ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დადებული 16-წლიანი საპატიმრო მსჯავრი აბდულ ჭანტურიას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეეცვალა. მსჯავრდებულს სასჯელი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მითვისებისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებისთვის დაედო.
საქმის მასალების მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჭანტურიამ სოფელ ახალი ხიბულის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები შეისყიდა. 183 077 ლარის ღირებულების სამუშაოები ინდ.მეწარმემ არასრულყოფილად შეასრულა, თუმცა დოკუმენტების გაყალბების გზით, ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხა სრულად მიიღო. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოსა და მიღება-ჩაბარების აქტში მოცემულ მონაცემებს შორის სხვაობამ 15 973 ლარი შეადგინა.
მეორე ინსტანციის სასამართლოში სს საქმის განხილვის დროს, მსჯავრდებულის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე. რომლის საფუძველზე, სახელმწიფო ბრალდებამ სისხლის სამართლის კოლეგიისაგან, სასამართლო განხილვის გარეშე, ჭანტურიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს და დარწმუნდა, რომ მხარეთა შეთანხმების დროს დაცულია კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. სასამართლომ დანაშაულის სიმძიმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი სახე და ზომა სამართლიანად მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა აბდულ ჭანტურიას ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს დადებული მსჯავრი 8 წლამდე შეუმცირდა. აქედან 3 წელს ჭანტურია სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, დარჩენილი 5 წელი კი პირობით ჩაეთვლება.