9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდების მუზეუმში ომის ვეტერანებთან საზეიმო შეხვედრა და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ხსოვნა-სიცოცხლეა“ გაიმართა. წელს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 ვეტერანიდან ღონისძიებას 4 დაესწრო. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოწვეულ ვეტერანებს მიულოცეს დღევანდელი დღე, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები თაიგულებით შეამკეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე მყოფ ომის ვეტერანებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაწესებული სპეციალური ჯილდო, მისალოცი ბარათები და ფულადი საჩუქრები გადასცეს. ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშერბზე დაერიცხათ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 150 ლარი - ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 100 ლარი - შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“, ასევე სასაჩუქრე პაკეტი მაჟორიტარი დეპუტატ გოდერძი ბუკიასგან გადაეცათ.
ღონისძიების დასრულებისთანავე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა რევაზ წულაიამ, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ და საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ შეუძლოდ მყოფი ვეტერანები სახლში მოინახულეს და საჩუქრები პირადად გადასცეს.