სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ დარგში რეფორმის ჩატარებას მაშინ აქვს აზრი, თუ ეს ღონისძიება უახლოეს პერიოდში, ან ახლო მომავალში მაინც სასურველ შედეგს გამოიღებს. არასწორად ჩატარებული რეფორმა კი მხოლოდ ზარალის მომცემი და სახელმწიფო სახსრების უაზროდ ხარჯვაა და მეტი არაფერი.
იმისთვის, რომ მეცხოველეობაში თავიდან ავიცილოთ დაავადებები, გავზარდოთ სულადობა და პროდუქტიულობა, აუცილებელია კარგად აღჭურვილ და მაღალკვალიფიციურ ვეტერინართა სამსახურის შექმნა. ბოლო წლებში ამ დარგში ჩატარებულმა რეფორმამ, ჩემი აზრით, დადებითი შედეგი ვერ გამოიღო და პირიქით, ცხოველთა არადროულმა და არასრულფასოვანმა მკურნალობამ, ამ დარგში მომუშავე კადრების სიმცირემ, მკვეთრად დასცა ქვეყანაში როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ისე ღორის და ფრინველის სულადობა და შესაბამისად პროდუქციის წარმოება. გახშირდა ბრუცელოზის, ცოფის, ჯილეხისა და თურქულის დაავადებები.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2000 წელთან შედარებით 2008 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემირდა 131,9 ათასი სულით, მათ შორის ფურის და კამეჩის - 85,7 ათასი სულით, ღორის 35,5 ათასი სულით, ცხვრისა და თხის 24,0 ათასი სულით. სულადობის შემცირების თვალსაზრისით, მეტად სავალალო მდგომარეობაა აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში. ხოლო ღორის სულადობა საქართველოს ყველა რაიონშია შემცირებული. დაეცა მეფრინველეობის სულადობაც და 2000 წელთან შედარებით შეადგენს 1143,3 ათას ფრთას. იმერეთში შემცირებულია 448 ათასი ფრთით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 45,3, შიდა ქართლში - 101,7 ათასი ფრთით და ა. შ.
მეცხოველეობაში სულადობის შემცირებამ, ბუნებრივია, გამოიწვია მეცხოველეობის პროდუქტების შემცირებაც. 2000 წელთან შედარებით, 2008 წელს ხორცის რაოდენობა შემცირდა 54,2 ათასი ტონით, ღორის ხორცი - 23,5 ათასი ტონით, ცხვრისა და თხის - 5,0 ათასი ტონით და ფრინველის ხორცის - 800 ტონით.
ჯეროვანი მკურნალობის ჩაუტარებლობის გამო ბოლო ხანს მკვეთრად მოიმატა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემამ და 2000 წელთან შედარებით, 2008 წელს შეადგინა 46,3 ათასი სული. პირუტყვისდაცემის მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება იმერეთის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონები. ანალოგიურად, ღორის, ცხვრისა და ფრინველის დაცემის მაჩვენებლები მომატებულია სამეგრელო-ზემო-სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
მეცხოველეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების აზრით, იმის ბრალია, რომ ვეტერინართა კადრები უმოწყალოდ შეამცირეს და თითოეულ რაიონში მხოლოდ 2 ან 3 სპეციალისტი დატოვეს. რეფორმით გათვალისწინებული იყო რაიონებში შექმნილიყო სამეურნეო ანგარიშზე მომუშავე ვეტერინართა სამსახურები, რაც დღემდე არ განხორციელებულა. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი რაიონში ვეტექიმთა შტატების შემცირებისა!
საქართველოს რაიონებში შტატით დღეს მხოლოდ 120-მდე ვეტერინარი მუშაობს, მათ შორის ლანჩხუთის, ყაზბეგის, ამბროლაურის, აბაშისა და ხობის რაიონებში თითო ვეტექიმია! რუსთავის საქალაქო სამმართველოში შტატით 3 ვეტექიმია, ეს მაშინ, როცა ამ ქალაქში მეცხოველეობა საერთოდ არ არის! ხოლო მის მეზობელ უმსხვილეს გარდაბნის რაიონში მხოლოდ 2 ვეტექიმის შტატია გათვალისწინებული.
საგულისხმოა ისიც, რომ სამინისტროს ვეტერინარიის ზედამხედველობის დეპარტამენტში შედის 4 სამმართველო, სადაც 23 სპეციალისტი მუშაობს, რაც, ჩემი აზრით, შტატების გაბერვაზე მიგვანიშნებს. ალბათ, უკეთესი იყო მათი ნახევარი რაიონებზე ყოფილიყო გათვალისწინებული.
როგორც ზემოთ მოყვანილი მასალებიდან ჩანს, ვეტერინარიაში ჩატარებულმა არასწორმა რეფორმამ ვერ გაამართლა და საჭიროა ამ მიმართულებით რადიკალური ზომების გატარება.
ავტორი: ირაკლი დვალი
საქართველოს რესპუბლიკა