ძველ ხიბულაში სროლებამდე და სროლების შემდეგ

მიტოვებული პატარა სახლი სამეგრელოს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში. სწორედ აქ, ადგილობრივი კარლო ღურწკაიას საცხოვრებელში 1993 წლის 30 დეკემბრის ღამეს მოიკლა თავი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. ასეთია ოფიციალური ვერსია. მაგრამ ამისა საქართველოში ძალიან ცოტას თუ სჯერა. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება მართლაც საიდუმლოებითაა მოცული, ხოლო იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებიც იმ საბედისწერო ღამეს გადაყენებულ პრეზიდენტთან ატარებდნენ, მხოლოდ აძლიერებს ეჭვებს. მაშ ასე, კარლო ღურწკაიას სახლის ერთ-ერთ ოთახში დასაძინებლად წასვლას აპირებდნენ ზვიად გამსახურდია და მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი. გვერდით ოთახში ფხიზლად არის ორი დამცველი, მაგრამ შემდეგ ისინიც წავლენ დასაძინებლად.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, შეიარაღებულ მეამბოხეთა ჯგუფი გამსახურდიას მეთაურობით მარშით გაბედულად მიდიოდა თბილისისაკენ, სადაც მოკალათებულიყო საზიზღარი "სამხედრო ხუნტა", რომელმაც ორი წლის წინათ ის ხელისუფლებას ჩამოაშორა. მაგრამ დღეს ზვიადის "არმია" მიმოფანტულია, სხვათა შორის, რუსი ადმირალის ედუარდ ბალტინის არც თუ დახმარების გარეშე, თავად იგი კი ერთ მუჭა ერთგულ ადამიანებთან ერთად დახეტიალობს სამეგრელოს მიყრუებულ ადგილებში, ემალება დაუნდობელ მდევნელებს, მის კვალდაკვალ რომ მოდიან. რა იქნება ხვალ. კარლო ღურწკაიას სახლის მცხოვრებთაგან ეს არავინ იცის, მაგრამ ის, რაც მათ 31 დეკემბრის დილით ნახეს, გამაოგნებელი გახდა. საწოლში - მკვდარი ზვიად გამსახურდიაა პისტოლეტ "სტეჩკინით" ხელში და ტყვიით თავში. ვინ ისროლა. ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი ამბობს, რომ სახლში არავინ უცხო არ ყოფილა. მაშასადამე, ზვიადმა თავი მოიკლა, მაგრამ... მცველი სოსო ლორია დაჟინებით ამტკიცებს, რომ ზვიადის თავში იყო ორი ტყვია, და არა ერთი. ბესარიონ გუგუშვილს კი, რომელიც ზვიადთან ერთ ოთახში იყო ღამით, საერთოდ სროლის ხმა არ გაუგონია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ზვიადი მუცელში ძლიერ ტკივილებს უჩიოდა... ერთი სიტყვით, მორიგი საიდუმლო.
თანამედროვე საქართველოში ზვიად გამსახურდიას პიროვნებას, უდავოდ, განსაკუთრებული ადგილი უკავია. როგორც ამ ცოტა ხნის წინათ ერთმა ჟურნალისტმა შენიშნა, ძნელია ქვეყნის უახლეს ისტორიაში მონახო სხვა ისეთი წინააღმდეგობრივი ფიგურა, რომელიც ერთდროულად იწვევდეს ხალხში ისეთივე დიდ სიყვარულს და ისეთსავე ზიზღის ზღვას. როგორც იგივე კოლეგა წერს, ზვიადისადმი ზიზღის გამო ხვრეტდნენ მშვიდობიან მიტინგებს, აწამებდნენ მის მიმდევრებს, თამამად უყურებდნენ სიკვდილს თვალებში, იტანდნენ აუტანელ წამებას... აი, თითქოსდა, ურთიერთგამომრიცხავი პარადოქსები...
რა უნდა თქვა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ყოველმხრივ არაორდინალური პიროვნება იყო, და არ არის გასაკვირი, რომ მასთან ჩემი რამდენიმე შეხვედრა სამუდამოდ ჩაიჭედა ჩემს მეხსიერებაში.
გარეთ უკვე სექტემბერი იყო, მაგრამ იმ მგზნებარე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გამოძახილი მუდამ გვახსენებდა თავს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად. მშვიდობიანი დემონსტრაციის დაუნდობელმა დარბევამ, რასაც 18 კაცის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოში ეროვნულ-პატრიოტული გრძნობების ძლიერი აფეთქება გამოიწვია. მთელი ხმით გვახსენებდნენ თავს სხვადასხვაგვარი პოლიტიკური პარტიები და დაჯგუფებები. გაზეთი "ვეჩერნი ტბილისი", ბუნებრივია, ეხმაურებოდა დროის გავლენას და აცნობდა თავის მკითხველებს ახალ გაერთიანებათა იდეოლოგიურ პლატფორმებს. და აი, მოვიდა ზვიად გამსახურდიას რიგიც. გაზეთის სპეციალურმა კორესპონდენტმა ევგენი კრავჩუკმა მიიღო დავალება - წასულიყო საქართველოს ამ რადიკალური პოლიტიკური ორგანიზაციის - სახელწოდებით "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" - ლიდერთან შეხვედრაზე.
რასაკვირველია, ზვიადთან შეხვედრისათვის ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვემზადებოდით. გაზეთი "ვეჩერნი ტბილისი" მაშინ საქალაქო კომიტეტის ორგანო იყო. ზვიადი კი მტკიცე ანტიკომუნისტი იყო, და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევში ლანძღავდა კომუნისტურ პარტიას, მკვეთრად ესხმოდა მას თავს.
რასაკვირველია, ჩვენ კრიტიკის წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, თავადვე ვცდილობდით, გვეჩვენებინა აზრებისა და იდეების თავისუფალი გამოთქმის მაგალითი, ვისწრაფოდით, გაგვეხადა გაზეთის გვერდები მწვავე დისკუსიების არენა, თუმცა, რასაკვირველია, ლანძღვისა და შეურაცხყოფის გარეშე, ქცევის ელემენტარული ნორმების დაცვით. ზვიადი კორესპონდენტს მეტად კეთილგანწყობით შეხვდა.
- ინტერვიუ თქვენი გაზეთისთვის გინდათ. კეთილი. ოღონდ მიპასუხეთ შეკითხვაზე: როგორ უყურებს თქვენი რედაქტორი ქართულ ეროვნულ მოძრაობას.
როგორც ჩანს, კორესპონდენტის პასუხმა დააკმაყოფილა გამსახურდია. მან ჯიბიდან ქაღალდის რამდენიმე ფურცელი ამოიღო და თქვა:
- ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ, მაგრამ ჯერ მინდა, რომ თქვენი გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდოს აი, ეს მასალა. სთხოვეთ ამის შესახებ თქვენს რედაქტორს.
ასეთი თხოვნით დაბრუნდა რედაქციაში ჩვენი კორესპონდენტი.
რასაკვირველია, სტატია, რომელიც საქართველოში ეროვნებათშორისი ურთიერთობების მწვავე თემას შეეხებოდა, იყო სადავო. მაგრამ ყოველი პოლიტიკური მოძრაობისა და მისი ლიდერის უფლება ღიად წარმოაჩინოს თავისი შეხედულებები, დაიცვას თავისი პოზიცია, იმ დროისათვის სულ უფრო და უფრო მტკიცედ მკვიდრდებოდა ჩვენს შეგნებაში. ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება - დაგვებეჭდა ზვიად გამსახურდიას სტატია - მივიღეთ. მაგრამ ადგილი მისთვის მე გამოვყავი სადისკუსიო კლუბის რუბრიკაში. მასალის გამოქვეყნებამდე მე ის კიდევ ერთხელ წავიკითხე ყურადღებით, შევიტანე რაღაც ცვლილებები:ზვიადის სტატია შეიცავდა მთელ რიგ მკვეთრ გამონათქვამს, რომლებიც მთლად ჩვეულებრივი არ იყო ჩვენი მაშინდელი აუდიტორიის სმენისათვის. ჩემი სმენისათვის. ახლა სტატიისთვის ვიზა უნდა მიეცა თავად ავტორს. შევხედე საათს. ზვიადი იგვიანებდა. მოულოდნელად ჩემი კაბინეტის კარი რედაქციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა გააღო: "თქვენ მისაღებში დიდი ხანია გელოდებათ ბატონი ზვიადი..." გამოვედი კაბინეტიდან:"რატომ არ შემოდიხართ." აღმოჩნდა, რომ გამსახურდიას მოსვლამდე ჩემმა თანამშრომელმა რამდენიმე ხნით დატოვა თავისი პოსტი რედაქტორის კაბინეტთან. მისაღებში არავინ იყო, ვიზიტიორი კი ნებართვის გარეშე არ შემოვიდა. დელიკატურობა. შემდეგ ძალიან ხშირად ვიგონებდი და დღემდე მახსოვს ეს შემთხვევა. ამ სამი წლის განმავლობაში ჩემ კაბინეტში რა და რა ჯურის ხალხი არ ყოფილა, ზოგჯერ ნებართვის გარეშეც შემოდიოდნენ. ზოგჯერ ჯგუფად შემოიჭრებოდნენ ხოლმე, ოც-ოცი კაციც კი. ამ ფონზე ზვიად გამსახურდიას ქცევა აშკარად გამოირჩეოდა. განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ იმ ადამიანის მაშინდელ რეპუტაციას, რომლის ერთი გამოჩენის დროსაც კი დაუყოვნებლივ იხსნებოდა ყველა კარი.
ზვიადმა დაიწყო მასალის კითხვა და უმალვე აღმოაჩინა მასში შეტანილი შესწორებები. მან მითხრა: "თუ რაიმე მიზეზის გამო არ გამოაქვეყნებთ სტატიას თავდაპირველი სახით, მე მას სხვა რედაქციას მივცემ". რა უნდა მეთქვა, საქმის ამგვარი შემოტრიალება სრულიადაც არ მაძლევდა ხელს. ძნელი არ იყო გვევარაუდა, თუ რა კომენტარებს გააკეთებდნენ ხვალ ქუჩაში, თუ მე ზვიადს ასე უკმაყოფილოდ გავუშვებდი. ჩვენ კვლავ დავიწყეთ მასალის კითხვა, კვლავ დაკვალ ვიხილავდით მომენტებს, რომლებიც ჩემში შეკითხვებს იწვევდა. ვიტყვი პირდაპირ: ზვიადი არც ისეთი უკომპრომისო აღმოჩნდა, როგორც მის შესახებ ლაპარაკობდნენ. ახლა სასაცილოა, გაიხსენო, მაგრამ მე, მაგალითად, მეხამუშა ის, რომ ზვიადი გორბაჩოვს "მეფე-ბატონს" უწოდებდა, და მე ვთხოვე მას, ამოეღო ეს ფრაზა. ის ოილად დამთანხმდა. მაგრამ სტატიაში იყო სხვა მისთვის პრინციპული მომენტები, და ის მტკიცედ იდგა ამაზე. ასე, სიტყვა-სიტყვით ნელა მივდიოდით ბოლოსაკენ. ბუნებრივია, მეც მივდიოდი დამთობაზე. გარედან, შეიძლება, ეს ჰგავდა ვაჭრობას მაღაზიაში, სადაც პერსპექტიული მყიდველი შევიდა: მეპატრონეს არ სურს, გაუშვას იგი, შესასყიდი საგნის გარეშე, მაგრამ საკუთარი ინტერესების დაცვაც აუცილებელია.
ბოლოს, ჩვენ დავამთავრეთ საუბარი და დამშვიდობება დავიწყეთ. ზვიადმა კი მთხოვა ქაღალდის ფურცელი და ჩემს შესახებ პატარა წერილი დაწერა:
"ბატონ ანასტასიადის. გთხოვთ საავტორო ჰონორარის ანგარიშზე მომცეთ გაზეთის ორასი ეგზემპლარი. ზვიად გამსახურდია. 11.|X. 1989 წ."
იმ დღეს, როდესაც ზვიად გამსახურდიას სტატია გამოქვეყნდა, მაშინდელ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დამირეკა და უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პარტიულ გაზეთში რადიკალური ოპოზიციონერის მასალა დაიბეჭდა. "ჩვენ თვალებს ვხუჭავთ ამგვარ სტატიებზე ახალგაზრდულ პრესაში, გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "სახალხო განათლება", მაგრამ თქვენ ხომ პარტიული გაზეთი ხართ.! ასეთი რამ ჩვენთან ჯერ არ მომხდარა", - მისაყვედურა მან. მაგრამ ის დრო უკვე აღარ იყო, ზვიად გამსახურდიას სტატიის ჩვენს გაზეთში დაბეჭდვის ისტორიას რაიმე სხვა შედეგები არ ჰქონია. ჩემთან კი საყვედურის გამომთქმელმა პარტიულმა ჩინოვნიკმა შემდგომ ზვიად გამსახურდიას მთავრობაში მაღალი სახელმწიფო პოსტი დაიკავა.
ზვიად გამსახურდიასთან მეორე შეხვედრა წლისა და რამდენიმე ხნის შემდეგ შედგა. ამ რდოის განმავლობაში საქართველში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომლებმაც ძლიერ შეცვალეს მისი სახე. 1990 წლის მარტისათვის დაინიშნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დეპუტატობის კანდიდატად დამასახელა. დაიწყო ძალიან რთული და არაჩვეულებრივი დღეები. საარჩევნო უბანი, სადაც მე ვიყავი რეგისტრირებული, ძალიან დიდ ტერიტორიაზე იყო: ვარკეთილის მასივი, ვაზისუბანი, აეროპორტის ტრასა მისი საცხოვრებელი კორპუსებით, ალექსეევკის დასახლება, სადაც დისლოცირებული იყო დიდი სამხედრო ნაწილი- ჩამოყალიბდა მხარდამჭერი ჯგუფი, დაასახელეს ნდობით აღჭურვილი პირები. მოსახლეობასთან შეხვედრები იწყებოდა დილით ადრე და მთავრდებოდა გვიან ღამით. ეს ყოველივე ბევრ ძალას, ენერგიას, დროს, ნერვებს ითხოვდა. რედაქციაში უშუალო მუშაობა დროებით დავივიწყე, მით უმეტეს, რომ კონკურენტები კვალში მიდგნენ: პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამგე ნოდარ ჯანბერიძე, გამსახურდიას მთავრობაში მომავალი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, მომავალი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მისსავე მთავრობაში მურმან ომანიძე და სხვები. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩემთან მოვიდა ომანიძის ხალხი და მთხოვა, მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, მაგრამ, რასაკვირველია, უარი ვუთხარი. სამწუხაროდ, მომესინჯა ჩემი ძალები უშუალოდ არჩევნებზე კონკურენტებთან, მე მაინც ვერ შევძელი: 1990 წლის მარტის არჩევნები არ შემდგარა, ვინაიდან ოპოზიციამ ჩაშალა. გამსახურდიამ მომავალ არჩევნებს კომუნისტური ნომენკლატურის მხრიდან რევანშის მცდელობა უწოდა და კომპარტიის მაშინდელ ხელმძღვანელს გივი გუმბარიძეს მიმართა მოთხოვნით - არ ჩატარებულიყო არჩევნები. მას კი ძალა არ ეყო, წინააღმდეგობა გაეწია ამ ულტიმატუმისთვის. ვფიქრობ, რომ ზვიადმა ფხიზლად შეაფასა თავისი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მაშინდელი ძალები და მიხვდა, რომ ჯერ კიდევ არ შეუძლია, დაამხოს კომუნისტები. სამაგიეროდ იმავე წლის 28 ოქტომბერს კოალიცია "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" გავიდა უმაღლეს საბჭოში დიდი უპირატესობით (68 პროცენტი) და ჩამოყალიბდა მთავრობა.

ვადიმ ანასტასიადი,
გაზეთ "ვეჩერნი ტბილისის" მთავარი რედაქტორი

(დასასრული იქნება)

საქართველოს რესპუბლიკა