„ქართული ოცნების“ ჭალადიდელ მხარდამჭერებს პოლიცია ემუქრება


პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

შორენა გელენიძე აცხადებს, რომ ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსი, პოლიტიკური აქტივობის გამო, პირადად დაემუქრა.

–"საბავშვო ბაღიდან მასწავლებელმა დამირეკა და მისვლა მთხოვა. მეგონა ჩემს ძმისშვილს ჰქონდა პრობლემები. მივედი თუ არა ცალკე ოთახში შემიყვანეს, სადაც პოლიციის უფროსი ლექსო რაფავა დამხვდა. მითხრა, რამდენი ხანია თვალყურს გადევნებთ და ხომ იცი, რომ შენი ძმის ბედი ბეწვზე კიდია თუ ამ ყველაფერს არ შეეშვებითო. ამ საუბრის დროს მოვიდა მისი მოადგილეც, კრიმინალური პოლიციის უფროსი, ირაკლი ჯობავა. ვუთხარი, არ მეშინია თუ გინდათ ახლავე დამაპატიმრეთ-მეთქი და წამოვედი",–აცხადებს  გელენიძე.
გელენიძე ამბობს, რომ პოლიციელებმა ასეთივე შინაარსის გაფრთხილება მასთან მისულ  გელენიძის 90 წლის ბებიასაც მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

კოალიციის ხობის რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა კიდევ ერთი მხარდამჭერის, თეონა სახამბერიძის დაშინების ფაქტზე საუბრობს.

მისი თქმით, თეონა სახამბერიძე  მანქანაში ჩაისვეს, თითქოს დასაკითხად ხობში მიჰყავდათ, თუმცა, მისთვის არაფერი აუხსნიათ. თუ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას გააგრძელებდა, დაემუქრნენ დაპატიმრებით და უკან დააბრუნეს.