. ამ წუთის მდგომარეობით, ათას სამასზე მეტი ბენეფიციარი უკვე გამოვლენილია. ხუთასზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მათ შორის ასზე მეტი თანხა უკვე ჩარიცხულია. ხოლო, ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი 636 ბენეფიციართან. ჯამში, ეს ექვს ნახევარი მილიონი ლარია, რა ბიუჯეტიც ჩვენ ამაზე გამოყოფილი გვქონდა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდება რამდენიმე საწარმო, მათ შორის ერთ-ერთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მინერალური და მტკნარი წყლის საწარმო.
„აშენდება საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. აქ აშენდება მინერალური და მტკნარი წყლის საწარმო, რომლის დეკლარირებული სიმძლავრე, რაც ჩვენთან პროექტშია წარმოდგენილი, არის 100 მილიონი ლიტრი წელიწადში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 20 ადამიანი, ხოლო მშენებლობაზე კი უფრო მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, კიდევ ერთი საწარმო აშენდება ხობში, რომელიც ასანთს აწარმოებს.
„ამჟამად ასანთი სრულიად იმპორტირებულია ქვეყანაში. აშენდება ასანთის ქარხანა, მას დიდი წარმოება ექნება. ეს არის 100 მილიონი კოლოფი წელიწადში. ინვესტიციების რაოდენობა არის მილიონ ორასი ათასი ლარი და აქაც დასაქმდება 50 ადამიანამდე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.