4 დან 8 სექტემბერის ჩათვლით ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ გაიმართა ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის მეშვიდე მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი ნარდში, რომელიც “განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ - “ხობის” პრეზიდენტის, გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და უშუალო მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება. 2008 წლიდან, გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი შეტანილია საერთაშორისო გათამაშებების ცხრილში და მას ორგანიზებას უწევენ ნარდის საერთაშორისო ორგანიზაციები. მეორე წელია, გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი, ნარდის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით იმართება (პრეზიდენტი მარკო ფორნასირი _ იტალია) და იგი შეტანილია ნარდის მსოფლიო ფედერაციის 2013 წლის ოქროს წრეში. წლევანდელი ტურნირის თანაორგანიზატორი საქართველოს ნარდის ფედერაცია (პრეზიდენტი _ კახაბერ ნაჭყებია) იყო. აღსანიშნავია რომ ტურნირის ფორმატი ყოველწლიურად ფართოვდება და მონაწილეებსაც შესაბამისად საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. გოგი ბუკიას სახელობის მემორიალურმა ტურნირმა სათანადო ავტორიტეტი და პოპულარობა მოიპოვა, წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის 80- მდე მოთამაშე, მათ შორის იყვნენ ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი ვიაჩესლავ პრიატკინი, ექს-ჩემპიონები - მაიკ სვაბოდნი, დენ ბენზიონი და თანამედროვე ნარდის ლეგენდა, მსოფლიოც №1 მონარდე _ იაპონელი მასიუკი მოჩიზუკი, რომელმაც ტურნირის მონაწილეებს თანამედროვე ნარდის საკითხებზე ლექცია ჩაუტარა. ტურნირში აქტიურად მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის წლევანდელი ნარდის ჩემპიონატის გამარჯვებული ნოდარ ხურცია, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა. ჩემპიონატს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი ჯობავა, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები. როგორც ყველაზე ერთგულ მოთამაშეს, ტურნირში პრიზი ესპანელ მარკო მალას გადასცა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ქაჯაიამ. ხოლო პირველი ადგილის მფლობელი და გოგი ბუკიას სახელობის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გერმანიის მოქალაქე გახდა.