რატომ გაუჩნდა ხობელ ირაკლი წურწუმიას პროტესტის გრძნობა და რამ მიიყვანა იგი ,,თანასწორობის ინსტიტუტამდე”?!

ირაკლი წურწუმია

დაკავების ახალი მეთოდები ხობის პოლიციაში

ზუგდიდის #4 საპყრობილეში 57 დღიანი პატიმრობისა და 5 000 ლარის გადახდის შემდეგ, „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი წურწუმია კვლავ თავისუფლებაში აღმოჩნდა. ის 7 აგვისტოს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. წურწუმია თავს დამნაშავედ არ ცნობს და ხობის პოლიციის უფროსის, კობა ხუბულავას მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

სწორედ პოლიციის მხრიდან დანაშაულის განზრახ ჩადენის პროვოცირებამ გაუჩინა ირაკლი წურწუმიას პროტესტის გრძნობა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მან „თანასწორობის ინსტიტუტთან“ ერთად გადაწყვიტა. პატიმრობის მოლოდინში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მოძალადეების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას  დღესაც არ ერიდება და საკუთართან ერთად სხვისი უფლებების დაცვას შეეცდება.


„ხობის პოლიციასთან ახლოს თუ ჩაივლით და განყოფილების უფროსს, კობა ხუბულავას გადაეყრებით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თავის დაკვრით სალამი არ დაივიწყოთ. თუ გასაუბრება მოგიხდათ, „ბატონო“ არ გამოგრჩეთ, თუკი მან გკითხათ, რა გინდა ან აქ რატომ დგახარ? სიფრთხილე გამოიჩინეთ და პასუხი არ გასცეთ, თავი დახარეთ, რამდენიმე წამი გაირინდეთ და მის გაცლას დაელოდეთ. სხვა შემთხვევაში მისი საკბილო გახდებით!“ ასეთი რჩევების მიცემა ხობელებმა ირაკლი წურწუმიას დაკავების შემდეგ დაიწყეს.

პოლიციის განყოფილებაში თავისი მეზობლის, ზვიად ხარებავას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მისულ ირაკლი წურწუმიას პოლიციის უფროსთან შეხვედრისას კეთილი სალამი არ დაუშურებია, მაგრამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ზრდილობად ჩათვალა და საკუთარ თავს განაჩენიც გამოუტანა. „ღამის პირველ საათზე ხარებავას დასთან ერთად პოლიციას მესამედ მივაკითხე, ნარკოლოგიური შემოწმებიდან გვიან შემოიყვანეს. შენობას პოლიციის უფროსი ავტომანქანით მიუახლოვდა. განყოფილებაში შემოსული კობა ხუბულავა მოულოდნელად უკან გამობრუნდა და იქ დგომის მიზეზი მკითხა. მე ახსნა დავაპირე, ის კი რატომღაც გაღიზიანდა და გინება დამიწყო, შემდეგ კი მუშტები მომიქნია. შოკირებული ვიყავი ასეთი მოულოდნელობით და მოგერიებას ვცდილობდი. სანაცვლოდ ხუბულავამ გინება და მუშტი ჩემგანაც მიიღო და ამის უარყოფას არც ახლა შევეცდები. ეს თავდაცვას უფრო ჰგავდა. აშკარა იყო, რომ ჩემი რეაქცია პოლიციის უფროსისათვის უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა. მან ტაბელური იარაღით ჩემი დაშინება სცადა, უფრო სწორად, მზად იყო გაესროლა. მისი შეჩერება პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს და იარაღი წაართვეს. შემდეგ ბორკილები დამადეს და ხუბულავას კაბინეტში გადამიყვანეს. ჩემს მიმართ სიტყვიერ შეურაცხოფას იგი კვლავ განაგრძობდა“, - იხსენებს ირაკლი წურწუმია.

ხობის პოლიციაში მომხდარ ინციდენტს თვითმხილველებიც ჰყავს, მაგრამ დღემდე ისინი არავის დაუკითხავს. გამოძიება არც ბრალდებულის ჩვენებით დაინტერესებულა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი წურწუმია დაკითხვას დაკავების პირველივე წუთებიდან ითხოვდა, იგი მხოლოდ 50 დღის შემდეგ, ზუგდიდის #4 საპყრობულეში, შედგა. ერთადერთი, ვინც ბრალდებულის ჩვენებით დაინტერესდა და საქმეში დაკითხვის ოქმი ვერ აღმოაჩინა, ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე იყო. ირაკლი წურწუმია: „როდესაც მოსამართლემ ჩემი დაკითხვის ოქმი ვერ იპოვა, გამომძიებელს განმარტება მოსთხოვა. დათო ახალაიამ კი შოთა სირაძეს შეახსენა, რომ ახალი კანონით, რომლის შესახებაც, ალბათ, მას ინფორმაცია არ აქვს, ეჭვმიტანილის დაკითხვა აუცილებლობას არ წარმოადგენს. გამომძიებლის პასუხით გაოგნებულ მოსამართლეს მოულოდნელად აღმოხდა, აბა რის საფუძველზე ვიმოქმედოო. პროკურატურის შუამდგომლობით იმოქმედეთ!  -  ურჩია ახალაიამ. ასეთ პირობებში კანონის უზენაესობაზე საუბარი უბრალოდ ცინიზმია“.

ირაკლი წურწუმია პოლიციის უფროსის დასჯას თუ არა, მისი მხრიდან ბოდიშის მოხდას მაინც ელოდა. იგი ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ განსასჯელის სკამზე თავად აღმოჩნდებოდა. წურწუმიასათვის თავზარდამცემი ის ბრალდებებიც აღმოჩნდა, რომელიც მას წაუყენეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის I ნაწილით ირაკლი წურწუმიას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 „მას შემდეგ, რაც ხარებავას დაკავების შესახებ შევიტყვე, თურმე პოლიციას მიუვარდი, პოლიციის თანამშრომლებმა კი წესრიგისკენ მომიწოდეს და შინ წასვლა მირჩიეს, მე მათ არ დავემორჩილე და 4 პოლიციელი სასტიკად ვცემე. თურმე, შემდეგ მოვიდა კობა ხუბულავა და მისი ცემაც დავაპირე. თურმე მისი კაბინეტი დავარბიე და სხვისი ქონება დავაზიანე. ის ვინც ჩემს დისკრედიტაციას ცდილობს, მის გასაგონად ვაცხადებ, რომ მე კრიმინალური წარსული არ მქონია და ხელმოცარული თაღლითებისგან განსხვავებით, ვინც ამგვარ ინფორმაციას მივრცელებს, უკანონობა არასოდეს ჩამიდენია. ის ვინც აცხადებს, რომ მე დაკავებისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ან არაფხიზელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, შეუძლია გამოძიების მასალებს გაეცნოს. ჩემთვის არანაირი ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ და საეჭვო მდგომარეობა არც არასოდეს მქონია“.

ზუგდიდის ციხე ირაკლი წურწუმიამ 5 ოქტომბერს დატოვა. 57 დღე 21_ე საკანში გაატარა. მისი თქმით, საპყრობილეში ცხოვრება მას არაადამიანურ პირობებში მოუხდა. 14 საწოლიან საკანში 25 პატიმარი იყო მოთავსებული და რიგ-რიგობით ეძინათ. ხელშეუხებელი მხოლოდ 71 წლის პატიმარი იყო, რომლის მიმართ დანარჩენები პატივისცემას იჩენდნენ და მუდმივ დასასვენებელს უთმობდნენ. 230 ადგილიან ზუგდიდის #4 საპყრობილეში ირაკლი წურწუმიამ 615 პატიმარი დატოვა.

ძალადობა საზოგადოებაში, სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში, ადამიანის უფლებების დარღვევა ყველა სფეროში გახდა იმის მიზეზი, რომ ირაკლი წურწუმიას პროტესტი ხმამაღლა გამოეთქვა. თავისუფლებაში პატიმრობას მას საპყრობილესი თავისუფლების აღკვეთა ურჩევნია. 22 ოქტომბერს, „თანასწორობის ინსტიტუტის~ რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების დღეს, ირაკლი წურწუმია ხობის მოსახლეობას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, გამეფებული შიშის დაძლევისაკენ მოუწოდებდა.

„თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და კუბლაშვილის უწყებები საზოგადოების მიმართ ძალადობას მიზანმიმართულად ახორციელებენ. „მათ შეუძლიათ ახალგაზრდების სიცოცხლე უმიზეზოდ მოსპონ, მკველებმა ფეხდაფეხ გვსდიონ, მაგრამ თავისუფლებისა და სიცოცხლის წყურვილს ჩვენში ვერ ჩაკლავენ. ირაკლი წურწუმიას უფლებებს ჩვენთან ერთად მთელი საზოგადოება დაიცავს და სააკაშვილის აღვირახსნილ ხელისუფლებას უკან დასახევს აღარ დაუტოვებს“.

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები საპროტესტო აქციის გამართვას ირაკლი წურწუმიას პროცესის პარალელურად გეგმავენ.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი